ვაჟა ფშაველას დიდი დღე ვაჟა ფშაველას დიდი დღე />


  16:53:27     19-04-2015

ვაჟა ფშაველას დიდი დღე

a35908.jpg

ვაჟა-ფშაველა ერთ-ერთი პირველთაგანი იყო, ვინც თერგდალეულთა პირველ ძახილზე მოვიდა. ის მოვიდა, როგორც ერის უკვდავი ძარღვის ნაწილი. ძარღვისა, რომელიც თურმე ისევ ცოცხლობდა მაღალი ციხეების ნანგრევებში და ერისკაცების სულში.

ვაჟა-ფშაველა საომრად მოვიდა. მან, როგორც მისმა დიდმა თანამებრძოლებმა, იცოდა, რომ ეს ბრძოლა  სამშობლოსთვისაა. სამშობლოსათვის ბრძოლაში კი ჯილდო არ არსებობს. ეს ბრძოლა გულის მოწოდებით, მარადიული ადგილის დედის მოწოდებით იწყება.

1915 წლის ივლისი. თბილისური ცხელი ზაფხული. წმინდა ნინოს სახელობის ლაზარეთში წევს ვაჟა-ფშაველა - ბრძოლით დაღლილი, ავი ძაღლებისგან დაკბენილი, მოწმალული ისრებით დაჭრილი, სალაშქრო ცხენებიდან ჩამოუსვლელი, მეომრის ცხოვრებით გატანჯული კაცი. ჯერ არ გამშრალა წიწამურის ველზე დაღვრილი სისხლი. არც არასოდეს აშრება. 

ილია ჭავჭავაძის ძმა, შვილი, თანამებრძოლი, დიდი პოეტი - ვაჟა ფშაველა, თავისი სიცოცხლის დასასრულთა მიმდგარა და მომავალზე ფიქრობს, თერგდალეულთა მიერ დაწყებული ლაშქრობის გაგრძელებაზე - ვინ მოდის, ვინ ჩაიბარებს დროშას, ვინ დადგება ტყვიის სამიზნეზე...

სამოციანელთა დიდი ლიტერატურული და საზოგადოებრივი ღვაწლი, მათი გმირული ბრძოლები და ისტორიული გამარჯვებები ყველაზე მეტად მათსავე შემოქმედებაში აისახა.  მათი ლექსები, მოთხრობები, პუბლიცისტური გამოსვლები, ლიტერატურული წერილები, გარკვეულწილად, მაშინდელი საქართველოს ავადმყოფობის ისტორიაა, რომელშიც ზუსტადაა აღნუსხული ავადმყოფის იმდროინდელი მაჯისცემა, სასიკეთო და შემაშფოთებელი სიმპტომები, ის სამკურნალო საშუალებები, ფიქრში გატეხილი ღამეებიდან რომ გამოჰქონდათ ერის მეთაურებს...

როცა სამოციანელ მწერალთა შემოქმედებისათვის დამახასიათებელ საერთო ნიშნებზე  ფიქრობ, არ შეიძლება თვალში არ მოგხვდეს პუბლიცისტური, პოლემიკური, კრიტიკული წერილების სიმრავლე მათ შემოქმედებაში. ესეც იმ დროს შექმნილმა კონკრეტულმა მდგომარეობამ მოითხოვა. ქართველ მწერალს არ შეიძლებოდა ჰქონოდა პროფესიული ფუფუნების ის უფლება, რაც თავისუფალი, გალაღებული ერის მწერლებს შეეძლოთ ჰქონოდათ. მწერლის ვიწრო პროფესია დასაზღვრული არ იყო - მისი გონება და გული ქვეყნის ყველა სფეროს უნდა გადასწვდენოდა, მის თვალს მისნური ძალით უნდა განეჭვრიტა მომავალი. 

რა ილიას საქმე იყო ბანკი? რა ვაჟას საქმე იყო შირაქის მიწებისათვის დავა და ჩარჩ-ვაჭრების დევნა?

