18:16:24     09-03-2011
დაუთრგუნველი თავისუფლება და შემოქმედება – ტარას შევჩენკო
1814 წლის 25 თებერვალს (ახალი სტილით 9 მარტს) დაიბადა დიდი უკრაინელი პოეტი, მხატვარი და საზოგადო მოღვაწე ტარას შევჩენკო.
ადამიანთა დაყოფა ბატონებად და ყმებად რომ დიდი უსამართლობა იყო ღვთისა და ერის წინაშე, ეს ტარას შევჩენკოს მაგალითიდანაც კარგად ჩანს. იგი დაიბადა გლეხის, ყმის ოჯახში. მამას გრიგორი ივანეს ძე ერქვა.
მალე მათი ოჯახი სოფელი მორინიცადან გადასახლდა სოფელ კირილოვკაში, სადაც მომავალმა შემოქმედმა ბავშვობა გაატარა.
1823 წელს დედა დაეღუპა, მამამ სამშვილიანი ქალი მოიყვანა ცოლად. დედინაცვალი მას მკაცრად ეპყრობოდა. ტარასს უფროსი და უვლიდა, რომელიც მალე გათხოვდა.
1825 წელს მამაც დაეღუპა. ამის შემდეგ მისი ცხოვრება უფრო მძიმე გახდა. ხან ვისთან მუშაობდა და ცხოვრობდა, ხან ვისთან. მასწავლებელთან ცხოვრებისას წერა-კითხვა ისწავლა, მღებავებთან კი ხეტვის ელემენტარული ცოდნა შეიძინა.
ბატონმა ენგელგარტმა 1829 წელს თავისთან წაიყვანა სამუშაოდ. მალე ენგელგარტმა ყმაწვილი ტარასი მხატვარ-პორტრეტისტ იან რუსტემს ჩააბარა სასწავლებლად. ტარასს ხომ ხატვის მშვენიერი უნარი აღმოაჩნდა. შემდეგ ბატონი სანკტ-პეტერბურგში გადავიდა, ტარასიც თან წაიყვანა და ოსტატ შირიაევს მიაბარა, რადგან უნდოდა მისი შინა მხატვარი გამხდარიყო ტარასი.
შევჩენკო შეამჩნიეს კარგმა ადამიანებმა, მხატვრებმა, მწერლებმა, მოღვაწეებმა უკრაინიდან და რუსეთიდან. მათ გადაწყვიტეს გამოესყიდათ ყმობიდან შევჩენკო. ენგელგარტი დიდხანს ვერ დაიყოლიეს
ბოლოს, 1838 წლის 22 აპრილს 2 500 მანეთად მოხდა ტარას შევჩენკოს გამოსყიდვა ყმობიდან. ენგელგარტის სახელს ვინ შემოინახავდა, ის რაიმეთი კავშირში რომ არ ყოფილიყო ტარას შევჩენკოსთან. თავისი კეთილისმყოფლები მომავალ დიდ მხატვარს და პოეტს არსდროს დავიწყებია და მათ სხვადასხვა ნაწარმოებები უძღვნა. იმ წელსვე ტარასი მიიღეს ხელოვნების აკადემიაში.
მალე გამოვიდა მისი ლექსების პატარა კრებული, "კობზარი". მისი შემოქმედებითი წარმატებები სულ-უფრო და უფრო იკვეთებოდა. მალე თავისუფალი მხატვარი გახდა, იმოგზაურა მშობლიურ უკრაინაში, სადაც გაიცნო თავადის ასული რეპინა და დაუმეგობრდა მას.
იმ დროის რუსეთში განვითარებული და პროგრესული ადამიანებიც კი წინააღმდეგი იყვნენ უკრაინული ლიტერატურის არსებობისა.
უკრაინამ გული გადაუხსნა ტარას შევჩენკოს.
შევჩენკო გახდა "კირილესა და მეთოდეს თანამეგობრობის" გულმხურვალე მხარდამჭერი. რის გამოც სხვა წევრებთან ერთად დააპატიმრეს და გადაასახლეს ორენბურგის მხარეში. შევჩენკოს კიდევ უფრო დაუმძიმა სასჯელი "ცუდ რუსულ ენაზე" შექმნილმა "არალეგალურმა ლექსებმა". ეს მოხდა 1847 წელს. მას აუკრძალეს წერა და ხატვა.
პოეტს ძალიან გაუჭირდა ერთფეროვან, ულამაზო და დამთრგუნველ გარემოში ჩაკეტვა. განსაკუთრებით გაუჭირდა შემოქმედებითი საქმოანობის აკრძალვა. "ყველა ჩემი ძველი ტანჯვა-წამება ახლანდელთან შედარებით ბავშვური ცრემლებია. მიმძიმს, ძალიან მიმძიმს", წერდა ის. ბევრმა სცადა მას დახმარებოდა, რათა ხატვის უფლება მაინც მიეცათ მისთვის, მაგრამ უშედეგოდ.
