შსს შალვა აბულაძეს ეძებს - რა მოხდა ლიკანში? (დეტალები) შსს შალვა აბულაძეს ეძებს - რა მოხდა ლიკანში? (დეტალები) />


  13:17:22     28-01-2015

შსს შალვა აბულაძეს ეძებს - რა მოხდა ლიკანში? (დეტალები)

a34675.jpg

შინაგან საქმეთა სამინისტრო ბორჯომელ დამნაშავეს 5 დღეა უშედეგოდ ეძებს. 38 წლის შალვა აბულაძემ, რომელიც წარსულში მრავალჯერ ნასამართლევია, მიმდინარე წლის  23 იანვარს, ლიკანში, პოლიციის თანამშრომლები გიორგი ბერუაშვილი და გიორგი მახარაშვილი მძიმედ დაჭრა.

პოლიციელების ჯანმრთელობის მდგომარეობის სიმძიმიდან გამომდინარე პაციენტები კატასტროფის ბრიგადამ ბორჯომის რაიონულ საავადმყოფოდან თბილისში, ნ. ყიფშიძის სახელობის საუნივერსიტეტო კლინიკაში გადმოიყვანა.

„პრესა.ჯი“-მ დაჭრლი პოლიციელების ჯანმრთელობის მდგომარეობა საუნივერსიტეტო კლინიკაში მოიკითხა.

მედიკოსები დაჭრილების  მდგომარეობის შესახებ ვრცელი კომენტარის გაკეთებისგან ოჯახის თხოვნით  თავს იკავებენ.

ნატა ხურციძე (საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი):

- ორივე დაჭრილს ჩაუტარდა დროული ოპერაციული ჩარევა. ამ დროისთვის ერთ-ერთი დაჭრილის მდგომარეობა სტაბილურია, ის მულტიპროფილურ განყოფილებაში გადის მკურნალობას, რაც შეეხება მეორე პაციენტს, ის რეანიმაციულ განყოფილებაში, მართვით სუნთქვაზე იმყოფება...

- სად აღენიშნებოდათ პოლიციის თანამშრომლებს ჭრილობები?

- ოჯახის თხოვნით დამატებით ინფორმაციას ვერ გავაჟღერებთ. ვერც იმას გეტყვით, რომელი პაციენტი იმყოფება რეანიმაციაში. 

ცნობისთვის, დაჭრილი პოლიციელები შინაგან საქმეთა მინისტრმა ვახტანგ გომელაურმაც მონიახულა.

მინისტრი პოლიციელების ჯანმრთელობის მდგომარეობით დაინტერესდა და განაცხადა, რომ საჭიროების შემთხვევაში დაჭრილ სამართალდამცველებს მკურნალობა და ოპერაცია საზღვარგარეთ ჩაუტარდებათ.

რაც შეეხება შს სამინისტროს, მათი თქმით,  მიმდინარე წლის 23 იანვარს, ლიკანში, შსს-ს სამცხე-ჯავახეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს ბორჯომის რაიონული სამმართველოს უბნის ინსპექტორ-გამომძიებლები გიორგი ბერუაშვილი და გიორგი მახარაშვილი სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულებისას ფეხით პატრულირებას ახორციელებდნენ, რა დროსაც წარსულში მრავალჯერ ნასამართლევმა, ბორჯომში მცხოვრებმა, 1977 წელს დაბადებულმა შალვა აბულაძემ, დანახვისთანავე, შემხვედრ პოლიციელებს ცეცხლსასროლი იარაღიდან ცეცხლი გაუხსნა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

უწყება  მოქალაქეებს მოუწოდებს, თუ ფლობენ  აღნიშნული პირის ადგილსამყოფელის შესახებ რაიმე სახის ინფორმაციას, მიმართონ  პოლიციას.

ლიკანში მომხდარ ფაქტზე „პრესა.ჯი“ ადგილობრივებს ესაუბრა. ფიქრია გ-ს ინფორმაციით, ინცინდენტი საღამო საათებში მოხდა. 

„აღნიშნულ საქმეზე ჩემი შვილი დაკითხეს, ინცინდენტის დროს მეგობრებთან ერთად შემთხვევის ადგილთან ახლოს, ერთ-ერთ ფარდულში კარტს თამაშობდა, იხსენებს, რომ რამდენიმე გასროლის ხმა გაიგო, თუმცა ჩათვალა, რომ ვიღაც პიროტექნიკას აფეთქებდა, შემდეგ კი პოლიციელების ხმა შემოესმა, ფეხით აწარმოებდნენ თურმე შემოვლას. ერთ-ერთი მათგანი ხროტინებდა. ჩაუსვამთ ბავშვებს მანქანაში სასწრაფო კი გზაში დასწევიათ“,- ამბობს ლიკანში მცხოვრები ქალბატონი. 

მისი თქმით, ეჭვმიტანილი მისი სახლის უკან ცხოვრობს, თუმცა შალვა აბულაძეს მეზობლებთან ურთოერთობა არ ჰქონდა.

„ეხლახან გამოვიდა ციხიდან, არავის გვეკონტქტებოდა, ჩვენც ვერიდებოდით, ძალიან ცუდი წარსული აქვს. სულ იმის შიში გვქქონდა, ჩვენი ბავშვები არ აიყოლიოს. ათასი მამაძღლობა ტრიალებდა ამ ბიჭის თავში“,- იხსენებს რესპოდენტი. 

 

 

0

ავტორი: