14:14:37     24-04-2015
ხარძიანის სავარაუდო მკვლელი ჩეჩნური წარმოშობის უკრაინის მოქალაქეა? - რას ამბობს ადვოკატი?
გავრცელებული ინფორმაციით, ბესიკ ხარძიანის სავარაუდო მკვლელი ჩეჩნური წარმოშობის უკრაინის მოქალაქეა.
ტელეკომპანია „რუსთავი 2“- ის ინფორმაციით, გამოძიებამ დაადგინა, რომ სავარაუდო მკვლელმა ქვეყანა მომხდარიდან ერთ საათში დატოვა.
როგორც "კურიერისთვის" გახდა ცნობილი, მკვლელობის სავარაუდო შემსრულებელი 6 თვის განმავლობაში იმყოფებოდა საქართველოში და ის თბილისში უკრაინიდან არის შემოსული.
მისი იდენტიფიცირება სავარაუდოდ საზღვრის გადაკვეთის შემდეგ იმ ვიდეომასალით მოხერხდა, რომელიც გამოძიებამ სათვალთვალო კამერებიდან ამოიღო.
„პრესა.ჯი“ კომენტარისთვის საქართველოს მთავარ პროკურატურას დაუკავშირდა, თუმცა უწყება აღნიშნულთან დაკავშირებით ოფიციალურ კომენტარს არ აკეთებს.
მოკლე კომენტარით შემოიფარგლა ბიზნესმენ ბესიკ ხარძიანის ოჯახის ადვოკატი მალხაზ სალაყაიაც.
„პრესა.ჯი“: გავრცელებული ინფორმაციით, ბესიკ ხარძიანის სავარაუდო მკვლელი ჩეჩნური წარმოშობის უკრაინის მოქალაქეა, თუ ადასტურებთ ამ ინფორმაციას...
ადვოკატი: ვერაფერს დავადასტურებ, რადგან ეს ინფორმაცია მეც მედიით გავიგე...
- თქვენ რამდენიმე დღის წინ განაცხადეთ, რომ ეჭვმიტანილი არც ყმაწვილკაცია და არც შუახნის მამაკაცი ამასთან თქვით, რომ სავარაუდო დამნაშავემ ახლომდებარე ქუჩებზე გადაადგილებისას ბევრი მტკიცებულება დატოვა, რომელიც ამ დროისთვის გამოძიების მიერ უკვე შესწავლილი და იდენტიფიცირებულია, ემთხვევა თუ არა შეწავლილი მტკიცებულებები გავრცელებულ ინფორმაციას...
- ვერაფერს გეტყვით...
- ბესიკ ხარძიანის შვილმა, პირველი ქორწინებიდან მამის მკვლელობაში ბრალი დასდო ბიზნესმენის ქვრივს, რა შეგიძლიათ თქვათ ამ ბრალდებაზე...- გუშინაც გითხარით, რომ ოჯახი შოკირებულია ამ განცხადებით, შეფასება არ შეცვლილა.
მიმდინარე წლის 28 მარტს, უცნობმა პირმა საკუთარი სახლის სადარბაზოში ბიზნესმენ ბესიკ ხარძიანს მოტოციკლიდან რამდენჯერმე ესროლა. ის თავსა და ფეხში იყო დაჭრილი, ბესიკ ხარძიანი მიყენებული ჭრილობებისგან საავადმყოფოში მიყვანიდან რამდენიმე წუთში გარდაიცვალა. ხარძიანები აცხადებენ, რომ მკვლელობა შეკვეთილია. მკვლელობის მიზეზად კი "კუს ტბას" ასახელებენ.ბესო ხარძიანი კომპლექსის მფლობელი იყო, სანამ სამართალდამცველებმა ნარკოდანაშაულისთვის არ დააკავეს. მას ბრალად ედებოდა, დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო დამზადება-წარმოება, შეძენა-შენახვა და გადაზიდვა-გასაღება.
მოკლულის ახლობლები აცხადებენ, რომ ბოლო პერიოდში ის ხშირად საუბრობდა იმის შესახებ, რომ მას მოკლავდნენ.
0