მაგრამ ქვეყანას უჭირდა, მოშლილი იყო მისი ნერვული სისტემა და სისხლის მიმოქცევა, გაწყვეტილი იყო ერის უკვდავებისათვის მებრძოლ თაობათა ბუნებრივი მონაცვლეობა: აი, მაშინ გამოუტანეს მთვლემარე ქვეყანაში შემოჩვეულ "ლიტერატურულ ბულბულებს" უმკაცრესი განაჩენი "...აწ ზოგიერთმა უნაყოფო პოეტმა, ხელოვნების სახელით  უკუარიდოს პირი თავისი ხალხის ცხოვრებასა, მეშვიდე ცას შეაჩეროს გაბეცებული თვალები და ბულბულსავით უაზრო შტვენა დაიწყოს".

სამშობლოსათვის თავდადებულნი - ეს სიტყვა დააწერა შთამომავლობამ ილიას თანამებრძოლთა საფლავებს. სამოციანელთა სისხლითა და ცრემლითაა გაჟღენთილი ის დრო, რომელშიც მათ იშრომეს და იბრძოლეს, ის გზა, რომელიც გაიარეს.

ვაჟა-ფშაველას 1900 წელს დაუწერია ვრცელი ლექსი "ჩემი ახალი მეკვლე". ახალი წლის ღამეს, მწერალთან, მიდის ერთი ძველი ნაცნობი, რომელსაც უღალატია კაცური მრწამსისთვის, დაუჩოქია, მტერს შერიგებია... სამაგიეროდ, ტკბილი და უზრუნველი ცხოვრება მიუღია, ტანსაცმელი ჩაუცვამს "სწორედ სამეფო, რჩეული". ერთი სიტყვით, პოეტის წინაშე, მშობელი ხალხის გამყიდველი, ეროვნული იდეალების მოღალატე დგას და ეუბნება უმძიმეს უღელში შებმულ ერისკაცს:

"აბა ქვეყანამ რა მოგცა,მასზე ფიქრმა და შრომამა?იმის წყლულებზე წუწუნმა,

მის ორგულებზე წყრომამა?"

პოეტმა მეკვლედ არ მიიღო სულის გამყიდველი: - 

"ადე და წადი იმათთან,

ვინც მოგწონს, ვინაც კარგია.

სამარის კარამდე ვზიდავ, 

რაც ზურგზე მკიდავ ბარგია".

ეს ბარგი, ეს უძვირფასესი შემოქმედება ახლა ერის კუთვნილებაა - იქ დიდი სიბრძნე, სიკეთე და სიყვარულია...

ყოველწიურად, ზაფხულში, ერთ დღეს, დიდი ზეიმი იმართება ფშავის ხევზე. ხალხით ივსება ჩარგალი, ვაჟა-ფშაველას კარ-მიდამო. მოდიან, რომ ამ მაღალ მთებთან, ამ სწრაფი მდინარეების გვერდით კიდევ ერთხელ შეხვდნენ მას, კიდევ ერთხელ გაუსწორონ თვალი პოეტის სინათლესა და სიყვარულს, სატკივარსა და საფიქრალს. ამ დღეს უფრო მკვეთრად გამოჩნდება ხოლმე შემოქმედის უკვდავება - ვაჟა ფშაველას დიდი დღე.

ეს იმას ნიშნავს, რომ პოეტის ხმა არ დაძველებულა, გული არ გაცივებულა, მისი დღე არ ქცეულა გუშინდელ დღედ და საოცარი სილამაზით ბრწყინავს "კლდის თავს გაშლილი პირიმზე". 

ლუკა რაზიკაშვილის ყოველი ახალი წიგნი ხალხის შეხვედრაა თავის დიდ ეროვნულ მწერალთან.

შეხვედრაა ქუჩთან და იმედიან მთებთან.

შეხვედრაა მთის არწივთან და ზვიადაურის გაუტეხელ გულთან...

შეხვედრაა ატირებულ შვლის ნუკრთან და ბახტრიონს მიმავალ ლელა ბაჩლელთან...

