2015 წლის 17 თებერვალს საინფორმაციო სააგენტო GBC-ის მიერ გავრცელდა ინფორმაცია რძის პროდუქტების რეგულაციაში მომხდარ ცვლილებებზე 2015 წლის 17 თებერვალს საინფორმაციო სააგენტო GBC-ის მიერ გავრცელდა ინფორმაცია რძის პროდუქტების რეგულაციაში მომხდარ ცვლილებებზე />


  18:14:31     24-02-2015

2015 წლის 17 თებერვალს საინფორმაციო სააგენტო GBC-ის მიერ გავრცელდა ინფორმაცია რძის პროდუქტების რეგულაციაში მომხდარ ცვლილებებზე

a35030.jpg

2015 წლის 17 თებერვალს საინფორმაციო სააგენტო GBC-ის მიერ გავრცელდა ინფორმაცია რძის პროდუქტების რეგულაციაში მომხდარი ცვლილებების თაობასა და ამ მიმართულებით სურსათის ეროვნული სააგენტოს კონტროლის პრობლემებზე. სააგენტოს არ ჰქონდა საშუალება პასუხი გაეცა იმ მოსაზრებებს, რომლებიც სტატიაში იყო დაფიქსირებული, ამიტომ შევეცდებით ახლა პუნქტობრივად ვუპასუხოთ სტატიაში რესპოდენტების მიერ დაფიქსირებულ ინფორმაციას და მონაცემებს.

სტატიაში ნათქვამია, რომ „რძის პროდუქტების საწარმოს 1 იანვრიდან მოეთხოვება საბუთი, რომ გამოშვებული პროდუქტი ლაბორატორიაში არის შემოწმებული და უსაფრთხოა. თუმცა, საკოლმეურნეო ბაზარსა და მარკეტებში შეუმოწმებელი პროდუქტი იყიდება“. აქვე დამატებულია, რომ „რძის პროდუქტები საქართველოში უმეტესად მცირე, კუსტარულ საწარმოებში მზადდება. ამ მცირე საწარმოებს არ აქვთ HACCP-ის (საფრთხის ანალიზისა და კრიტიკული საკონტროლო წერტილების სტანდარტი) სისტემა. მისი დანერგვა ძვირი ჯდება“.  

ამ მოსაზრებების საპასუხოდ, შეგვიძლია განვაცხადოთ, რომ:

1. 2015 წლიდან შემოვიდა ნორმატიული მოთხოვნა ბიზნესოპერატორის აღიარებასთან დაკავშირებით, რომლის საქმიანობა დაკავშირებულია ცხოველური წარმოშობის სურსათის წარმოებასთან ან გადამუშავებასთან. ეტიკეტზე არსებული საიდენტიფიკაციო ნიშანდება ავტომატურად იქნება იმის მანიშნებელი, რომ მეწარმე რეგულარული კონტროლის ქვეშ არის. სიტუაცია უფრო გასაგები რომ იყოს, ამ ცვლილებას უნდა ეწოდოს ადექვატური და საფრთხის პროპორციული კონტროლი, ვიდრე გამკაცრება. 

2. ლაბორატორიის დასკვნა (საბუთი), რომელზეც სტატიაში არის მითითებული მოეთხოვება და აქამდეც მოეთხოვება რძის და რძის პროდუქტების მწარმოებელ ნებისმიერ სუბიექტს. რაც შეეხება საკოლმეურნეო ბაზრებსა და მარკეტებში შეუმოწმებელი პროდუქტების რეალიზაციას, ეს დასკვნა ზედაპირული და არასწორია, რადგან ეყრდნობა იმ მოსაზრებას, რომ რძის საწარმოები არ ფლობენ HACCP-ის სტანდარტს, რადგან მისი დანერგვა ძვირი ჯდება. ჩვენი აზრით, ეს არ არის საკმარისი საფუძველი იმის მტკიცებისთვის, რომ შეუმოწმებელი რძის პროდუქციის რეალიზაცია ხდება სავაჭრო ობიექტებში. 

3. რაც შეეხება კონტროლისა და შემოწმების სისტემას, სურსათის ეროვნული სააგენტო, მოქმედი კანონმდებლობის საფუძველზე, რომლის მიხედვითაც მცირე საოჯახო მეურნეობები არ ექვემდებარებიან კონტროლს 2020 წლამდე, არ ამოწმებს რძის და რძის პროდუქტების ე.წ. პირველად მწარმოებლებს, ანუ საოჯახო მეურნეობებს, თუმცა ყველა სავაჭრო ობიექტი, სადაც ხდება მათი რეალიზაცია, ექვემდებარება მკაცრ კონტროლსა და რამდენიმე საფეხურიან შემოწმებას. სააგენტო სისტემატიურად ამოწმებს გაყიდვის ობიექტებს და ჰიგიენის იმ ზოგად სტანდარტებს, რის მოთხოვნაც არსებობს. გარდა ამისა, შერჩევითობის პრინციპით, სისტემატიურად ხდება ნიმუშების აღება და ლაბორატორიული კვლევები, რომელთა დროსაც ერთსა და იმავე პროდუქტს სხვადასხვა მაჩვენებელზე ამოწმებენ. ამის გარდა, სურსათის ეროვნული სააგენტო ახდენს შემოწმებას მიკვლევადობის პრინციპით, რაც გულისხმობს მომწოდებლების ჩანაწერისა და მათი დოკუმენტაციის შემოწმებასაც.

4. რაც შეეხება HACCP-ის სტანდარტს, მისი ფლობა, კანონის საფუძველზე, მოეთხოვება მხოლოდ ცხოველთა სასაკლაოებსა და ნედლი რძის თერმულად გადამამუშავებელ

საწარმოებს. ამ ეტაპზე საქართველოს ტერიტორიაზე არ მოქმედებს არც ერთი მსგავსი საწარმო, რომელსაც არ გააჩნია ეს საერთაშორისო სტანდარტი და რომელიც არ შემოწმებულა სურსათის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლების მიერ.

სტატიაში, ასევე ეწერა, რომ „მწარმოებლებმა არც სტანდარტების შესახებ აქვთ ინფორმაცია და არც საჭირო ფინანსებს ფლობენ. მცირე მწარმოებლები ვერც ლაბორატორიაში ამოწმებენ პროდუქტს, რადგან ის ლაბორატორიაში თვითონ უნდა მიიტანონ და ერთ შემოწმებაში 150 ლარი უნდა გადაიხადონ. ამას კი მწარმოებელი ვერ აკეთებს. შეუმოწმებლად ხვდება რძის პროდუქტი სავაჭრო დახლზეც“.

აღნიშნული მოსაზრებაც არ შეესაბამება სიმართლეს, რადგან:

1. სააგენტოს ერთ-ერთ მიზანს ასევე წარმოადგენს მოსახლეობისა და ბიზნესოპერატორების დაუყოვნებლივი ინფორმირება ყველანაირ ცვლილებასთან დაკავშირებით. სწორედ ამ მიზნით ინფორმაცია თავსდება ოფიციალურ ვებ გვერდზე, ვრცელდება ტელევიზიის, რადიოსა და გაზეთების მეშვეობით. ასევე, მუდმივად ხდება შეხვედრების ორგანიზება ბიზნესოპერატორებთან, მათი ინფორმირების მიზნით, მაგალითისთვის, 21 თებერვალს შედგა შეხვედრა სამცხე-ჯავახეთში და მსგავსი ტიპის აქტივობებს აქვს პერმანენტული ხასიათი უკლებლივ ყველა რეგიონში. 

2. რაც შეეხება ლაბორატორიული შემოწმების პრობლემას და მისი ღირებულების სიდიდეს, ესეც ზედაპირული ინფორმაცია. რის საფუძველზე ხდება იმის დასკვნა, რომ მწარმოებელი 150 ლარიან საფასურს ვერ გადაიხდის, ან რომელ 150 ლარიან შემოწმებაზეა საუბარი, სტატიაში არ ჩანს და შესაბამისად ვერც იძლევა არგუმენტირებული დასკვნის შესაძლებლობას.

3. სავაჭრო დახლზე პროდუქციის შეუმოწმებლად მოხვედრაზე კი ჩვენ უკვე ავხსენით, რომ საოჯახო მეურნეობების გარდა, ყველა მეწარმე მოწმდება, ასევე მოწმდება ყველა ბიზნესოპერატორი, რომელიც ახდენს რძისა და რძის პროდუქციის რეალიზაციას.

სტატიაში არის მოყვანილი ამბობს „მომავლის ფერმერის" ხელმძღვანელი რუსუდან გიგაშვილის კომენტარი, რომელიც ამბობს, რომ „შეუმოწმებელ პროდუქტზე პასუხისმგებლობა მარკეტს ეკისრება, თუმცა, ვინმე შეემოწმებინოს და დაეჯარიმებინოს სურსათის ეროვნულ სააგენტოს, არ გამიგია. კანონი კი მიიღეს, მაგრამ მისი აღსრულების მექანიზმი არ არსებობს". ამის დასადასტურებლად ქალბატონი რუსუდანი არანაირი მონაცემით არ სარგებლობს და მხოლოდ საკუთარი სუბიექტური მსჯელობით იფარგლება. ქალბატონი რუსუდანს თუ არ გაუგია ვინმეს შემოწმების ან დაჯარიმების შესახებ, ეს არ ნიშნავს, რომ შემოწმება და დაჯარიმება არ მომხდარა. 2014 წლის მონაცემებით, სურსათის ეროვნულმა სააგენტომ შეამოწმა რძის პროდუქტების 277 ნიმუში და გამოვლენილი დარღვევების შესაბამისად გაატარა შემდეგი ღონისძიებები: ბიზნესოპერატორს შეუჩერდა საწარმოო პროცესი; ბიზნესოპერატორს დაევალა ბაზრიდან სურსათის გამოთხოვა; მოხდა საცალო ვაჭრობის პუნქტების დონეზე სურსათის რეალიზაციის აკრძალვა და ეტიკეტირების დარღვევებისას მოხდა ბიზნესოპერატორის დაჯარიმება კანონის შესაბამისი მუხლით. 

დამატებითი კითხვებისა და ინფორმაციისათვის, გთხოვთ მოგვმართოთ. ჩვენ კი, მადლობას ვუხდით საინფორმაციო სააგენტო GBC-ის ჟურნალისტსა და რედაქციას საკითხით დაინტერესებისა და მისი აქტუალიზაციისთვის. 

 

0

ავტორი: