18:52:09     02-06-2015
რას მიუსჯიან მკვლელობაში ბრალდებულ და მარგველაშვილის მიერ შეწყალებულ „ოქრიკას“?
შეწყალების კომიიის ყოფილი თავმჯდომარის, ალექსანდრე ელისაშვილის რეკომენდაციით, მარგველაშვილის მიერ შეწყალებული გიორგი ოქროპირიძე განაჩენს ელოდება. „ოქრიკა“ ლაშა მახარაძის მკვლელობაშია ბრალდებული. გამოძიების მიხედვით, მან ვაკეში, ლაშა მახარაძე განზრახ მოკლა.
აღსანიშნავია რომ გიორგი ოქროპირიძე, მახარაძის მკვლელობამდე სასჯელს ლევან თალაკვაძის განზრახ მკვლელობის გამო იხდიდა. თუმცა, „ოქრიკა“, შეწყალების კომისიის იმჟამინდელი უფროსის, ალექსანდრე ელისაშვილის რეკომენდაციით, პრეზიდენტმა მარგველაშვილმა შეიწყალა.
ციხიდან გამოსვლის შემდეგ, როგორც საბრალდებო დასკვნაში წერია, გიორგი ოქროპირიძემ ვაკეში, 27 წლის ლაშა მახარაძე მოკლა, რომელსაც მკვლელობამდე ცოტა ხნით ადრე ძმა და ძმის ოჯახი ავარიაში გარდაეცვალა. მას მხოლოდ დედაღა დარჩა, რომელიც დღეს, ოქროპირიძის მკაცრად დასჯას ითხოვს. ოქროპირიძე ბრალდებას უარყოფს, თუმცა, "ოქრიკას" ხელს ადებს მისივე მეგობარი ბერძენიშვილი, რომელიც გამოძიების განცხადებით, მკვლელობის დროს მასთან ერთად იმყოფებოდა.
მიუხედავად იმისა რომ მარგველაშვილ-ელისაშვილის მრუდე გადაწყვეტილებამ, შედეგად ლაშა მახარაძის მკვლელობა მოიტანა, პრეზიდენტს დღემდე არც ბოდიში მოუხდია და არც განმარტება გაუკეთებია.
„პრესა.ჯი“-ს ინფორმაციით, მარგველაშვილმა, გიორგი ოქროპირიძის გარდა, განზრახ მკვლელობის მუხლით გასამართლებული კიდევ რამდენიმე პატიმარი შეიწყალა, რომლებმაც შესაძლოა, მახარაძის მსგავსად კვლავ ჩაიდინონ მძიმე დანაშაული.
მეტიც, გიორგი მარგველაშვილი, რომელიც ხალხმა ბიძინა ივანიშვილის ხათრით აირჩია, დღესაც აგრძელებს ნეპოტიზმის პრინციპით პატიმრების შეწყალებას.
მაგალითად, მარგველაშვილმა შეიწყალა სამჯერ გასამართლებული საკუთარი ცოლის ძმა. მაკა ჩიჩუას ძმას, ბოლოს ანუ 2011-ში, 13 წელი მიუსაჯეს და ის ჯგუფურად ჩადენილი მკვლელობის მცდელობისთვის იყო მსჯავრდებული.
რაც შეეხება ლაშა მახარაძის მკვლელობას, გიორგი ოქროპირიძის მიმართ განაჩენი ხუთშაბათს გამოცხადდება. სწორედ ზეგ გაირკვევა, რას მიუსჯიან მახარაძის მკვლელობაში ბრალდებულ და მარგველაშვილის მიერ შეწყალებულ "ოქრიკას".
0