15:03:32     09-04-2015
სოსანაშვილი ალაპარაკდა: "ვაზაგაშვილი მელაძეების რძალთან დადიოდა, იმ ქალს მადონა ჰქვია"
იური ვაზაგაშვილის მკვლელობაში ბრალდებულმა გია სოსანაშვილმა დუმილი დაარღვია.
სოსანაშვილის ადვოკატი სოსო ჯოგლიძე აცხადებს, რომ შესაძლებელია იური ვაზაგაშვილის მკვლელობა ეჭვიანობის ნიადაგზე მომხდარიყო.
„პრესა.ჯი“: როდის შეხვდით სოსანაშვილს და რა გითხრათ მკვლელობის შესახებ?
- ჩემი დაცვის ქვეშ მყოფს საპატიმროში გუშინ შევხვდი. ჩამოვართვი ახსნა-განმარტება, სადაც გია სოსანაშვილმა განაცხადა, რომ მისი ინფორმაციით, გარდაცვლილი ვაზაგაშვილი დადიოდა მელაძეების რძალთან, იმ მელაძეებს ვგულისხმობ, ვის გასვენებაშიც აპირებდა წასვლას. ამ ქალს მადონა ჰქვია, ამის შესახებ მთელმა სოფელმა იცოდა. შემდეგ ოჯახებს ამის გამო კონფლიქტიც მოსვლიათ და იური ვაზაგაშვილს ქალბატონის ქმრისთვის „ნივა“ უჩუქებია, რომ გაჩუმებულიყო. არ არის გამორიცხული, ამ ხალხმა მოაწყო ეს ყველაფერი, რადგან თავზე ლაფდასხმული დადიოდა ეს კაცი. ამ ყველაფერს ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი ახსნა-განმარტებაში ჰყვება.
- ანუ წარდგენილ ბრალდებას არ ადასტურებს?
-არა რა თქმა უნდა. ამბობს რომ მას არავინ მოუკლავს. პროკურატურამ დნმ-ის ანალიზი გააყალბა. მას დნმ-ის ნიმუში გენინსპექციაში დაკავებამდე ერთი დღით ადრე, 6 თებერვალს აუღეს, რაც არ დაულუქავთ და არ დაუფიქსირებიათ. ნერწყვის ნიმუში კი ყარაფილას სასაფლაოზე წაიღეს და ასაფეთქებელ მოწყობილობას წაუსვეს.
- როგორია ბრალდებულის ჯანმრთელობის მდგომარეობა?- გია თავს უკეთ გრძნობს და მოტივირებულია დაამტკიცოს უდანაშაულობა.
„პრესა.ჯი“ ვაზაგაშვილების ადვოკატ გიგი მოსიაშვილს ესაუბრა. მისი თქმით, კასპის რაიონის სოფელ ყარაფილაში ძმების – ზაზა და მამუკა მელაძეების მეუღლეებს, არცერთს მადონა არ ჰქვია. ძმების მეუღლეები ნანა და ნონა არიან.
გიგი მოსიაშვილი: ეს არის ბინძური ცილისწამება. რომელზეც სამართლებრივ კომენტარს არ გავაკერთებ. ეს არ არის ალიბი. მელაძეების ოჯახში არის რძალი მადინა, რომელიც ვაზაგაშვილების დეიდაშვილის შვილია.
- რატომ ან ვის დასჭირდა ამ ინფორმაციის გამჟღავნება?
-მათ ვისაც სამართლიანობის აღდგენა არ უნდა. ამ სამართლიანობას შეეწირა იურა ვაზაგაშვილი. დაცვის მხარის სტრატეგიაა ამორალური ქმედებებით, გადაიტანონ ყურადღება სხვა მიმართულებით.
- ზოგადად გამოძიების მსვლელობაზე რისი თქმა შეგიძლიათ?
- დაზარალებულის ადვოკატებს გვაქვს შესაძლებლობა გავეცნოთ საქმის მასალებს. გამოძიება ინტენსიურად მიმდინარეობს. სხვა დეტალებს საქმიდან გამომდინარე ვერ დავასახელებ.
0