11:30:48     16-03-2011
ავღანეთში დაღუპული ქართველი სამხედრო სამშობლოში ჩამოასვენეს
კაპრალ ვალერი ვერსკიანის ცხედარი საქართველოში დღეს ჩამოასვენეს. კაპრალი ავღანეთში სამშვიდობო მისიის შესრულებისას 5 მარტს ნაღმზე აფეთქდა და მძიმედ დაიჭრა (აფეთქების შედეგად მან ყელის არეში სამი ჭრილობა მიიღო). ის მკურნალობას გერმანიის სამხედრო ჰოსპიტალში გადიოდა. ექიმების მცდელობის მიუხედავად მისთვის სიცოცხლის შენარჩუნება ვერ მოხერხდა.
აეროპორტში ცხედრის ჩამოსვენების ცერემონიალს საქართველოს თავდაცვის მინისტრი ბაჩო ახალაია, გაერთიანებული შტაბის უფროსი, გენერალ-მაიორი დევი ჭანკოტაძე, თავდაცვის სამინისტროს სამოქალაქო ოფისის და გაერთიანებული შტაბის ხელმძღვანელი პირები და აშშ-ის ელჩი საქართველოში ჯონ ბასი დაესწრნენ.
„დღეს მოხდა გერმანიიდან ჩამოსვენება კაპრალ ვერსკიანის, რომელიც რამოდენიმე დღის წინ იყო დაჭრილი ჰელმანდის პროვინციაში ოპერაციის დროს. მძიმე დაჭრის შედეგად მოხდა მისი გადაყვანა გერმანიის ერთ-ერთ საუკეთესო ამერიკულ სამხედრო ჰოსპიტალში, მაგრამ მიუხედავად მცდელობისა, ვერ მოხერხდა მისი გადარჩენა, სამწუხაროდ ის დაიღუპა. მე მინდა მივუსამძიმრო უპირველეს ყოვლისა მისი ოჯახის წევრებს, ამავდროულად მინდა მივუსამძიმრო მის თანამებრძოლებს, ვისთვისაც ეს განსაკუთრებით დიდი დანაკარგია და მინდა მივუსამძიმრო მთელ საქართველოს ასეთი ვაჟკაცის დაკარგვა,“ განუცხადა ჟურნალისტებს თავდაცვის მინისტრმა.
აშშ-ის ელჩმა საქართველოში ჯონ ბასმა სამძიმარი გამოუცხადა კაპრალ ვერსკიანის ოჯახის წევრებს, თანამებრძოლებს, მეგობრებს - „ამერიკის მთავრობის და ამერიკელი ხალხის სახელით, მინდა ღრმა მწუხარება გამოვთქვა კაპრალ ვერსკიანის დაღუპვის გამო... ის შეეწირა სამშობლოს სამსახურს და იმ პრინციპებს, რომლებსაც საქართველო და ამერიკა ამ რეგიონში ემსახურებიან“.
როგორც თავდაცვის მინისტრის მოადგილემ ნოდარ ხარშილაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, კაპრალ ვალერი ვერსკიანის ცხედარს მშობლიურ სოფელში ვერტმფრენით ხვალ გადაასვენებენ. დაკრძალვასთან დაკავშირებულ ყველა ხარჯს თავდაცვის სამინისტრო საკუთარ თავზე აიღებს. გარდაცვლილი კაპრალის ოჯახი კანონით განკუთვნილი სოციალური პაკეტით იქნება უზრუნველყოფილი.
კაპრალი ვერსკიანი 32-ე ბატალიონის შემადგენლობაში ISA-ის სამშვიდობო მისიის ფარგლებში ჰელმანდის პროვინციაში მსახურობდა. ის საქართველოს შეიარაღებულ ძალებში 2007 წლიდან ირიცხება.
საქართველოს თავდაცვის სამინისტრო, კიდევ ერთხელ ღრმა მწუხარებას გამოთქვამს ქართველი სამხედროს დაღუპვის გამო და უსამძიმრებს მის ოჯახს.
www.mod.gov.ge/
0