18:08:26     21-04-2015
მიწისა და ლექსის კაცი
"ეხ, კლდეო, კლდეო!მარადიულო ფიქრის დედავ, დუმილის ხატო და სანთელო, ჟამგადასულო ღვთაებავ, მარტოკაცო და მარტოსულო! არც დასაწყისი იცი შენ და არც ის - სად და როდის დასრულდები. ვერც არას ტალღა გაკლებს ყოველდღიური ლოკვითა და ვერც არას ქარი, შენს ხერხემალზე წიოკით მავალი.ხომ ასე დიდი და დიადი ხარ, მდგრადი და შეუღწეველი, მაინც საბრალოდ და ბეჩავად მეჩვენები.ვინ იცის, რა გაწუხებს, ისე როგორ გადაკეტე გულის კარები, რომ სატკივარს ამოოხვრის საშუალებაც არ მიეცი, როგორ დავიჯერო, რომ არც არა გაწუხებს და არც არა გიხარია რა.როგორ დავიჯერო, როგორ." - ასე ელაპარაკება კლდეს, თანამედროვე პოეტი - ტარიელ ხარხელაური, იდუმალი ენის შემგრძნობი და ყველგან და ყველაფერში უფლის მადლის მპოვნელი, ლირიკულ გმირს ძალდაუტანებლად რომ გადაულოცავს ფეხის დაკვრით – მიწის შეძვრას, ჩასუნთქვით – ცის ჩახრას, და ცასაც დაუმონებს, მიწასაც და მთლად ამ შეშლილ სამყაროსაც, სარკმელად სივრცეს უბოძებს და სანთელადაც აქცევს, საკმევლადაც, სალოცავადაც და მლოცველადაც.
მიწისა და ლექსის კაცი – ასე უწოდებენ პოეტს.
თვითონ კი ამბობს: - "თუ მკითხველს გულწრფელად ელაპარაკები, სათქმელს აუცილებლად მიიტან, რაც უნდა დიდი სახელები იყოს შენამდე და შენს შემდგომ. მთა უავტორო წიგნია, რომელსაც ჩემეულად ვკითხულობ. ბუნება უმთოდ ვერ წარმომიდგენია, ამიტომ გასაკვირი არც არის, რომ მთას ჩემს ლექსებში დიდი ადგილი ეთმობა.
ტარიელ ხარხელაური, ამ ლექსით ეხმიანება თანამედროვე რეალობას:
მამაკაცებში გადასახლდა დედათა სული,
დედაკაცებში მამაკაცთა სული ჩასახლდა,
ჩრდილი მოადგა, თალხი ჩრდილი, სიცოცხლის სურვილს,
ბნელ ხეობებში მიტოვებულს, ვგავარ ნასახლარს.
ვეღარც გადაღრღნილს ვიბაგუნებ მარჯვენას მკერდზე,
თავი მოვიკლა? არ მიტოვებს დრო სხვა არჩევანს,
ქართვლის დედებო, საქართველო შეიდგით მხრებზე,
რადგან კაცებმა უარი ვთქვით გადასარჩენად.
კვლავ ცივი სისხლი გადამივლის დაფლეთილ გულზე
,ხავსი მოედო, სისხლის ბორგვა ძალზე მდორეა,
თვალცრემლიანი ჩემს ჩამოღლილ სამშობლოს ვუმზერ
და ჩემი თავი გარდაცვლილი უკვე მგონია.
ვგავარ ჩემსავით დაყვითლებულს, ვცახცახებ ძვლებზე,
დამბლადაცემულს შემითრთოლებს ქარი მარჯვენას,
ქართვლის დედებო საქართველო შეიდგით მხრებზე,
რადგან კაცებმა უარი ვთქვით გადასარჩენად.
23 აპრილს, "ბიბლუსის გალერეა" გიწვევთ ამ გენიალური პოეტის საღამოზე. ხევსურულ და ფშაურ პოეზიას, მუსიკალურად, მთის მოტივებით, გააფორმებს - ნინო ბაშარული.
საღამოს დასაწყისი - 19:00
მის. - ი.ჭავჭავაძის 7
დასწრება თავისუფალია!