თავისი მაღალი მთებიდან კიდევ ერთხელ გადმოდგება პოეტი და ისარივით ისვრის შეკითხვას: "კარგ ყმად ვინა ვთქვათ?!"

გაეცანით მის ერთ-ერთ წერილს,  რომელშიც ასახულია იმდროინელი ხალხის გულისტკივილი და სამწუხაროდ, საქართველოში, დღესაც აქტუალურია,  მოუგვარებადი ის პრობლემები.

რა არის თავისუფლება?

ძმობა, ერთობა, თავისუფლება. ამ სიტყვებით გაიჟღენთა არა მარტო ადამიანთა ყურები, არამედ ქვებიც კი; არა დროს ჩვენის ქვეყნის დაარსების შემდეგ, არა გვგონია ასე მძლავრად და საყოველთაოდ როდისმე ჰსმენოდეს საქართველოს ეს სამი სიტყვა, როგორც ესმა მას ამ წარსულ 1904-5 წლებში და დღესაც ესმის და მომავალ წლებშიც გაიგონებს.

მაშასადამე, უნდა ვიცოდეთ, გვესმოდეს თუ რაა ერთი, მეორე ან მესამე. ორს ტერმინს რომ სულაც თავი დავანებოთ და მხოლოდ მესამის ძალა, ე.ი. რას ჰქვიან თავისუფლება, ის შევიგნოთ, ესეც კმარა, რადგან ძმობა, ერთობა მარტოოდენ შტოებია იმ ხისა, რომელსაც თავისუფლება ჰქვიან. საცა არ არის თავისუფლება, იქ ვერ იპოვნით ძმობა-ერთობას, იქ შეჰხვდებით მხოლოდ მტრობას, ქიშპობას, ჭამა-გლეჯას და მგლობას; მგლების ბანაკი ერთის მხრით, ხოლო მეორეს მხრით ცხვრის ფარა, საცა ნავარდობენ მგლები... საცა მგლები ბუდობენ, იქ ცხვრები რას იხეირებენ? ან რა ძმობა შეიძლება მათ შორის?... თუ შეუძლებელია, მოუთავსებელი და მოუხერხებელი მგლებისა და ცხვრების შაერთება, რადღა ვყვირით, რად ვიძახით ამ ძმობა-ერთობას? ვიძახით და უნდა ვიძახოთ, მაგრამ მგლებს ხომ არ ვეძახით, არამედ დაქსაქსულ-დაფანტულს, დაწიოკებულს ცხვრებს, რომ მოუყარონ თავითავს, შაერთდენ, მოიფიქრონ როგორ მოუარონ თავისთავს, რათა მგლების საჭმელ ლუკმად აღარა ხდებოდნენ, უნდა გამოძებნონ საფარი და გზა სავალი... მგლებს ამ დროს იქ რა ესაქმებათ? ამ დაძახილზე ისინი თითქოს ყურსაც იყრუებენ, არც მოვლენ, ხოლო თავისიანებს, გაგიმარჯოსთ, რომ მგლებიც კი ძმობა-ერთობას უქადაგებენ. თუ ასე არ მოიქცნენ, ხომ დაეკარგათ ძალა და ცხვრებმა სათითაოდ, თუმც ამ უკანასკნელთ არა აქვთ გაალმასებული კბილები, გაათავეს რქებით და ჩლიქებით?! ძმობა ხომ იმას მოასწავებს, როცა ერთს მგელს გაუჭირდება, მეორე უნდა მიეშველოს. ეგრეთვე თუ ცხვარი-ცხვარს.

მაგრამ, მაგარი ის არის, რომ მგლებს ისე არ ესაჭიროებათ ერთობა, როგორც ცხვრებს, რადგან თვითეულს მგელს საკმაო ძალა აქვს ცხვრებთან საბრძოლველად, - ძალა, რასაკვირველია, ფიზიკური, რომელსაც ისინი ხმარობენ ცხვრებზე. ცხვრების ძლიერება კი ერთადერთი ზნეობრივი ძალაა...

