18:14:26     11-02-2015
დემურ გიორხელიძე: ლარი სერიოზულად ავად არის

ეროვნულმა ბანკმა სავალუტო აუქციონზე 40 000 000 აშშ დოლარი გაყიდა. აუქციონზე საშუალო შეწონილმა გაცვლითმა კურსმა 2.0240 შეადგინა.
დღესვე ცნობილი გახდა, რომ იმ ადამიანებისთვის, ვისაც სესხი ლარში აქვს გამოტანილი, რეფინანსირების განაკვეთის ზრდა სესხის ნახევარი პროცენტით ზრდას გამოიწვევს.
"იმ ადამიანებისთვის, ვისაც სესხი აქვს ლარში გამოტანილი და მიბმულია რეფინანსირების განაკვეთზე, ეს გამოიწვევს ნახევარი პროცენტით ზრდას, მაგრამ, რა თქმა უნდა, თქვენც გესმით, რომ პროპორცია უცხოურ ვალუტაში აღებულ სესხს შორის, სადაც სესხის ტვირთი თითქმის 20%-ით გაიზარდა და ნახევარ პროცენტს შორის, ძალიან დიდია", - განაცხადა ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა გიორგი ქადაგიძემ.
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა რეფინანსირების განაკვეთის 0.5%-ით ზრდის გადაწყვეტილება დღეს მიიღო.
როგორც ეროვნულ ბანკში აცხადებენ, მონეტარული პოლიტიკის გადაწვეტილება ეფუძნება მაკროეკონომიკურ პროგნოზს, რომლის მიხედვითაც გაიზარდა საგარეო შოკის გავლენით საპროგნოზო ინფლაციაზე მოქმედი რისკები. მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი 4.5 პროცენტს შეადგენს.
რაც შეეხება ინფლაციის მოლოდინების ზრდის გასანეიტრალებლად კომიტეტი მიზანშეწონილად თვლის შერბილებული მონეტარული პოლიტიკიდან ეტაპობრივ გამოსვლას.
თუმცა, მიუხედავად პოლიტიკის გამკაცრებისა, პოლიტიკის განაკვეთი ნეიტრალურ ნიშნულს დაბლა რჩება. მიმდინარე პროგნოზით, თუკი არ გამოიკვეთა ეკონომიკაზე მოქმედი სხვა შოკები მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი, 2015 წლის ბოლოს 5%-ის ფარგლებში იქნება.
ლარის კურსთან დაკავშირებით მიღებულ გადაწყვეტილების შესახებ „პრესა.ჯი“ ეკონომიკის ექსპერტს დემურ გიორხელიძეს ესაუბრა.
"პრესა.ჯი" ეროვნულმა ბანკმა 40 მილიონი ამერიკული დოლარი გაყიდა, რას მოიტანს ეს ყველაფერი თქვენი აზრით? შეაჩერებს თუ არა იმ პროცესებს, რაც ახლა მიმდინარეობს?
- ცხადია, არაფერს არ მოიტანს, შეიძლება დღეს ორი თეთრით გაამყარა მხოლოდ ლარი, მაგრამ ეს იმას ნიშნავს, რომ თუ ამ ინტერვენციებს გააგრძელებს ასეთი ფორმით ეროვნული ბანკი, ამ მხრივ გააგრძელებს იმ არასწორ პოლიტიკას, როდესაც ძალიან ძლიერი ფინანსური ჯგუფები, ლარის ამ ვარდნაზე, ძალიან სერიოზულ ბიზნესს აკეთებდნენ. ჩემთვის გაუგებარია, ერთის მხრივ გაზარდო რეფინანსირების განაკვეთი და მეორე მხრივ ინტერვენციები გააკეთო, რომლებიც არანაირ გავლენას არ ახდენს ლარის კურსის სტაბილიზაციაზე. იმიტომ, რომ ლარი სერიოზულად ავად არის, ლარის ავადმყოფობა მოდის საქართველოს ეკონომიკაში ფუნდამენტალური პრობლემებიდან და იქედან, რომ ამ ცუდ მდგომარეობას დაემატა ცუდი საგარეო ფაქტორები. სწორე ამ ორი რამის დამთხვევამ ააფეთქა სიტუაცია საქართველოში. ამას დაემატა მთავრობისა და ეროვნული ბანკის არასწორი, არაკოორდინირებული პოლიტიკა და შედეგი სახეზეა.
- რაც შეეხება დღევანდელ განცხადებას... დღეს ცნობილი გახდა, რომ ვისაც სესხი ლარში აქვს აღებული, შესაძლოა განაკვეთი მოემატოს.
- საქმე ის არის, რომ ეროვნული ბანკის არასწორი რეგულაციების შედეგად, მსესხებელი ჩვენს კომერციულ ბანკებში, სრულიად უუფლებო ადამიანია. არის კაბალური პირობები, ასეთ ვითარებაში არის ორნაირი კონტრაქტები: ერთია, ვისაც სესხი აქვს აღებული მუდმივ საპროცენტო განაკვეთებში, რომლებიც არ იცვლება დროში, რა ცვლილებაც არ უნდა მოხდეს, მეორე კი არის, ის სასესხო განაკვეთი, როცა სასესხო განაკვეთი შეიცვლება, მასაც შეეცვლება. ბუნებრივია, კომერციული ბანკები ამ სიტუაციას გამოიყენებენ და ვისაც კი მცოცავი განაკეთით აქვს სესხი არსებული, გაუძვირებენ. წესით ვერ უნდა მოკიდონ ხელი იმ მსესხებლებს, ვისაც მუდმივ საპროცენტო განაკვეთებში აქვთ კონტრაქტი გაფორმებული.
- სახელმწიფოს როლი და ეკონომიკური გუნდის როლი როგორია ამ ყველაფერში და შეიძლებოდა თუ არა სწორი პოლიტიკით, ამ პრობლემების თავიდან არიდება?
- რა თქმა უნდა სწორი პოლიტიკით შეიძლებოდა. ეროვნული ბანკი და მთავრობა, ერთი მთლიანი სახელმწიფო ინსტიტუტებია, რომლებსაც თავისი გამოკვეთილი ფუნქციები აქვთ. სინამდვილეში, მაკროეკონომიკური პოლიტიკის ნაწილია, ეროვნული ბანკის უფლებებში არსებული მონეტარული პოლიტიკა. მონეტარული პოლიტიკა არ შეიძლება არსებობდეს იმ პოლიტიკისგან იზოლირებულად, რომელსაც მთავრობა ახორციელებს.
0