20:35:28     25-05-2015
საქართველოს დამოუკიდებლობის დღის გენერალური რეპეტიცია
დღეს, საქართველოს შეიარაღებულმა ძალებმა, დამოუკიდებლობის დღისათვის, გენერალური რეპეტიცია, თავისუფლების მოედანზე გამართა. სამხედრო-საჩვენებელი კომპონენტის ბოლო დეტალები, სამხედრო მოსამსახურეებმა, გენერალური შტაბის უფროსთან, გენერალ-მაიორ ვახტანგ კაპანაძესთან ერთად გაიარეს.
ფიცის დადებისათვის, საქართველოს შეიარაღებული ძალების, საწყისი-საბრძოლო მომზადების ცენტრის, ახალწვეულთა პირადი შემადგენლობა ემზადება. ლეონიძისა და ლესელიძის ქუჩებიდან, თავისუფლების მოედანზე, შეიარაღებული ძალების, სხვადასხვა კოლოფი მარშით შემოვიდა: 40 მედროშე, ავღანეთიდან „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიიდან დაბრუნებული, V ქვეითი ბრიგადის, 51-ე ბატალიონის, 240 სამხედრო მოსამსახურე, I ქვეითი ბრიგადის, მე-12 ბატალიონის ასეული, ავიაციისა და საჰაერო თავდაცვის სარდლობის პირადი შემადგენლობა, დავით აღმაშენებლის სახელობის, ეროვნული თავდაცვის აკადემიის 40 ოფიცერი და 125 იუნკერი, გენერალ გიორგი კვინიტაძის სახელობის კადეტთა სამხედრო ლიცეუმის 40 კადეტი, ქართულ-ამერიკულ ერთობლივ სწავლებაში „ღირსეული პარტნიორი“ მონაწილე ამერიკელი სამხედრო, ასევე შსს-ს სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის დეპარტამენტი. დღესვე, რეპეტიცია გაიარა ეროვნული გვარდიის სამხედრო-საჩვენებელმა ორკესტრმა და რიტუალების ასეულმა.
გენერალური რეპეტიცია, თბილისის ცაზე, ავიაციის მონაწილეობის გადაფრენით დასრულდა. 3 ერთეული „იროკეზის“ ტიპის შვეულმფრენმა, 3 ერთეული L-39 ტიპის თვითმფრინავმა „ალბატროსმა“ და 3 ერთეული SU-25 ტიპის თვითმფრინავმა, „მიმინომ“ დედაქალაქის თავზე, თავისუფლების მოედნიდან, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონისა და გლდანის რაიონის გავლით, თბილისის ზღვის მიმართულებით, სავარჯიშო ფრენა განახორციელეს.
26 მაისს დაგეგმილ საზეიმო ღონისძიებებთან დაკავშირებით, თავისუფლები მოედანზე, უკვე გამოფენილია სამხედრო ტექნიკა, შეიარაღება და აღჭურვილობა.
0