03:05:33     13-06-2015
ქართველი დამნაშავეები წლის განმავლობაში გერმანიაში 250 მლნ ევროს პროდუქციას იპარავენ
ქართველთა დანაშაულებრივი ჯგუფები თავშესაფრის მინიჭების პროცედურებისთვის საჭირო დროს კრიმინალური საქმიანობისთვის იყენებენ. ამის შესახებ გერმანული გამოცემა Jungefreiheit.de წერს.
როგორც სტატიაშია აღნიშნული, მაისის შუა რიცხვებში პოლიციამ ხუთი ქართველი თავშესაფრის მაძიებელი დააკავა მაშინ, როდესაც მათ ქალაქ კობლენცში მაღაზია გატეხეს და 7 000 ევროს ღირებულების თამბაქოს ნაწარმი მოიპარეს. მომხდარის შემდეგ რაინლანდ-პფალცის რეგიონის შინაგან საქმეთა მინისტრმა, როჯერ ლევენცმა ფედერალურ მთავრობას მოუწოდა დააჩქაროს თავშესაფრის მინიჭების პროცედურები.
გერმანული გამოცემა Focus.de-ს ცნობით, ქართველები ძირითადად ძარცვასა და ქურდობაში არიან ეჭვმიტანილები. რაინლანდ-პფალცის რეგიონის მთავრობის ცნობით, ქართველების მიერ მსგავსი დანაშაულების ჩადენის შემთხვევები დრამატულად იზრდება. მათივე ცნობით, მხოლოდ გასულ წელს აღნიშნულ რეგიონში ქართველების მიერ ჩადენილი 1 067 დანაშაულია რეგისტრირებული, რაც ორი წლის წინანდელ მონაცემებთან შედარებით დაახლოებით ათჯერ მეტია.
Focus.de-ს ცნობით, ქვეყნის მასშტაბით კი წლის განმავლობაში ქართველი
დამნაშავეები დაახლოებით 250 მილიონი ევროს ღირებულების პროდუქციას
იპარავენ. ყველაზე ხშირია თამბაქოს, კოსმეტიკას და ალკოჰოლურ სასმელების
მოპარვის შემთხვევები.
სამართალდამცავი უწყებების ცნობით, არალეგალურად ან ტურისტების სტატუსით
ჩასული ქართველები თავშესაფრის მინიჭების პროცედურების დასრულებამდე დროს
სწორედ დანაშაულების ჩადენისთვის იყენებენ.