11:35:21     20-04-2015
ტურისტული კომპანიის დირექტორი თაღლითობის ბრალდებით დააკავეს
შსს-ს დეტექტივების სამმართველოს თანამშრომლებმა, აშშ-ს
საელჩოს უსაფრთხოების დეპარტამენტთან და მთავარ პროკურატურასთან
თანამშრომლობის ფარგლებში
, თაღლითობის ბრალდებით, ტურისტული კომპანია "ჯინო თრეველის" დირექტორი
დააკავეს.
"აღნიშნულმა მოქალაქემ, რომელიც ყოველწლიური ლატარია diversity visa lottery (ე.წ. ,,გრინ-ქარდის") გამარჯვებული იყო, ვიზა ვერ მიიღო მისი შეზღუდული რაოდენობის გამო და არ იქნა ჩანიშნული კონსულთან მისი გასაუბრება. დაზარალებულმა დასახმარებლად ტურისტულ კომპანია "ჯინო თრეველის" დირექტორს ნინო ს-ს მიმართა. ეს უკანასკნელი, სხვადასხვა ყალბი დაპირების გამოყენებით, თითქოსდა ,,გრინ-ქარდის" აღდგენის მიზნით, აშშ-ში საამისო პროცედურების მოსაგვარებლად, ასევე, ადვოკატის აშშ-ში გამგზავრებისა და მისი მომსახურებისათვის საჭირო თანხის სახით და ყალბი დოკუმენტების დამზადება-გამოყენების საშუალებით, მოტყუებით 8100 აშშ დოლარსა და 1000 ევროს დაეუფლა, რის შედეგადაც დაზარალებულ მოქალაქეს დიდი ოდენობით ზიანი მიაყენა", - აცხადებენ შსს-ში.
სამინისტროს ცნობით, სამართალდამცველებმა ნინო ს-ს პირადი ჩხრეკის, მისი საცხოვრებელი ბინისა და ტურისტული კომპანია "ჯინო თრეველის" ოფისის ჩხრეკის შედეგად სხვადასხვა ყალბი დოკუმენტი, მოქალაქეების პასპორტები, სხვადასხვა ორგანიზაციის ბეჭდები, კომპიუტერული ტექნიკა და 1000 აშშ დოლარი ამოიღეს. დაკავებული აღიარებს ჩადენილ დანაშაულს.
გამოძიება ყალბი დოკუმენტების
დამზადება-გამოყენების გზით დიდი ოდენობით განხორციელებული თაღლითობის
ფაქტზე მიმდინარეობს საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე -3 ნაწილის "ბ"
ქვეპუნქტით.
0