გამორჩეული მხატვარი მეამბოხე სულით - ქრისტინე რობაქიძის ორიგინალური ნამუშევრები გამორჩეული მხატვარი მეამბოხე სულით - ქრისტინე რობაქიძის ორიგინალური ნამუშევრები />


  10:46:30     25-06-2015

გამორჩეული მხატვარი მეამბოხე სულით - ქრისტინე რობაქიძის ორიგინალური ნამუშევრები

a39023.jpg

ქრისტინე რობაქიძე ქუთაისში მოღვაწე, 27 წლის მხატვარია. ამბობს, რომ მისთვის მხატვრობა პროფესიის გარდა ყველაფერია. ქრისტინეს ხელწერა ორიგინალური და გამორჩეულია. ნახატებიდან იგრძნობა მეამბოხე სული და პროტესტი. ქრისტინეს უკეთ გასაცნობად, მას Presa.ge დაუკავშირდა.

-    ვინაა ქრისტინე რობაქიძე, მომიყევით თქვენს შესახებ.

-    ქრისტინე მხატვარია ,რომელიც უკვე 2 წელია თითქმის აღარ ხატავს.. დავიბადე და გავიზარდე ქუთაისში, დღემდე აქ ვცხოვრობ, რამდენჯერმე მქონდა ამ ქალაქის დატოვების მცდელობა, მაგრამ უშედეგოდ. ალბათ ეს ქალაქი ჩემი ბედისწერაა. რამდენიმე წლის წინ ვენის ხელოვნების აკადემიაში ვაპირებდი სწავლის გაგრძელებას, ბოლო ეტაპი ვეღარ გადავლახე, ეს ის აკადემია იყო სადაც ჰიტლერმა ვერ ჩააბარა, მოკლედ მეც იგივე ბედი მერგო. როცა ვერ ჩავაბარე ფეისბუქზე ამ ფაქტზე ვიხუმრე,  მეც თუ გავბოროტდი, ვენის ხელოვნების აკადემიას დააბრალეთ-მეთქი.

-    რამდენი ხანია, რაც  ხატვა დაიწყეთ?

-    ბავშვობიდან ვხატავ.. დედაჩემი იხსენებს, რო ჯერ კიდევ ვერ ვლაპარაკობდი როცა ვხატავდი. აბსოლიტურად ყველა ნახატი, თუ ნაჯღაბნი შენახული აქვს. ალბათ მოგვიანებით რომ გადავწყვიტე, მეხატა, დედაჩემს „მიუძღვის ბრალი“. პირველი ნახატი იყო „ცხვირგატეხილი ქრისტინეს ავტოპორტრეტი“. შემდეგ იყო „მომღერალი ყვავილი“, „ძილის დრო“. პატარა რომ ვიყავი ზვიად გამსახურდას პორტრეტიც დავხატე. ძალიან მიყვარს ბავშვობის ნახატები.  კარგი იქნებოდა, ახლაც ასე შემეძლოს ხატვა, თავისუფლად, ყოველგვარი შიშებისა და კარგად ხატვის მცდელობის გარეშე.

-    რა არის თქვენთვის მხატვრობა : პროფესია, ჰობი, ინსპირაცია... ?

-    ხატვა ჩემთვის  პროფესიის გარდა ყველაფერია.  ძალიან მაწუხებს რომ კრიზისი მაქვს ბოლო წლებია, თუმცა იქნებ ეს ის აუცილებელი პერიოდია,როცა რაღაც უნდა დამიგროვდეს და მერე (იმედი მაქვს) რაღაც ძალიან კარგი გავაკეთო.

-    როგორი გარემო გჭირდებათ ხატვისთვის, რა გაძლევთ მუშაობის სურვილს?

-    ხატვისთვის მჭირდება მარტო ყოფნა , სურვილს რაც შეეხება, ცოტა უცნაურად ჟღერს, მაგრამ ხშირად სხვასთან, ან საკუთარ თავთან კონფლიქტი მაიძულებს გავერიდო ყველაფერს და ვხატო.

-    რა თემატიკას ანიჭებთ უპირატესობას?

-    ასე ცალსახად ვერ ვიტყვი.

-    არსებობს მხატვარი, რომლის ნახატებსაც თქვენთვის ხატვის სურვილი გაუჩენია?

-    თინეიჯერობის წლებში ვფიქრობდი, რომ სალვადორ დალი იყო ერთადერთი და განუმეორებელი. ნახატიც დავხატე 15-16 წლიდამ : „მე დასალვადორ დალი...“.
რა თქმა უნდა გავიზარდე და გემოვნებაც და შეხედულებებიც შემეცვალა. ახლა ვერ გამოვყოფ ერთს, ხატვის სურვილს სხვა რამეები უფრო მიჩენს.

-    შეგიძლიათ დაასახელოთ ყველაზე გამორჩეული და საყვარელი ფერწერული ტილო?

-    მმ, ბევრია და ერთს ვერ ვიტყვი. თუმცა ვენაში როდესაც კლიმტის, ვან გოგის , შილეს და სხვების ნახატები ვნახე, ალბათ იმდენად დიიდი მოლოდინი მქონდა რომ რაღაც სასწაულს ვნახავდი, იმედები გამიცრუვდა. განსაკუთრებული ემოცია შაგალის და რედონის ნახატებმა მომიტანა.

-    მოგვიყევით თქვენი წარმატებების შესახებ.

-    მმ, არ ვიცი რა მოგიყვე. მქონდა გამოფენები საქართველოში, საქართველოს ფარგლებს გარეთ, მაგრამ ყველაზე უფრო რაც მეამაყება, არის ის რო,  ამერიკულმა ლიტერატურულმა ჟურნალმა ‘Bombay Gin’ , რომლის დამფუძნებელიც ალენ გინზბერგი იყო და ახლა ჩემი უსაყვარლესი ბიტნიკი მწერალი Anne Waldman რედაქტორობს, ჩემი ნახატები შეარჩია ერთ-ერთ ნომერში დასაბეჭდად , ასევე გამოვიდა თანამედროვე ამერიკელი მწერლების წიგნი, რომლის ყდაზეც ჩემი ნახატია.

-    როგორ ფიქრობთ, თქვენ რომ არ მუშაობდეთ (ქრისტინე ქუთაისის ტელევიზიის MegaTV-ის გადაცემის „შუადღის“ ერთ-ერთი წამყვანია), შეძლებდით მხატვრობით თავის რჩენას?
-    ვერა.

-    რას გეგმავთ სამომავლოდ?

-    მინდა ბავშვებისთვის სამხატვრო სტუდია გავაკეთო. ბავშვებთან ურთიერთობა კარგად გამომდის, თან მეც ვისწავლი და მათაც ვასწავლი 0

ავტორი: