15:43:30     23-01-2015
ვაზაგაშვილის საქმეზე შესაძლოა ივანიშვილი დაკითხონ
დაკითხავენ თუ არა საქართველოს ყოფილ პრემიერ მინისტრ ბიძინა ივანიშვილს იური ვაზაგაშვილის მკვლელობის საქმეზე?- ეს კიხვა აქტუალური მას შემდეგ გახდა, რაც გარდაცვლილის მეგობრებმა დაადასტურეს ინფორმაცია, რომ მკვლელობამდე ოთხი დღით ადრე იური ვაზაგაშვილი ივანიშვილს შეხვდა.
შეხვედრის ფაქტი ადვოკატმა ირმა ჭკადუამაც დაადასტურა. მისი თქმით, ვაზაგაშვილი ექსპრემიერ ბიძინა ივანიშვილს გარდაცვალებამდე 4 დღის ადრე შეხვდა.
"იური ვაზაგაშვილის და ბიძინა ივანიშვილის შეხვედრას სხვა პირებიც ესწრებოდნენ. შეხვედრაში არ მონაწილეობდნენ ვაზაგაშვილის ადვოკატები. მაქვს ინფორმაცია იმაზე, თუ ვინ ესწრებოდა ამ შეხვედრას. ასევე ვიცი საუბრის თემა და დეტალები, თუმცა გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე ამ საკითხებზე ვერ ვისაუბრებ" -აცხადებს ირმა ჭკადუა.
ივანიშვილ-ვაზაგაშვილის შეხვედრის ფაქტს ადასტურებს სოსო რობაქიძეც.
"მე ვადასტურებ, რომ ოთხი დღის წინ შეხვდა ბიძინა ივანიშვილს".
ვაზაგაშვილების ოჯახის ადვოკატმა გაგი მოსიაშვილმა
კი განაცხადა, რომ "იმ შემთხვევაში, თუკი გარდაცვალებამდე იური ვაზაგაშვილი ნამდვილად შეხვდა ბიძინა ივანიშვილს, ივანიშვილის დაკითხვა უნდა მოხდეს".
"ვერ დავადასტურებ, ნამდვილად გაიმართა თუ არა ეს შეხვედრა. მაგრამ თუკი იური ვაზაგაშვილი გარდაცვალებამდე შეხვდა ბიძინა ივანიშვილს, მაშინ ბიძინა ივანიშვილით გამოძიება უნდა დაინტერესდეს და აუცილებელია მოხდეს მისი დაკითხვა. საინტერესოა, რა ინფორმაციას ფლობდა ბიძინა ივანიშვილი ზურაბ ვაზაგაშვილის საქმესთან დაკავშირებით", - განაცხადა გაგი მოსიაშვილმა.
"პრესა.ჯი" დაინტერესდა გეგმავს თუ არა მთავარი პროკურატურა ვაზაგაშვილის მკვლელობის საკითხზე ბიძინა ივანიშვილის დაკითხვას და ამ კითხვით ბადაშვილის უწყების პრესსამსახრს მიმართა, თუმცა ამ ეტაპზე ივანიშვილის შესაძლო დაკითხვაზე პროკურატურაში არაფერს ამბობენ.
იური ვაზაგაშვილი მიმდინარე წლის 20 იანვარს კასპის რაიონში, სოფელ ყარაფილაში, შვილის, ზურაბ ვაზაგაშვილის სასაფლაოსთან მომხდარი აფეთქების შედეგად გარდაიცვალა.
ვაზაგაშვილის გარდაცვალების ფაქტზე მთავარმა პროკურატურამ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას დამამძიმებელ გარემოებაში გულისხმობს.
0