13:44:37     05-02-2015
სასამართლოდან გაქცეული პატიმარი ბათუმში დააკავეს
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, 2 დღის წინ გურჯაანის რაიონული სასამართლოდან გაქცეული პატიმარი დიმა ხაჩიაშვილი დაკავებულია.
ფატს შს საზოგადოებასთან ურთიერთოვბის დეპარტამენტის უფროსი ნინო გიორგობიანი ადასტურებს.
"გურჯაანიდან გაქცეული პატიმარი ბათუმში დააკავეს, მასალას რამდენიმე წუთში დავდებთ",- აცხადებს ის.
პატიმარი სასამართლო დარბაზიდან 2 თებერვალს მას შემდეგ გაიპარა, რაც აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეუფარდეს.
გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ვიდრე მოსამართლე პოლიციას განჩინებას გადასცემდა, პოლიციის თანამშრომლებმა პატიმარი სასამართლო დარბაზში, რკინის გისოსში ჩაკეტეს, გასაღები კი იქვე მაგიდაზე დადეს პატიმარმა გასაღების აღება, გისოსის კარის გახსნა და ფანჯრის გავლით გაპარვა მოახერხა. სასამართლო დარბაზში დაბრუნებულ პოლიციის თანამშრომლებს პატიმარი გაქცეული დახვდათ.
პოლიციისგან თავის დაღწევა ხაჩიაშვილმა კიდევ ერთხელ ტაქსიდან სცადა, როცა სამართალდამცავებმა მისი დაკავება სცადეს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, გაქცეული პატიმარი დაკავებული იყო სისხლის სამართლის კოდექსის 118–ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენის გამო, რაც ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანებას გულისხმობს.
შს სამინისტროს ოფიციალური ინფორმაციით, ბრალდებულმა სოფელ ველისციხეში ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე ცივი იარაღით დაჭრა ახალგაზრდა მამაკაცი.
იხილეთ შს სამინისტროს ოფიციალური განცხადება:
"შსს-ს კახეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს, გურჯაანის რაიონული სამმართველოს და აჭარის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1993 წელს დაბადებული დიმა ხაჩიაშვილი პატიმრობის ან თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებიდან გაქცევის ბრალდებით დააკავეს.
გამოძიებამ დაადგინა, რომ დიმა ხაჩიაშვილმა გურჯაანში, სოფელ ველისციხეში, ურთიერთშელაპარაკებისას, 1969 წელს დაბადებულ გელა კ-ს ცივი იარაღით სხეულზე დაზიანებები მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. გურჯაანის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, დიმა ხაჩიაშვილი დანაშაულის ჩადენიდან რამდენიმე საათში სოფელ ველისციხეშივე დააკავეს. გურჯაანის რაიონულმა სასამართლომ მიმდინარე წლის 2 თებერვალს დიმა ხაჩიაშვილს ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანების ფაქტზე, აღკვეთის ღონისძიების სახით, პატიმრობა შეუფარდა. ბრალდებულმა გურჯაანის რაიონული სასამართლოს შენობიდან გაქცევა მოახერხა. სამართალდამცველებმა დიმა ხაჩიაშვილი ბათუმში, პუშკინის ქუჩაზე დააკავეს.
გამოძიება დიმა ხაჩიაშვილის მიმართ პატიმრობის ან თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებიდან გაქცევის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 379-ე მუხლით).
ხოლო შსს-ს კახეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს გურჯაანის რაიონული სამმართველოს უბნის ინსპექტორების მიმართ, რომლებიც დაკავებულის ბადრაგირებას ახდენდნენ, გამოძიება სამსახურებრივი გულგრილობის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 342-ე მუხლით)".
0