მოკლული ლაშა მახარაძის დედა ერთ-ერთი ნაფიცი მსაჯულის დაინტერესებაზე საუბრობს მოკლული ლაშა მახარაძის დედა ერთ-ერთი ნაფიცი მსაჯულის დაინტერესებაზე საუბრობს />


  17:07:02     05-06-2015

მოკლული ლაშა მახარაძის დედა ერთ-ერთი ნაფიცი მსაჯულის დაინტერესებაზე საუბრობს

a37842.jpg

მოკლული ლაშა მახარაძის ოჯახის ახლობლების განცხადებით, იმ შემთხვევაში, თუ გიორგი ოქროპირიძე საპატიმროს დატოვებს და მას დამნაშავედ არ სცნობენ, სამართლიანობას თავად აღადგენენ.

მოკლულის ახლობლები მოუწოდებენ ხელისუფლებას, დროულად მიიღონ ზომები, რომ მკვლელობაში ბრალდებულმა სასჯელაღსრულების დაწესებულება არ დატოვოს და „დაგეგმილი მკვლელობების სერია არ განახორციელოს“.

შეგახსენებთ, რომ გუშინ, 12-საათიანი მსჯელობის შემდეგ, ლაშა მახარაძის მკვლელობის საქმეზე, ნაფიცმა მსაჯულებმა გადაწყვეტილების მიღება ვერ მოახერხეს.

აღნიშნულ საქმეზე, ხელახალი განხილვა ნაფიცი მსაჯულების ახალი შემადგენლობით 10 ივნისს, 12:00 საათზე დაიწყება. ადვოკატის ინფორმაციით, იმ შემთხვევაში, თუ ნაფიც მსაჯულთა ახალი შემადგენლობა კვლავ ვერ შეძლებს ვერდიქტის მიღებას, განსასჯელი გიორგი ოქროპირიძე გამართლებულად ჩაითვლება.

თუმცა, გიორგი ოქროპირიძემ შესაძლოა, საპატიმრო დაწესებულება მანამდე დატოვოს, რადგან მას  წინასწარი პატიმრობის 9-თვიანი ვადა 12 ივნისს ეწურება.

შეგახსენებთ რომ გიორგი ოქროპირიძე ლაშა მახარაძის მკვლელობამდე ცოტა ხნით ადრე მარგველაშვილმა, შეწყალების კომისიის იმჟამინდელი უფროსის, ალექსანდრე ელისაშვილის რეკომენდაციით შეიწყალა. მიუხედავად იმისა რომ „ოქრიკა“ სასჯელს 19 წლის ლევან თალაკვაძის განზრახ მკვლელობის გამო იხდიდა და შეწყალების მომენტში, სასჯელის მხოლოდ მცირე ნაწილი ჰქონდა მოხდილი.

სწორედ ამიტომ, ოქროპირიძის შეწყალებით, საზოგადოებაში გაჩნდა ეჭვები მერკანტილური ინტერესების შესახებ. ეჭვები კიდევ უფრო გაძლიერდა მას შემდეგ, რაც გაირკვა რომ გიორგი ოქროპირიძის ადვოკატი, დღევანდელი ვიცე-სპიკერი მანანა კობახიძე იყო, ხოლო განსასჯელის დედა, „ქართული ოცნების“ აქტიური აქტივისტია.  

შეწყალებიდან რამდენიმე თვეში კი, ოქროპირიძე 27 წლის ლაშა მახარაძის მკვლელობაში დაადანაშაულეს. მას ხელი დაადო თავისმა მეგობარმა ბერძენიშვილმა და ჩვენებაში განაცხადა რომ პირადად დაინახა, თუ როგორ მოკლა „ოქრიკამ“ მახარაძე, რომელთანაც კონფლიქტი ჰქონდა. მიუხედავად ასეთი ჩვენებისა, ნაფიცმა მსაჯულებმა გადაწყვეტილება ვერ მიიღეს, რასაც მოკლულის დედამ ცრემლებით და პროტესტით უპასუხა.

„პრესა.ჯი“ მოკლული ლაშა მახარაძის დედას, ნინო დიდებულიძეს ესაუბრა.

ნინო დიდებულიძე: „ჩემი შვილის მკვლელმა სასჯელაღსრულების დაწესებულება არ უნდა დატოვოს, რადგან ის კიდევ ბევრ ახალგაზრდას შეიწირავს. გამწარებულია... მის დამოკიდებულებას ის სასამართლო პროცესებზეც არ მალავდა, იქ შეკრებილი ახალგაზრდების მიმართ და ანიშნებდა მათ რომ შუბლს გაუხვერეტდა.

- რატომ ვერ მიიღეს ნაფიცმა მსაჯულებმა გადაწყვეტილება, ხომ არ ფიქრობთ რომ მათზე ზეწოლა განხორციელდა?

- ვიტყვი, რომ ამ საქმესთან დაკავშირებით ნაფიც მსაჯულთა ინსტიტუტმა ვერ გაამართლა. იყო მათზე ზეგავლენა. ძალიან ცდილობდა ოქროპირიძის ადვოკატი დაკავშირებოდა ერთ-ერთ ნაფიც მსაჯულს, ეს ფაქტი განვაცხადე მოსამართლესთან, მაგრამ რატომღაც მან არ მიიღო ჩემი განცხადება, რომელიც პროკურატურასთან იყო შეთანხმებული.

თუმცა, ერთ-ერთი ნაფიცი მსაჯული თავიდანვე იყო დაინტერესებული. საერთო ადვოკატი ჰყავდათ მის ახლო ნათესავს, სიძეს და ოქროპირიძეს.

- ვის ინტერესებში შედის ის რომ თალაკვაძისა და თქვენი შვილის მკვლელობაში ბრალდებულმა ოქროპირიძემ სასჯელაღსრულების დაწესებულება დატოვოს?

- ვის ინტერესებში და მკვლელი ოქროპირიძისა და დედამისის, ცირა გოდერძიშვილის ინტერესებში შედის... მათ არ უნდათ სამუდამო პატიმრობა, რადგან მას ორი მკვლელობა აქვს ჩადენილი. მას ურჩევნია გარეთ იყოს და დახოცოს ხალხი...

- ცნობილია, რომ ოროპირიძემ საპატიმრო პრეზიდენტ მარგველაშვილის შეწყალების საფუძველზე დატოვა, ელისაშვილის რეკომენდაციით. თვლით თუ არა, რომ მარგველაშვილს განზრახ მკვლელობისთვის გასამართლებული პირები არ უნდა შეეწყალებინათ?

- მკვლელი არ უნდა გამოეშვათ გარეთ. არავითარ შემთხვევაში“.

ლაშა მახარაძის დედა და მოკლულის ახლობლები საპროტესტო აქციის გამართვასა და პროტესტის უკიდურესი ფორმების გამოყენებას აპირებენ იმ შემთხვევაში, თუ გიორგი ოქროპირიძე სასჯელაღსრულების დაწესებულებას დატოვებს. თუმცა, განსასჯელის დედა და ადვოკატი აცხადებენ რომ "ოქრიკა" უდანაშაულოა.

0

ავტორი: