ახმეტის პოლიციის უფროსი თანამდებობიდან გათავისუფლდა ახმეტის პოლიციის უფროსი თანამდებობიდან გათავისუფლდა />


  11:13:31     05-03-2015

ახმეტის პოლიციის უფროსი თანამდებობიდან გათავისუფლდა

a35192.jpg

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ახმეტის პოლიციის უფროსი ზურაბ უძილაური თანამდებობიდან გათავისუფლდა. 

უძილაურის სახელი ნარკოტიკული საშუალებების მოხმარებისა და მოქალაქეზე განხორციელებული ზეწოლის კუთხით არაერთხელ გაჟღერდა. 

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ახმეტის პოლიციის ყოფილი უფროსი  ნარკოტიკული ნივთიერების მოხმარებისთვის და ხულიგნობის ბრალდებით არის ნასამართლევი. ასევე არსებობს ინფორმაცია, რომ კონკრეტულ პირზე მან ზეწოლა განახორციელა.

ზურაბ უძილაურთან დაკავშირებით გუშინ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა განაცხადა, რომ 

ახმეტის პოლიციის უფროს ზურაბ უძილაურთან დაკავშირებით პროკურატურაში მოკვლევა მიმდინარეობს.

“პროკურატურაში მიმდინარეობს მოკვლევა, თუ ეს დამტკიცდება, შესაბამისად, ეს ადამიანი დაისჯება . რაც შეეხება ნარკოტიკული ნივთიერების გამოყენებას, მე არ ვარ საქმის კურსში. რა თქმა უნდა, მოვიკვლევთ. თუ ეს ნამდვილად დადასტურდება, თანამდებობას დატოვებს აუცილებლად”, – განაცხადა ვახტანგ გომელაურმა ჟურნალისტებთან საუბრისას.

ახმეტის რაიონის სოფელ მატანში მცხოვრები ზურაბ ნონიაშვილი ახმეტის პოლიციის უფროსს ზურაბ უძილაურს ცემასა და შანტაჟში ადანაშაულებს. მისი თქმით, პოლიციის უფროსმა ის ჯერ სოფლის სკოლის ეზოში ცემა, შემდეგ კი იარაღის ჩადებით და დაკავებით დაემუქრა.

„ყეინობის დღესასწაული იყო. დავლიეთ და კონფლიქტი მოგვივიდა. გამოიძახეს პოლიცია. ჩვენ წავედის მატნის მეორე საშუალო სკოლის ეზოში და ჩვენთვის წყნარად ვიყავით მე, ჩემი ბიძაშვილი და კიდევ ერთი ადამიანი. მოვარდნენ, მე უძილაურმა დამარტყა. ხელებით და წიხლებით მირტყამდა უძილაური, დაბლა დამაგდეს. მერე მანქანაში რომ ჩამსვეს, იქ დამიწყეს ცემა. მიმიყვანეს ახმეტის განყოფილებაში. სარდაფში ჩამიყვანეს. დაახლოებით ღამის 4 საათზე გადაგვიყვანეს იზოლატორში, სადაც გამოიძახეს სასწრაფო. იქ დავწერე რომ ნაცემი ვიყავი და უძილაურმა მცემა. როგორც მითხრეს საოლქოს პროკურორს დაუკავშირდნენ. ამის მერე ჩატარდა სასამართლო, ყველა დაგვაჯარიმეს 250 – 250 ლარით და გამოგვიშვეს. რომ მოვდიოდით პოლიციელებმა მითხრეს, შენ ვერ წახვალ, უფროსი გიბარებსო. მიმიყვანეს უძილაურთან. მოვიდა კიდევ მეორე. როგორც მერე გავიგე სამხარეოს უფროსი იყო, მე მას არ ვიცნობ, შემიყვანეს მაგინეს, მლანძღეს. მაშანტაჟებენ, მემუქრებიან იარაღს ჩაგიდებთო. იარაღი გაქვს, იარაღი მომეციო. ვეუბნები არაფერი იარაღი არ მაქვს, შენ თუ არ გაქვს, მე მაქვსო, მითხრა მეუბნება. მანამდე დამიბარა და მითხრა, რომ აწყურამდე ჩემია და აწყურის იქით რაც გინდა ის გააკეთეი. მე არც იქ ვაფუჭებ რამეს და არც აქ. მეუბნებიან, საქართველო დატოვეო. რატომ უნდა დავტოვო, წარსულში ნასამართლევი ვარ და სასჯელიც მოხდილი მაქვს“, - აცხადებს მოქალაქე. 

 შს ახმეტის რაიონული სამმართველოს უფროსად 31 წლის ზურაბ უძილაური ახალი ხელისუფლების პირობებში 2015 წლის 23 იანვარს დაინიშნა.  

უძილაური წლების განმავლობაში იყო აღრიცხული ნარკოტიკების მომხმარებელთა ბაზაში. იგი „ქართული ოცნებიდან“ ახმეტის მაჟორიტარი დეპუტატის ზურაბ ზვიადაურის ნათესავია. ზვიადაური უძილაურის შვილის ნათლიაა.



0

ავტორი: