10:51:42     12-05-2015
დადგენილი საარსებო მინიმუმი და მოსახლეობის მოთხოვნა – რა გაძვირდა საქართველოში?

რამდენია საარსებო მინიმუმი? შესაძლებელია თუ არა ამ მინიმუმით ცხოვრება და რამდენად ემთხვევა ის მოსახლეობის რეალურ მოთხოვნებს?
საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ განახლებული სამომხმარებლო კალათა ასე გამოიყურება:
2015 წლის სამომხმარებლო კალათა მოიცავს 295 დასახელების სამომხმარებლო საქონელსა და მომსახურებას, რაც იდენტურია 2014 წლის სამომხმარებლო კალათის. განახლებულია სამომხმარებლო კალათაში შემავალი საქონლისა და მომსახურების წონები.
განახლებული სამომხმარებლო კალათა ასახავს მოსახლეობის დანახარჯების უახლეს სტრუქტურას, რაც უფრო საიმედოს ხდის სამომხმარებლო ფასების ინდექსს - ინფლაციის მაჩვენებელს.
სტატისტიკის ეროვნული ბიუროს ცნობით, ფასების შეგროვება ხდება ქვეყნის 5 დიდ ქალაქში: თბილისში, ქუთაისში, ბათუმში, გორსა და თელავში, საცალო ვაჭრობისა და მომსახურების ობიექტებზე. სამომხმარებლო კალათა იდენტურია ხუთივე ქალაქისთვის. კალათის ყველაზე დიდი წილი სურსათსა და უალკოჰოლო სასმელების ჯგუფზე მოდის, 30.74% (ზრდა 49 პუნქტი), რაც 2014 წლის დეკემბერში 2013 წლის დეკემბერთან შედარებით 2.5%-ით გაძვირდა.
შესაბამისად, ჯგუფის წვლილმა წლიური ინფლაციის მთლიან მაჩვენებელზე 0,78 პროცენტული პუნქტი შეადგინა
ფასების მნიშვნელოვანი ზრდა დაფიქსირდა ხილისა და ყურძნის ქვეჯგუფზე (21.2%). ფასები ასევე გაიზარდა შემდეგ ქვეჯგუფებზე: რძე, ყველი და კვერცხი (3.9%), თევზეული (3.2%). ფასები 1.3%-ით შემცირდა ზეთსა და ცხიმზე
ფასები გაზრდილია ავეჯის, საოჯახო ნივთებისა და სახლის მოვლის ჯგუფში 4%-ით; სასტუმროებში, კაფეებსა და რესტორნებში ფასები 3.9%-ით არის გაზრდილი; ალკოჰოლურ სასმელებსა და თამბაქოზე ფასები 2.5%-ით არის გაზრდილი მოცემულ პერიოდში ჯანმრთელობის დაცვის ფასები 6,7%-ით გაიზარდა, რამაც თვის ინფლაციის მთლიან მაჩვენებელზე 0,7 პროცენტული პუნქტით მოახდინა გავლენა. ფასები 13.8%-ით გაიზარდა სამედიცინო პროდუქციაზე, აპარატურასა და მოწყობილობებზე.
შესაბამისად, 2014 წლის დეკემბერში 2013 წლის დეკემბერთან შედარებით ინფლაციის დონემ საქართველოში 2% შეადგინა.
ბოლო პერიოდში, ლარის გაუფასურების ფონზე სამომხმარებლო პროდუქციაზე ფასების 10-15%-იანი მატება შეინიშნება.
ეკონომიკური განათლებისა და კვლევის ცენტრის ექსპერტის წარმომადგენლის ირაკლი მაკალათიას განცხადებით, სურსათისა და უალკოჰოლო სასმელები მინიმუმ 8.2%-ით არის გაძვირებული. ფასების საერთო დონე კი ბოლო ორ თვეში 2.5%-ით არის გაზრდილი.