დღესნამდის ჩვენ ცხვრები ვიყავით და ვართ კიდევაც, ხოლო ვინც მგლები არიან, ეს თქვენც კარგად იცით. ჩვენ ვიტანჯებოდით, ვირბეოდით და ამ რბევა-ცარცვამ გვაფიქრებინა მიგვემართნა ერთობისათვის, ერთი პირი, ერთი ფიქრი მოგვეპოვა და ამით შაგვეძინა ძალა... ჩვენ მოვისურვეთ თავისუფლება: განუკითხავად არ ეჭამა და ეპარსა ჩვენი თანამოძმენი მოსისხლე მხეცებს... ჯერჯერობით ამაში გამოიხატება ჩვენი წადილი თავისუფალი სიცოცხლისა, რომ ძალმომრეობას გზა მოვტაცოთ და თანდათან სრულიადაც მოვსპოთ იგი.

თავისუფლება ცოცხლებისთვისაა ხელსაყრელი და არა მკვდრებისთვის. იგი გამოიხატება ადამიანის ნდომა-მისწრაფებაში; თავისუფლება მოქმედებაა, განხორციელებაა ნებისა, აზრისა, გრძნობისა და არა განსვენება, უქმად ყოფნა. თავისუფლება პიროვნებისა და ერისა ერთიერთმანეთთან მჭიდროდ არის დაკავშირებული. სადაც არაა პიროვნება თავისუფალი, იქ ერი დამონებულია და დამონებულ ერში, რა თქმა უნდა, პიროვნებაც მონაა, უთავისუფლო, სხვის ხელში სათამაშო ნივთი.

იქ რა უნდა თავისუფლებას, საცა ჩემი ნაშრომ-ნაღვაწი სხვას მიაქვს? ჩემი ნაშრომის ნაყოფს ჩემდა უნებურად, ჩემ მიერ ნებადაურთველად სხვა ისაკუთრებს? მე ვტირი, ის იცინის და ჩემში მტაცებლის მიმართ მხოლოდ ზიზღი და გრძნობა შურისძიებისა სდუღს და გადმოდის. მინდა ვისწავლო და ნება არ მეძლევა; მინდა ჩემი საკუთარის ხარჯით დავაარსო უნივერსიტეტი და უარს მეუბნებიან; და სხვ. და სხვ...

არ მინდა ვილოცო ის მშვენივრად მორთულ-მოკაზმული კერპი, რომელსაც შენ ჰლოცულობ.

იქ ვინ ნახა თავისუფლება, საცა მე ჩემს დედაენაზე ლაპარაკს მიშლიან: არც მასწავლიან, არც მაუბნებენ, არც მამღერებენ, არც მაგალობებენ?! რა გული უნდა მქონდეს მაშინ? რას უნდა ვგრძნობდეთ?! - სხვას არაფერს, გარდა ზიზღისა, მძულვარებისა. მოწამლულ-მოშხამულია ჩემი სიცოცხლე, ვგრძნობ მხოლოდ უსიამოვნებას, სიძულვილს და ვწყევლი იმ ძალებს, იმ მგლებს, რომელნიც ყველა ზემორე აღნიშნულ საქმეში ხელს მიშლიან, წინ მეღობებიან და ვუცდი მარჯვე შემთხვევას შევმუსრო ისინი... როცა ეს დრო დგება და მეც მოქმედებას ვიწყებ ამ ძალთა შესამუსრავად, დასათრგუნად, მაშინვე იწყება ჩემი თავისუფალი ცხოვრება; აქ არის დასაწყისი თავისუფლებისა. და უკეთუ ვითმენ, ხმას არ ვიღებ, არაფერს ვამბობ, მაშინ ვარ მონა, არა მძულს ჩემი მჩაგვრელი ძალა; იქნება მძულს კიდეც, მაგრამ ამ მძულვარებას გულში ვმალავ; მაშინ ვარ ლაჩარი, უფრო საზიზღარი, ვიდრე მონაა. არა, მძულვარება როცა უკიდურესობამდეს მიდის, მაშინ ლაჩრული გრძნობა ისპობა, მაშინ ამბობს ადამიანი: ან მოვკვდები, ან ვძლევ ჩემს მტანჯველთ!..

არ იძლევა, არ დამარცხდება მჩაგვრელი ძალა, არ დაფრთხება მგლის ჯოგი, ვიდრე ამას არ იტყვის უმრავლესობა. იტყვის კი როდისმე ერი გადაჭრით, თავ-გამოდებით „სიკვდილი ან სიცოცხლე“ (ე.ი. თავისუფლება)?! - იტყვის და ამბობს კიდევაც, ამას ჩვენის თვალით ვხედავთ. აშკარად ვგრძნობთ ყველანი... მაშასადამე, სჩანს მისმა მძულვარებამ მგლებისადმი უკიდურესობამდე მიაღწია. თუ ეს ფაქტია, ნამდვილი მოვლენა, მაშინ იცოდეთ, სიკვდილი აღარ შეგვაშინებს, მაშინ ყველა მზად იქნება თავი დასდოს თავისუფლებისათვის და გამარჯვებაც უსათუოა. ამიტომ, ვიმეორებ. ვისაც თავისუფლება უყვარს და უნდა მისი დამყარება ქვეყნად, ჯერ უპირველეს ყოვლისა, უნდა შეიძულოს მთელის თავის არსებით, გულით და გონებით მტარვალნი და მტარვალობა. ეს არის მხოლოდ საშუალება, რომლის წყალობით ადამიანს შეუძლიან მედგრად იბრძოლოს და არ დაზოგოს სიცოცხლე თავისუფლების მოსაპოვებლად.. და რა არის ეს თავისუფლება, რატომ არ იკითხავთ? უკაცრავად ნუ ვიქნები, რომ მე ჩემებურად განვმარტო ეს სიტყვა: თავისუფლება ხალხისთვის მტარვალთაგან წართმეული ბედნიერებაა. ბედნიერებაწართმეულს რა ჰრჩება უბედურების მეტი? - არაფერი. კიდეც იმიტომ არის, რომ უბედურად ჰგრძნობს თავის თავს ყველა დამონებული, თავისუფლებას მოკლებული ერი და პიროვნება. წამრთმეველნი სარგებლობენ ამ ნაყაჩაღარის ბედნიერებით მხოლოდ ცოტახანს, რადგან ცხოვრების ლოღიკის წყალობით ეს ნადავლი, მოპარული ბედნიერება მტაცებელთათვის უბედურებად ხდება. გადაავლეთ თვალი მთელს რუსეთს და ჩვენს ქვეყანას, აშკარად დაინახავთ, რომ ეს ასეა. დღეს ხალხი იბრუნებს იმას, რაც წაართვეს და წართმეული გახლავთ, მოკლედ რომ ვსთქვათ, ბედნიერება - წამრთმეველი დღეს ტირის, ხოლო გაცარცული მღერის, მხიარულობს, რადგან დანაკარგს პოულობს. წართმეულს იბრუნებს. თავისუფლების ქურდები ბოლო ჟამს მუდამ დასჯილან. როდისა დგება ეს ბოლო ჟამი? - სწორედ მაშინ, როცა ხალხი თვალებს ახელს, როცა თავის ყოფა-მდგომარეობის აუტანლობასა ჰგრძნობს და ჰხედავს, გაიცნობს იმ შავ ძალებს, რომელთაც წაართვეს ბედნიერება, - სძულს ისინი უსაზღვროდ; სწორედ მაშინ ცდილობს შემუსროს თავის დამმონებელნი...

რას თხოულობს თავისუფლება ადამიანისაგან? როგორ უნდა იქცეოდეს თავისუფალი ადამიანი? - თავისუფალი ადამიანი უნდა იქცეოდეს ისე, რომ თავის ყოფაქცევით სხვას არ ჰვნებდეს, მით უმეტეს საზოგადოებას, არამედ მისი მოქმედება უნდა იყოს მიმართული ქვეყნის საბედნიეროდ. თუ ეს პირობა არ იქნება ადამიანისაგან დაცული, მაშინ მისი მოქმედება იქნება ავაზაკური, ვინაიდგან ყოველი ავაზაკი თავისუფლად იქცევა მხოლოდ პირადი სარგებლობისათვის. მაშასადამე, მხოლოდ იმაში არ გამოიხატება თავისუფლება, რაც გნებავს ის ილაპარაკო, სწერო, აკეთო, - არა! უნდა ყოველს სიტყვას და მოქმედებას საერთო, საზოგადო ბედნიერება ედვას სარჩულად, ქვეყნის თუ სასარგებლო არა, სამავნებლო, საზარალო მაინც არ უნდა იყოს ქვეყნისათვის. ყველა ჩვენგანი ხალხისათვის. მოტაცებული თავისუფლება მტაცებელთა ხელში როდია თავისუფლება, იგი იქცევა მტარვალობად. ამ თავისუფლებისას მტარვალნი ათასნაირს ჯაჭვ-ბორკილებს სჭედენ, ხაფანგებს, გაზებს, თავში სცემენ კვერებს და საღრჩობელის ბოძებს სდგამენ... ხალხს ამ თავისუფლებისაგან შეზავებულს შხამ-ნაღველს, საწამლავს უმზადებენ და იმას აწვდიან. ბოლოს კი თითონ რჩებიან მოწამლულნი. ისტორია ამის მაგალითებს უხვად იძლევა. ხალხი იტანს ამ საწამლავს, იგი ისევ ხალხად რჩება, იმარჯვებს, ხოლო მტარვალთა გული მიწაზე ერთხობა. ამიტომ, უპირველეს ყოვლისა, თავისუფლების წართმევა უფრო იმათ ჰვნებს, ვინც თავისუფლებას ჰპარავს, ართმევს ხალხს და ჰსურს იმით მარტო თავად ისარგებლოს. თავისუფლების მტაცებლებზეა სწორედ ზედ გამოჭრილი ქართული ანდაზა: „ვირმა პალო მოაძრო და იმდენი სხვას არა ჰკრა, რამდენიც თითონ იკრაო“.

ხალხის მმართველნი, რომელნიც ამ უაღრესს უგუნურებას ჰშვებიან და ხალხის მონებად გადაქცევას ცდილობენ, გარდა იმისა, რომ თავიანთ წოდებას ჰხრწნიან ზნეობრივ და ფიზიკურად, ხალხსაც აფუჭებენ. დამონებული ერი მუდამ ბეჩავია შინაურობაში და რა თქმა უნდა ბეჩავი და სუსტი გარეშე მტერთან საბრძოლველად. ამის დამამტკიცებელი მაგალითი დღევანდელი რუსეთია, რომელიც პატარა იაპონიას დაეტაკა და რქები შემოიმტვრია. 

მაშასადამე, თავისუფალი უნდა იყოს არა რომელიმე ერთი წოდება, არამედ მთელი ერი. ქვეყანაც მხოლოდ მაშინ იქნება ბედნიერი, როცა მოისპობა წოდებრივი უპირატესობანი, ყველა წოდება იქნება თავისუფალი, ე.ი. ბედნიერი... თავისუფლება და ბედნიერება სინონიმებია.ნუ ეძებთ იქ თავისუფლებას, სადაც ცხოვრებას ისევ საფუძვლად წოდებრივი განსხვავება აქვს დადებული, საცა ყველას განურჩევლად წოდებისა და გვარიშვილობისა, არ ეძლევა საშუალება პატიოსანი შრომით მოიპოვოს პური არსებობისა, საცა შრომა ღირსეულად არ ფასდება, საცა არ არის თანასწორად განაწილებული ცოდნა, ქონება.

მარტო ქონებრივი უზრუნველყოფა არ არის გარანტია, ერმა შეინარჩუნოს თავისუფლება, უკეთუ მას თან არ ახლავს ერის საერთო გონებრივი სიმწიფე, განათლება და ცოდნა. წყარო: მამუკა წიკლაური, "ვაჟა-ფშაველა", თხზულებანი.

0

ავტორი: