14:22:32     10-02-2015
უტიაშვილი: „ოცნებისათვის“ სოსანაშვილი იდეალური ეჭვმიტანილია, რადგან ძველი პოლიციელია
7 თებერვალს გახმაურებული საქმის გახსნილად გამოცხადებიდან სამი დღის თავზე პროკურატურა არ პასუხობს კითხვაზე რა მოტივით განახორციელა პოლიციის თანამშრომელმა გია სოსანაშვილმა იური ვაზაგაშვილის ლიკვიდაცია.
უწყება არაფერს ამბობს მკვლელობის შემკვეთზეც.
"გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე დამატებით დეტალებზე ვერ ვისაუბრებთ, სიახლის შემთხვევაში ჟურნალისტებს აუცილებლად შეგატყობინებთ",- განუცხადეს "პრესა.ჯი"-ს მთავარ პროკურატურაში.
7 თებერვლის ბრიფინგიდან უტყუარად შეიძლება ითქვას, რომ პროკურატურას სოსანაშვილის წინააღმდეგ ორი მტკიცებულება აქვს, ანძაზე გასული ზარი და დნმ-ის ანალიზი.გია სოსანაშვილი კასპის რაიონის სოფელ საკორინთლოს მკვიდრია. აქვს პოლიციაში მუშაობის 10 წლიანი გამოცდილება.
ის 2013 წლიდან დაპატიმრებამდე წალკის რაიონის სოფელ ავრალოს პოლიციის განყოფილებაში დეტექტივის თანაშემწე გამომძიებლის პოსტზე მუშაობდა.
სოფლის მოსახლეობა და ავლაროს პოლიციის განყოფილების თანამშრომლები ბრალდებულს დადებით პიროვნებად ახასიათებენ.
გია სოსანაშვილი ბრალს არ აღიარებს.
„სრული სიცრუეა აღნიშნული ბრალდება, ეს დანაშაული მე არ ჩამიდენია“, - განაცხადა სოსანაშვილმა სასამართლო პროცესზე, სადაც მას ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდეს.
პროკურატურის მიერ იური ვაზაგაშვილის აფეთქების საქმის გახნილად გამოცხადებამ კითხვები გაუჩინა შსს-ს საინფორმაციო ანალიტიკური დეპარტამენტის ყოფილ უფროსს შოთა უტიაშვილს.
მისი თქმით, მთავარ პროკურატურას ბევრად მეტი მტკიცებულების წარმოდგენა მოუწევს, რომ თავის ვერსია დამაჯერებელი გახდეს.
შოთა უტიაშვილი: "პროკურატურა ამბობს, რომ საქართველოში დნმ-ის ანალიზი კეთდება, თუმცა დნმ-პროფილების მონაცემთა ბაზა არ არსებობს. ეს იმას ნიშნავს, რომ დანაშაულის ადგილიდან აღებული დნმ რომც გქონდეს, თუ სავარაუდო ეჭვმიტანილი არა გყავს, მას ბევრი ვერაფერში გამოიყენებ.
პროკურატურის განცხადებებიდან ჩანს, რომ მათ შემთხვევის ადგილთან ახლოს მყოფ ანძებზე გასული ზარები ამოიღეს და ამის მიხედვით დაადგინეს სავარაუდო ეჭვმიტანილი. საგულისხმოა, რომ ზარებით თუ შეაფასებ, ოცნებისათვის სოსანაშვილი იდეალური ეჭვმიტანილია, რადგან ძველი პოლიციელია, სასაფლაოზე იყო და რაც მთავარია, "თვით ფირცხალავასთან" ფიქსირდება მისი სატელეფონო ზარი. მას შემდეგ, რაც იდეალური ეჭვმიტანილი აღმოაჩინეს, შეიძლება მომხდარიყო ორიდან ერთი რამ: მოიპოვეს მისი დნმ, შეადარეს შემთხვევის ადგილიდან ამოღებულს, დაემთხვა და საქმე რეალურად გაიხსნა, ან მოიპოვეს სოსანაშვილის დნმ და ის ჩადეს შემთხვევის ადგილზე (ესეც უმარტივესი გასაკეთებელია). თუ ვინმეს ჰგონია, რომ ოცნება სრულიად უდანაშაულო ადამიანს ასეთ მძიმე და რეზონანსულ დანაშაულს ვერ დააბრალებდა, შეუძლია ჩოკუტაევი გაიხსენოს. ასე რომ, ჯერჯერობით შანსები 50/50-ზეა. გამოძიებას კი ბევრად მეტი მტკიცებულების წარმოდგენა მოუწევს, რომ თავის ვერსიაში დამაჯეროს".
საზოგადოების დიდი ნაწილის მსგავსად ვაზაგაშვილის ოჯახის ადვოკატები პროკურატურისგან დამკვეთის ვინაობის დადგენას და მკვლელობის მოტივის დასახელების მოლოდინში არიან.
ვინ შეუკვეთა იური ვაზაგაშვილის მკვლელობა? – ადვოკატები პროკურატურის მთავარ მიზნად ამ კითხვაზე პასუხის დროულად მიღებას მიიჩნევენ.
„ეხლა ამ ეტაპზე ყველაზე მნიშვნელოვანია შემკვეთის ვინაობის გარკვევა. იური ვაზაგაშვილის მკვლელობა იმ დროს და იმ ადგილას შეიძლებოდა დაკავშირებული ყოფილიყო მხოლოდ და მხოლოდ 2006 წლის მკვლელობასთან. მე არ ვამბობ, რომ ეს აუცილებლად კავშირშია ფირცხლავასთან, მაგრამ ფაქტები მეტყველებენ გაცილებით სხვა რაღაცას,“ – აცხადებს ჭკადუა.
რომელიც დარწმუნებულია, რომ სოსანაშვილს მკვლელობა პირადი შურისძიების მოტივით არ ჩაუდენია.
0