მეოთხე კვარტალში ფასები მნიშვნელოვნად არის გაზრდილი საარსებო მინიმუმის შემადგენელ ძირითად პროდუქტებზე: ყველი - 14.2%; რძე - 6.1%; ღორის ხორცი - 6.1%; სიმინდის ფქვილი - 4.3%; შაქარი - 2.7%; პური - 1.9%. მნიშვნელოვნად შემცირდა ფასი კარტოფილზე - 42%-ით.
სოსო არჩვაძე, ექსპერტი ეკონომიკის საკითხებში "პრესა.ჯი"-სთან აცხადებს, რომ "ბოლო წლების პრაქტიკა ადასტურებს, რომ იცვლება სამომხმარებლო კალათის შემადგენლობა".
"დღეს არსებული 295 დასახელება სავსებით ლეგიტიმურია და საკმარისი. სხვა საკითხია ე.წ. წონა - რა წონას ვაკუთვნებთ თითოეულ დასახელებას. კითხვებს ბადებს, რამდენად არგუმენტირებულად არის მათ შორის პროპორციები გადანაწილებული. მაგალითად, გამოდის, რომ ჩვენი მოსახლეობა სასმელსა და თამბაქოზე ხარჯავს თითქმის ორჯერ მეტს, ვიდრე ტანსაცმელსა და ფეხსაცმელზე. ასეთ შემთხვევაში ჩვენი საზოგადოება სრულიად ასოციალური და მარგინალური ჯგუფებისგან უნდა შედგებოდეს. ამას კი ნამდვილად ვერ იტყვი ამდენი მაღაზიის, ბუტიკისა და ბაზრობის ფონზე.
მიმაჩნია, რომ სამომხმარებლო კალათა უნდა გადაიხედოს. სახელმწიფოებში, სადაც მაღალია მოსახლეობის შემოსავალი, სასურსათო ხარჯების წილი შედარებით დაბალია. ჩვენთან კი იყო დრო, როცა სურსათზე მთელი შემოსავლების 2/3-ს ვხარჯავდით. შემდეგ ეს მაჩვენებელი 60%-მდე შემცირდა, 57%-იც იყო, 45%-იც, ახლა კი 30%-ზე ცოტა მეტია. მაგრამ განვითარებულ ქვეყნებში სურსათზე დანახარჯი გაცილებით ნაკლებია. მაგალითად, ევროკავშირში, ხარჯების მთლიან მოცულობაში, სურსათის ხარჯები მხოლოდ 12%-ია. კიდევ უფრო ნაკლებია ეს მონაცემი აშშ-ში (8,1%) და შესაბამისად, ევროპელებს და ამერიკელებს მეტი თანხა რჩებათ სხვა მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად. რაც უფრო იზრდება ოჯახის შემოსავალი, მით უფრო უმცირდება ხარჯებში სურსათის წილი. მაგალითად, ჩვენი მოსახლეობის ყველაზე მდიდარი ნაწილი, საშუალოდ, საერთო შემოსავლებიდან სურსათზე 17%-ს ხარჯავს, ხოლო ყველაზე დაბალშემოსავლიანები კი - თითქმის ნახევარს.
159 ლარით ამ სამომხმარებლო კალათის შევსება გაჭირდება, მაგრამ, თუ მოსახლეობას გადავიყვანთ მხოლოდ პურზე, შაქარსა და ჩაიზე, რა თქმა უნდა, 159 ლარიც საკმარისი იქნება.
ფაქტია, რომ ჩვენი საარსებო მინიმუმი ვერ ასახავს რეალურ საჭიროებებს და არც სამომხმარებლო კალათის შესავსებად გვეყოფა. აუცილებლად უნდა გადაისინჯოს საარსებო მინიმუმი, მაგრამ ბოლო დროს ამ საკითხმა ხელისუფლებაში რატომღაც აქტუალობა დაკარგა".
0