17:21:57     10-02-2015
აგვისტოს ომის მონაწილე ჩვენი დახმარების მოლოდინშია: „უსახსრობის გამო ფეხი მილპება“
ბოლო ათი თვეა აგვისტოს ომის მონაწილე 33 წლის ირაკლი გოგოლაძე საწოლს მიეჯაჭვა.
უბედური შემთხვევის შედეგად ახალგაზრდას ხერხემალი დაუზიანდა. როგორც თვითონ ყვება, ექიებმა ოპერაცია წარმატებით ჩაუტარეს, თუმცა რეაბილიტაციის კურსს უსახსრობის გამო ვერ გადის.
ლოგინს მიჯაჭვულის ჯანმრთელობა კი ყოველდღიურად უარესება.
„პრესა.ჯი“-სთან საუბრისას გოგოლაძე ამბობს, რომ სერიოზული პრობლემები, სწორედ რეაბილიტაციის დაგვიანების გამო დაეწყო.
„უსახსრობის გამო ფეხი მილპება“,- აცხადებს ის.
„პრესა.ჯი“: მომიყევით რატომ გაგიუარესდა ჯანმრთელობის მდგომარეობა და რა არის მთავრი პრობლემა?
- 2008 წელს საკონტრაქტო ჯარში ვმსახურობდი, აგვისტოს ომში ვბრძოლობდი, მეოთხე ბრიგადაში, 41-ე ბატალიონში ვირიცხებოდი. ახალგორის, ჯავისა და ცხინვალის რაიონის სოფლებში ყველგან მოგვიწია საბრძოლო ოპერაციებში მონაწილეობა. ომიდან დაბრუნებულს ჯანმრთელობა გამიუარესდა, ფსიქოლოგიური სტრესი მივიღე, ხშირად გონება მეკარგებოდა. იმ დღესაც ფანჯარასთან ვიდექი, გონი დავკარგე და გადავარდი. გონს რომ მოვედი კიდურებს საერთოდ ვერ ვგრძნობდი.
- ოპერაციამ წარმატებით არ ჩაიარა?
- ექიმებმა მითხრეს, რომ ფეხზე მალე დავდგებოდი, თუმცა იქვე რეაბილიტაციის კურსი დამინიშნეს. როგორც იცით ეს ყველაფერი ფინანსებთან არის დაკავშირებული. რეაბილიტაცია დროზე ვერ ჩავიტარე და საშინელი შედეგი მივიღე. ექიმები მაიმედებენ, რომ რეაბილიტაციის შემდეგ ფეხებში მგრძნობელობა დამიბრუნდება.
- რა არის ოჯახის შემოსავალი?
- 70 წლის ბებიასთან ერთად მარტო ვცხოვრობ. შემოსავალი სოციალური დახმარებაა. გასულ თვეს პენსია დამინიშნეს, რომელიც სამკურნალო საშუალებების, მალამოების საყიდლადაც არ მყოფნის.
- თუ მიმართეთ თავდაცვის სამინისტოს, ადგილობრივ ხელისუფლებას, ვეტერანთა კავშირს?
- ვეტერანის საბუთი გასაკეთებელია, დიდი ხანია ველოდები. იმედი მქონდა რომ ამ საბუთით მაინც შევძლებდი რეაბილიტაციის კურსის გავლას, მაგრამ იგვიანებს. მხოლოდ კეთილი ადამიანების იმედზე დავრჩი.
- რეაბილიტაცია საზღვარგარეთ უნდა გაიაროთ?
- არა, რეაბილიტაციის კურსის გავლა დედაქალაქშიც შეიძლება, გორის სამხედრო ჰოსპიალშიც არის საჭირო პირობები.
ირაკლი გოგოლაძე ოზურგეთში, ლესელიძის ქუჩაძე ცხოვრობს. აგვისტოს ომის მონაწილე, რომელიც 2008 წელს ჩვენ სიმშვიდეს იცავდა, ახლა ჩვენი დახმარების მოლოდინშია.
დახმარების მსურველებს შეუძლიათ დარეკოთ შემდეგ ნომერზე : (598) 28 00 08
0