18:40:10     23-04-2015
"ეს ფილმი სინათლის სხივია! ღრმად ადამიანური – მაშინვე საქართველოში მოგინდება წასვლა"
7 მაისიდან, საქართველოს კინოთეატრებში, ლევან კოღუაშვილის ახალი ფილმის - "შემთხვევითი პაემნების" ჩვენება იქნება.
"შემთხვევითი პაემნები", სევდით გაჯერებული კომედიაა და ქართული კინოტრადიციის გაგრძელება.
მთავარ როლებში მონაწილეობენ: ანდრო საყვარელიძე, ია სუხიტაშვილი, არჩილ ქიქოძე და კახი კავსაძე.
"ეს ფილმი სინათლის სხივია!" "ღრმად ადამიანური – მაშინვე საქართველოში მოგინდება წასვლა." საერთაშორისო პრესამ ფილმს ყველაზე მაღალი შეფასება მისცა.
ერთ-ერთი მაყურებელი ასე აფასებს ახალ ფილმს:
"ბოლო 20-25 წლის განმავლობაში ქართული კონემატოგრაფის თემა და იდეა სწორედ ნეგატივის პრინციპზე აეწყო. ამგვარმა ხელოვნებამ, სიკეთეზე მეტად, ვნება მიაყენა საზოგადოებას, გემოვნება შეუცვალა, მოლოდინი უარყოფითი ინერციული პერსპექტივებისკენ მიუმართა. მძიმე ცნობიერ და ყოფით საზოგადოებრივ ფონს სარეჟისორო ხედვებისა და მეთოდების გამარტივება დაერთო. უარყოფითი კინოთხრობით ნეგატივისადმი მიდრეკილი მაყურებლის მიმხრობა და აყოლიება ბევრად მარტივი იყო. ისევ ირღვეოდა პრინციპი: „არ ავნო!“
„სიწმინდის გზაზე ყვავილები იყო ჩამხმარი და ცოდვის გზაზე ღაღანებდა ხორცსავსე ლელი“ - წერს ბესიკ ხარანაული. ნეგატივი ყოველთვის უფრო მარტივია, რადგან მის გზაზე „ღაღანებს ხორცსავსე ლელი“... და რა უნდა იყოს ამაზე დიდი სატირა!
მეორე მხარეს „ჩამხმარი ყვავილებია“ და სიწმინდის გზა, ესეც სატირაა! მთავარია, ვის რა თვალსაწიერი აქვს, რომელ რეჟისორს - რა გადასახედი - ფანტომური თუ მარადიული!
ლევან კოღუაშვილი მეორე გზას ადგას, მის ფილმში ერთმნიშვნელოვანი არაფერია, ის ერთმნიშვნელოვნებამდე არ აკნინებს ადამიანს, შესაბამისად, სამყაროს. ალბათ ამიტომაც, რაც მეტია იუმორი მის ფილმში, მით მეტია ტრაგიზმი, რაც მეტია ხელმოცარულობის შეგრძნება, მით მეტია იმედი, რაც მეტია გაურკვევლობა, მით მეტია სინათლე, სადაც ყველა გზა იკვანძება, იქ უფრო მკაფიოა გამოსავალი...
ფილმის მთავარი გმირი სანდრო უხერხულობამდე კეთილშობილი ადამიანის ნიმუშია (პატიოსნება რომ უგერგილობაა და კეთილშობილებას უხერხულობა რომ შეიძლება ახლდეს, ესეც ხომ ამ სამყაროსეული ინტერპრეტაციაა). პერსონაჟის ასეთი ხასიათი საჭიროა არა მხოლოდ მინიმალისტური პრინციპისთვის „არ ავნო“, არამედ ბევრად მაღალი კატეგორიის სულიერი აზროვნებისთვის. ეს კი კიდევ უფრო მაღალი შედეგით გამოიხატა: ლევან კოღუაშვილისთვის მაყურებელი ცდისპირი კი არ არის, არამედ - მოყვასი!"
0