ზოგიერთი სამხედროს თანაგრძნობა კი ძვირად დაუჯდა და უფრო უარეს ადგილას გადაიყვანეს, ნოვოპეტროვსკოეში.
10 წელი გადასახლებაში გაატარა.
არა მარტო უკრაინას, არამედ მთელს მსოფლიოს მოაკლდა ის განძი, რომელიც შეეძლო შეექმნა ტარას შევჩენკოს ათი წლის განმავლობაში, შემოქმედებითი აღმავლობის წლებში. ეს იყო დიდი დანაშაული მსოფლიო ხელოვნების წინაშე.
კეთილი ხალხის დახმარებით მოახერხა და მიიღო თავისუფლება, ახლა უკვე მეორედ, ყმობის შემდგომ. თუმცა ეს მეორე პატიმრობა უფრო უარესი აღმოჩნდა, თუ პირველი ყმობა-პატიმრებისას პიროვნული თავისუფლება ჰქონდა შეზღუდული, გადასახლებისას შემოქმედებითი თავისუფლება, - მისთვის, როგორც მტატვრისა და პოეტისათვის უფრო აუცელებელი, - ჰქონდა ჩამორთმეული.
გათავისუფლების მერე სანკტ-პეტერბურგში ჩავიდა. შეუდგა საყვარელ საქმანობას, მაგრამ მისი ჯანმრთელობა ძალიან შერყეული იყო. ამ დროს გრავირებითაც იყო გატაცებული.
ტარას შევჩენკომ გადაწყვიტა შეედგინა სასკოლო სახელმძღვანელოები უკრაინულ ენაზე.
1859 წელს უკრაინაში წავიდა. მას უნდოდა პატარა მამულის ყიდვა დნეპრის სანაპიროზე. მაგრამ ეს ოცნება ვერ აისრულა, იქ დასახლება ვერ შეძლო. 1861 წლის 26 თებერვალს (ახალი სტილით 10 მარტს) ტარას შევჩენკო გარდაიცვალა. როგორც გადმოგვცემენ, ტარას შევჩენკო დაკრძალეს სწორედ იმ ადგილას, სადაც დასახლება უნდოდა.
მას მერე მთელ უკრაინაში სამუდამოდ სახლობს ტარას შევჩენკო. დიდი უკრაინელი, უკრაინული ლიტერატურის ერთ-ერთი ფუძემდებელი და შესანიშნავი პოეტი, უკრაინელი ხალხის საამაყო შვილი და კლასიკოსი მხატვარი. მის მიერ შექმნილი ნაწარმოებები რუსულ ენაზე შესანიშნავია და მეტყველებს ავტორის დიდი ნიჭზე და ტალანტზე.
მისი უკრაინული ნაწარმოებები კი, განსაკუთრებით "კობზარი", ნამდვილი თვითგამოხატვაა უკრაინული იდეისა, რომელიც თავისუფლების კაზაკური სულით არსებობს, მაგრამ იტანჯება ბატონყმობითა თუ სალდათობით, ეროვნული ჩაგვრითა თუ მატერიალური გაჭირვებით. მათში გადმოცემულია მთელი უკრაინის სულიერი, მატერიალური თუ ფსიქოლოგიური სიმდიდრე. ეს ნაწარმოები მრავალგზის გამოიცა მისი სიკვდილის მერეც და დღესაც დიდი პოპულარობით სარგებლობს. მის შემოქმედებაში დიდი ადგილი უკავია უკრაინას, კაზაკებს, დნეპრს, ოჯახს, ბავშვებს...
ტარას შევჩენკოს ნაწარმოებების ყველაზე დიდი ძალა, მისი ხალხური წიაღიდან წარმომავლობაა. კრიტიკოსები ამბობენ, რომ ზუსტად ვერ განსაზღვრავ, სად მთავრდება უკრაინული ხალხური მოტივები თუ სახეები მის შემოქმედებაში და სად იწყება შევჩენკოს დიდი ტალანტის გამოვლინება.
მაგრამ, ერთი რამ უნდა ითქვას ჩვენი მხრიდან, ტარას შევჩენკოს სრულიად გათავისებული ჰქონდა თავისი ძვირფასი სამშობლო და ამიტომ, სადაც ტარას შევჩენკოა, იქ არის უკრაინა და სადაც უკრაინაა, ან უკრაინისადმი დიდი სიყვარული, ყველგან ტარას შევჩენკოს სული ტრიალებს.
ტარას შევჩენკოს გარეგნობაშიც კარგად აისახება უკრაინული ფესვები, რომელიც ისეთივე მტკიცე და ძლიერია, როგორც თავისუფლება, რომელსაც ვერ დათრგუნავს ვერც ბატონ-ყმობა, ვერც გადასახლება და ვერც ვერაფერი.
0