კიდევ ერთი გოგონა მოკლეს – ქალთა მკვლელობების საზარელი სტატისტიკა საქართველოში კიდევ ერთი გოგონა მოკლეს – ქალთა მკვლელობების საზარელი სტატისტიკა საქართველოში />


  11:35:22     18-05-2015

კიდევ ერთი გოგონა მოკლეს – ქალთა მკვლელობების საზარელი სტატისტიკა საქართველოში

a36961.jpg

საქართველოში ეჭვიანი ქმრების, შეყვარებულების მიერ ქალთა ჩაგვრას, მკვლელობებს, ბოლო არ უჩანს. ერთ-ერთი ასეთი საზარელი მკვლელობა 2 დღის წინ რუსთავში მოხდა. 23 წლის გვანცა კილაძეს დანით ყელისა და გულმკერდის არეში 14 ჭრილობა მიაყენეს. გოგონას დასახიჩრებული სხეული მეგობრობის გამზირზე მდებარე ერთ-ერთ სახლში, მისმა უახლოესმა მეგობარმა იპოვა. მკვლელობის სავარაუდო ჩამდენი პირი კი პოლიციამ შემთხვევის ადგილიდან სამ კილომეტრში უგონო მდგომარეობაში იპოვა.

როგორც რუსთავში ამბობენ, 23 წლის ბიჭმა, შეყვარებულის მკვლელობის შემდეგ თავის მოკვლა სცადა და დანით მიიყენა თვითდაზიანებები. როგორც ირკვევა, გიორგი მ. და გვანცა თანაკლასელები იყვნენ, გავრცელებული ინფორმაციით, ერთი პერიოდი შეყვარებულები იყვნენ, თუმცა იჩხუბეს და დაშორდნენ. მკვლელობის დღეს კი გიორგი გვანცას შემორიგებას ცდილობდა.

ეჭვმიტანილის მეზობლები ამბობენ, რომ მკვლელობის სავარაუდო ჩამდენმა რუსთავში ბინა 2 თვის წინ იქირავა. ბიჭი სახლში მარტო ცხოვრობდა, არავისთან კონტაქტობდა და მისი ბინიდან ხმაური არასდროს გამოდიოდა. მეზობლებს არც მკვლელობის დღეს გაუგიათ ხმამაღალი საუბარი ან კამათი. გოგონას გარდაცვალების შესახებ მას შემდეგ გაიგეს, როცა 21:00 საათზე ბინაში გვანცას მეგობარი მივიდა და ყელგამოჭრილი დაქალი ნახა. „უბრალოდ მუსიკების ხმა ისმოდა და კარი ოდნავ ღია იყო, მერე მეგობარი გოგონა მოვიდა და იმან იკივლა და იწივლა, სხვა არაფერი ვიცით. ეს გოგონა მასთან ადრე არადროს გვინახავს. იშვიათად მოდიოდა მასთან ვინმე, თვითონ ეს ყმაწვილი იყო მარტო აქ“,- აცხადებს გიორგი მ-ს მეზობელი.

მკვლელობის სავარაუდო ჩამდენი პირი ამჟამად რუსთავის საავადმყოფოს რეანიმაციულ განყოფილებაშია მოთავსებული, შესაბამისად, მისი დაკითხვა არ მომხდარა. არის თუ არა 23 წლის გიორგი ამ საზარელი მკვლელობის ავტორი, ამას იმედია გამოძიება დაადგენს, ფაქტი ერთია, რომ ბოლო წლების სტატისტიკური მონაცემები, ქალბატონების მკვლელობის ან თვითმკვლელობამდე მიყვანის, პიკს აღწევს.

სოფო ზურებიანის მკვლელობა

გასული წლის 14 მაისს თბილისში, ვარკეთილში 27 წლის სოფო ზურებიანი, რომელიც საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ტექნიკური აღრიცხვის არქივის სპეციალისტი იყო, ყოფილმა მეუღლემ ალექსანდრე ცოცხალაშვილმა მოკლა. სოფო ზურებიანის ყოფილი ქმარი ფინანსურ პოლიციასა და სპეცრაზმში მუშაობდა და სამსახურიდან გამომდინარე, იარაღის ტარების უფლება ჰქონდა. პოლიციამ იგი მკვლელობიდან რამდენიმე საათში დააკავა.

მკვლელობა სოფელ ოჩხამურში

ქობულეთის მუნიციპალიტეტში, სოფელ ოჩხამურში ქმარმა მეცხრე ბავშვზე ფეხმძიმე ცოლს ყელში ცული ჩაარტყა. მკვლელობის მიზეზი ეჭვიანობა გახდა. სამართალდამცველებმა მომხდარიდან რამდენიმე საათში ქმარი ხეზე ჩამომხრჩვალი იპოვეს.

სალომე ჯორბენაძის მკვლელობა

25 ივლისს მთელი საქართველო შეძრა ზესტაფონში, მდებარე პარკში მომხდარმა მკვლელობამ. ზესტაფონის რაიონული სამმართველოს თანამშრომელმა, სერგი საცერაძემ, 19 წლის ყოფილი მეუღლე, სალომე ჯორბენაძე სამსახურებრივი-საშტატო იარაღით მოკლა. მოკლულის დედა ამბობს, რომ ქორწინების განმავლობაში, ასევე დაშორების შემდეგ, სერგი სალომეზე სისტემატურად ახორციელებდა ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ ძალადობას და იარაღით ემუქრებოდა. კონფლიქტების მიზეზი ეჭვიანობა იყო. 

მარიამ წივწივაძის მკვლელობა

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში ლექტორი მარიამ წივწივაძე ყოფილმა მეუღლემ ლექციიდან გამოიყვანა, სასიკვდილოდ დაჭრა, შემდეგ კი თავი მოიკლა. მძიმედ დაჭრილი მარიამ წივწივაძე სასწრაფო დახმარების ჯგუფმა რესპუბლიკურ საავადმყოფოში გადაიყვანა, თუმცა მისი გადარჩენა ექიმებმა ვერ შეძლეს. ყოფილი ქმარი მაკას ტელეფონით მუქარის შემცველ შეტყობინებებს უგზავნიდა. მუქარის შემველი წერილების შესახებ დაზარალებულმა არაერთხელ მიმართა შს სამინისტროს. 

მკვლელობა დარჩეთში

18 ოქტომბერს გურჯაანის რაიონის სოფელ დარჩეთში, ურთიერთშელაპარაკებისას 70 წლამდე მამაკაცმა ცოლს ყელი გამოჭრა. მკვლელობაში ეჭვმიტანილი პოლიციამ რამდენიმე წუთში დააკავა.

მკვლელობა დევნილთა დასახლებაში

17 დეკემბერს თბილისში, თემქაზე, დევნილთა დასახლებაში ქალი საკუთარ სახლში მოკლული იპოვეს. ცხედარი მოკლულის შვილის მეგობრებმა აღმოაჩინეს. ოჯახში მხოლოდ დედა და შვილი ცხოვრობდნენ. საქმე არ გახსნილა.

მკვლელობა და თვითმკვლელობის მცდელობა კახეთში  

17 დეკემბერს მკვლელობა მოხდა თელავის ერთ-ერთ რაიონში. ნასვამმა კაცმა , შელაპარაკების ნიადაგზე ცოლი დანით გულ-მკერდის არეში დაჭრა. იგი საავადმყოფოში მიყვანისას გარდაიცვალა. კაცმა საკუთარი თავიც დაიზიანა და მუცლის არეში ჭრილობა მიიყენა, თუმცა ექიმებმა მისი გადარჩენა შეძლეს.

მკვლელობა ვალის გამო

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, 22 მაისს სოფელ უდეში ნასესხები ფულის გადაუხდელობის გამო დაწყებული ურთიერთშელაპარაკების დროს კაცმა 54 წლის ქალი მუცლის არეში სასიკვდილოდ დაჭრა. იგი ადგილზე გარდაიცვალა.

41 წლის მელეიქას მკვლელობა

8 ოქტომბერს საგარეჯოს რაიონის სოფელ ვერხვიანში ქმარმა ცოლი მოკლა. შსს-ს ინფორმაციით, ქმარმა ცოლის მოკვლა ჯერ იარაღით სცადა. მას შემდეგ, რაც გასროლა ვერ მოახერხა, ცოლს საკუთარი ავტომობილით დაეჯახა. 41 წლის მელეიქა ადგილზე გარდაიცვალა.

23 წლის გოგონას თვითმკვლელობა

31 ოქტომბერს აჭარაში 23 წლის გოგონა ჩამომხრჩვალი იპოვეს. გამოძიება თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით დაიწყო. გარდაცვლილი გოგონას მშობლები აცხადებდნენ, რომ გოგონას ოჯახური პრობლემები ჰქონდა.

ორი ქალის მკვლელობა ეჭვიანობის ნიადაგზე

თბილისში ეჭვიანობის ნიადაგზე მოკლეს 36 წლის ქალბატონი თბილისში. ყოფილმა მეუღლემ 2 შვილის დედა დანით რამდენიმე ჭრილობის მიყენებით მოკლა. ზუსტად 6 დღის შემდეგ თბილისში 25 წლის ახალგაზრდა მამაკაცმა ახალგაზრდა ქალბატონი, გულმკერდის არეში სასიკვდილოდ დაჭრა. ქალი გარდაიცვალა.

მკვლელობის მცდელობა ცეკვის გამო

22 აპრილს ჭავჭავაძის გამზირზე, ახალგაზრდა გოგონა დაჭრეს. 35 წლის ფრიდონ არჩვაძემ ვაკეში ერთ-ერთი ბანკის წინ ყოფილ ცოლს ხანჯლით მრავალი დაზიანება მიაყენა. მიყენებული ჭრილობების შედეგად დაჭრილ ქალბატონს თითის ამპუტაცია ჩაუტარეს, მას დასერილი ჰქონდა ყური, ხელები და კეფა.. "სოფო ხმლით ფეხებში იმიტომ გადავტეხე, არ მინდოდა, ეცეკვა"... შურისძიება არ ყოფილა. აბსურდული სიტყვა მგონია ეს. მე არ უარვყოფ, რომ საშიში ვარ სოფოსთვის. ის გავაფრთხილე, შვილებისთვის მიეხედა და არ ევლო ღამის კლუბებში. ფეხები სწორედ იმიტომ დავუზიანე, მინდოდა, ცეკვა ვერ შეძლებოდა. სიმართლე გითხრათ, ჩემი მთავარი მოტივი სწორედ ეს იყო, - სოფოს არ ეცეკვა. ყელში მაქვს ამოსული მისი ცეკვები. 2 წლის ბავშვი ჰყავს სახლში და იმას მიხედოს, ნუ დადის ღამის კლუბებში და სახლში გვიან ნუ ბრუნდება“,- თქვა განსასჯელმა სასამართლო პროცესზე.

თვითმკვლელობა რეპუტაციის გამო

საგარეჯოს რაიონის სოფელ ლამბალოში, 30 წლის ქალმა, რომელიც სავარაუდოდ ქმრის ღალატში ამხილეს, თავი მოიკლა. თვითმკვლელობას წინ ქმრის ნათესავების მიერ სახალხოდ დამცირება და ცემა უძღოდა. გავრცელებული ინფორმაციით, ქალბატონი საკუთარმა მამამაც უმოწყალოდ სცემა.

მკვლელობა თამარიანში

გასული წლის 20 მარტს 17 წლის გოგონა მოკლული იპოვეს თამარიანის რაიონში. პოლიციამ გოგონას მკვლელობის ბრალდებით, მისივე მეზობელი 51 წლის მამაკაცი დააკავა.

16 აპრილს მეუღლესთან ჩხუბის შემდეგ საჩხერეში 19 წლის გოგონამ თავი მოიკლა. 23 აპრილს ორხევში მცხოვრებ 72 წლის მაღაზიის გამყიდველს ყელი გამოჭრეს. მკვლელობაში ეჭვმიტანილი წარსულში ნასამართლევი ზაზა გ. პოლიციელებმა განზრახ მკვლელობის ბრალდებით ცხელ კვალზე დააკავეს. იმავე დღეს თერჯოლაში ახალგაზრდა მამაკაცმა დედა ბლაგვი საგნით მოკლა. თბილისში, წერეთლის გამზირზე კი მიმდინარე წლის 28 აპრილს ხანში შესულმა მამაკაცმა გერი გოგონა მოკლა.

8 მარტს რუსთავში, მე-11 მიკრორაიონში მდებარე 31-ე საერთო საცხოვრებელში 1963 წელს დაბადებულმა ოლეგ შუბითიძემ ყოფილ მეუღლეს, 30 წლის ბელა ძამსაშვილს მუცლის არეში დანით სასიკვდიო მრავლობითი ჭრილობა მიაყენა. თვითმხილველების თქმით, ოლეგ შუბითიძემ მომხდარის შესახებ პოლიციას თავად აცნობა. 14 მარტს თბილისში ახალგაზრდა მამაკაცმა 25 წლის ქალი ეჭვიანობის ნიადაგზე, გულმკერდის არეში მრავლობითი ჭრილობის მიყენებით მოკლა. საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1981 წელს დაბადებული სერგო ა. განზრახ მკვლელობის ბრალდებით დააკავეს.

0

ავტორი: