ზაზა გაბედავა ბესიკ ხარძიანის სავარაუდო მკვლელის ფოტოს ავრცელებს ზაზა გაბედავა ბესიკ ხარძიანის სავარაუდო მკვლელის ფოტოს ავრცელებს />


  15:59:38     18-05-2015

ზაზა გაბედავა ბესიკ ხარძიანის სავარაუდო მკვლელის ფოტოს ავრცელებს

a36984.jpg

“კავკასიურ-იბერიული გამგეობის” მოსკოვის ფილიალის თავმჯდომარე ზაზა გაბედავა ირწმუნება, რომ ბიზნესმენ ბესიკ ხარძიანის მკვლელის ფოტოს ფლობს. გაბედავა აცხადებს, რომ ეს არის კადრი ქუჩაში დამონტაჟებული კამერიდან და ის მას ქართული სპეცსამსახურის თანამშრომელმა მიაწოდა.

ზაზა გაბედავა: ფოტო ქუჩის კამერებით არის გადაღებული, სადაც ჩანს, როგორ გარბის ბესო ხარძიანის მკვლელი. კონკრეტულ ადამიანს, ვინც ეს ფოტო მომაწოდა, არ დავასახელებ, ფოტოზე აღბეჭდილი პირის შესახებ სხვა ინფორმაციას არ ვფლობ. ფაქტი ის არის, რომ მოსკოვში მყოფ კაცს გამომიგზავნეს მკვლელის ფოტო. რომ ვერ იძიებენ საქმეს, იმიტომ გამოვაქვეყნე სურათი ახლა. ძალიან მარტივად შეიძლება ამ ფოტოსურათით ნახონ აეროპორტის ჩანაწერები და დაადგინონ ამ კაცის გვარი და სახელი.

„პრესა.ჯი“-მ გაბედავას მიერ გავრცელებულ ფოტოზე კომენტარი საქართველოს მთავარ პროკურატურას სთხოვა, თუმცა უწყებაში მკვლელობის შესახებ არანაირ კომენტარს არ აკეთებენ. შესაბამისად, უცნობია, რა ეტაპზეა გამოძიება, რომლის გახსნასაც, პროკურატურის მაღალჩინოსნები, უახლოეს პერიოდში აანონსებდნენ. ამ საქმის შესახებ, ითქვა, რომ სავარაუდო მკვლელის ფოტორობოტი, შედგენილია. გავრცელებული ინფორმაციით, ის, სლავური გარეგნობის ჩეჩენია, რომელიც მკვლელობამდე, სულ ცოტა, 6 თვის განმავლობაში, საქართველოში ცხოვრობდა და მკვლელობიდან მოკლე ხანში, ქვეყანა დატოვა.

რაც შეეხება ბესიკ ხარძიანების ადვოკატს, როგორც მალხაზ სალაყაიამ „პრესა.ჯი“-ს უთხრა, ფოტო ერთ-ერთ გაზეთში ნახა. „მე არ ვიცი რა წყაროზე დაყრდნობით აცხადებს ბატონი გაბედავა, რომ ხარძიანის მკვლელის ფოტოს ფლობს და რეალურად არის თუ არა ის მკვლელი. პროკურატურაში მსგავსი რამ არ მომისმენია. შესაბამისად, ამ ფოტოზე კომენტარს ვერ გავაკეთებ“,- აღნიშნა ადვოკატმა.

ზოგადად საქმის მიმდინარეობას რაც შეეხება, სალაყაიას თქმით, გამოძიების პროცესში ახალი დეტალის აღმოჩენის შესახებ პროკურატურას ხარძიანის ადვოკატი საქმის კურსში არ ჩაუყენებია. „რაც ბოლო კომენტარში ვთქვი, მას შემდეგ სიახლის შესახებ ჩემთვის პროკურატურას არაფერი უთქვამს,გამოძიებას უკვე აქვს დასაბუთებული ვარაუდი მკვლელის ვინაობაზე. რაც შეეხება კითხვას ეჭვმიტანილმა საქართველოს ტერიტორია დატოვა თუ არა, ამაზე გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე არ ვიუასბრებ“,- განუცხადა „პრესა.ჯი“-ს ადვოკატმა.

შეგახსენებთ, რომ ბიზნესმენ ბესიკ ხარძიანს მიმდინარე წლის 28 მარტს, უცნობმა პირმა საკუთარი სახლის სადარბაზოში მოტოციკლიდან რამდენჯერმე ესროლა. ბიზნესმენი თავსა და ფეხში იყო დაჭრილი, ბესიკ ხარძიანი მიყენებული ჭრილობებისგან საავადმყოფოში მიყვანიდან რამდენიმე წუთში გარდაიცვალა. ხარძიანები აცხადებენ, რომ მკვლელობა შეკვეთილია. მკვლელობის მიზეზად კი "კუს ტბას" ასახელებენ. ბესო ხარძიანი კომპლექსის მფლობელი იყო, სანამ სამართალდამცველებმა ნარკოდანაშაულისთვის არ დააკავეს. მას ბრალად ედებოდა, დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო დამზადება-წარმოება, შეძენა-შენახვა და გადაზიდვა-გასაღება. მოკლულის ახლობლები აცხადებენ, რომ ბოლო პერიოდში ის ხშირად საუბრობდა იმის შესახებ, რომ მას მოკლავდნენ. დაჩი ცაგურიამ საავადმყოფოსთან შეკრებილ ჟურნალისტებს უთხრა: "ბესო ხარძიანი ამბობდა, რომ იგი შეიძლება მოეკლათ. პირადად ჩემთვისაც უთქვამს და ძალიან ბევრი სხვა ადამიანისთვისაც".  

მამის დასაფლავებინად მალევე ხარძიანის ვაჟიშვილმა, - მიხეილ ხარძიანმა სკანდალური განცხადება გააკეთა და მამის მკვლელად, გარდაცვლილის ამჟამინდელი მეუღლე, - ეკა ნონიკაშვილი დაასახელა.

0

ავტორი: