12:01:42     19-01-2015
როდის იგეგმება უკრაინაში დაღუპული ქართველი სამხედროს სამშობლოში გადმოსვენება?
უკრაინაში
საბრძოლო მოქმედებების დროს დაღუპულ 37 წლის ქართველ ჯარისკაცს თამაზ
სუხიაშვილის ცხედარს სავარაუდოდ დღეს დნეპროპეტროვსკიდან კიევში
გადაასვენებენ.
ამის შესახებ ინფორმაცია „პრესა.ჯი“-ს უკრაინაში საქართველოს კონსულის მოვალეობის შემსრულებელმა თემურ კერესელიძემ განუცხადა.
- როდის მოხდება თამაზ სუხიაშვილის ცხედრის კიევში გადასვენება?
- ველოდებით ოფიციალურ წერილს. ამ დროისთვის, ჩვენთვის საქართველოს მოქალაქის დაღუპვისა და ასევე სამი პირის დაჭრის შესახებ ინფორმაცია ოფიციალურად არავის დაუდასტურებია. აღნიშნულ ინფორმაციას დაღუპულის თანამებრძოლებზე დაყრდნობით ვადასტურებთ. ჩვენ დაღუპულის თანამებრძოლს დავუკავშირდით, რომელიც აცხადებს, რომ როგორც კი მოუახლოვდება კიევს, შეგვატყობინებს.
-საქართველოში გადმოსვენების საკითხი გარკვეული არ არის?
-ამ ეტაპზე არა, როგორც კი ცხედარს ჩამოასვენებენ კიევში, დავუკავშირდებით გარდაცვლილის ოჯახს და მათთან ერთად გავივლით ყველა საკითხს. ეს უახლოეს დღეებში გაირკვევა.
უკრაინაში, დონეცკის მახლობლად ქართველი მოხალისის დაღუპვის შესახებ გავრცელებული ინფორმაცია მისმა თანამებრძოლმა, დავით მაყიშვილმა ქართულ ტელევიზიას გუშინ დაუდასტურა.
მაყიშვილის ინფორმაციით, ოპერაცია, რომლის დროსაც ქართველი მებრძოლი დაიღუპა, გუშინ საღამოს 6 საათისთვის განხორციელდა დონეცკის აეროპორტის მახლობლად.
შეტაკების დროს მისი თანამებრძოლები ორმაგ ცეცხლში მოყვნენ, რის შედეგადაც დაიღუპა ერთი და სამი დაიჭრა.
"ინფორმაცია იმის შესახებ, რომ გუშინ საღამოს შეტაკების დროს ერთი ქართველი მებრძოლი დაიღუპა და სამი დაიჭრა მსუბუქად, დასტურდება ჩემი მხრიდან. მე მაქვს სრული ინფორმაცია, რომ გუშინ საღამოს 6 საათზე მოხდა შეტაკება 93-ე ბრიგადის მეორე ბატალიონის ასეულსა და რუს სამხედროებს შორის დონეცკის მიმართულებით დასახლებულ პუნქტ პესკებიდან. ეს ოპერაცია განხორციელდა იმისათვის, რომ გადაეტანათ ინტერესი მოწინააღმდეგისა უკრაინის მხარეს, რათა მომხდარიყო აეროპორტის გზის გახსნა, საიდანაც მოხერხდებოდა დაჭრილების გამოყვანა. მოგეხსენებათ, ბოლო სამი დღეა აეროპორტში მიმდინარეობს გამძვინვარებული ბრძოლა და ვერ ხერხდებოდა დაჭრილების გამოყვანა; ვერ ხერხდებოდა გარდაცვლილების გამოყვანა. აქედან გამომდინარე, მიიღეს გადაწყვეტილება, რომ სხვადასხვა მიმართულებაზე უკრაინის შეიარაღებულ ძალებს განეხორციელებინათ მცირე მასშტაბის შეტევები, რათა მომხდარიყო აეროპორტის ტერიტორიის გზის გახსნა. ამ მცირემასშტაბიანი შეტევის დროს, ჩვენთვის სამწუხაროდ, დაიღუპა ერთი ქართველი მებრძოლი და სამი დაიჭრა," - განუცხადა "რუსთავი 2"-ს მაყაშვილმა.
რაც შეეხება საგარეო საქმეთა სამინისტროს, უწყებაში ამ დროისათვის მომხდარზე კომენტარს არ აკეთებენ.
სამინისტროში „პრესა.ჯი“-ს განუცხადეს, დაღუპული ქართველი მებრძოლის შესახებაც არაოფიციალური წყაროებით ფლობენ ინფორმაციას. თუმცა, მათ უკრაინის ოფიციალური უწყებები ამ ფაქტს ვერ უდასტურებენ.
ქართველი მებრძოლის გარდაცვალების ფაქტს უკრაინაში მებრძოლი "ქართული ლეგიონის" მეთაური, მამუკა მამულაშვილი გამოეხმაურა.
მამულაშვილი ყველას მოუწოდებს, ვისაც უკრაინაში მყოფი ქართველი მებრძოლების დახმარება სურს, გარდაცვლილების ოჯახებს დაეხმარონ.
"მინდა გითხრათ, რომ ჩემი გმირები მხოლოდ ეს ჩვენი დაღუპული გმირები არიან, ალეკო გრიგოლაშვილი და თამაზ სუხიაშვილი!!! რაც შეეხება მონდომებას რომ ვინმემ რამე გადმოგვცეთ, უკვე არაერთხელ ვთქვი. გთხოვთ ყველას, თანხა თუ რაიმე სახის სხვა დახმარება მხოლოდ ამ ორი პიროვნების ოჯახებს გადასცეთ, ჩემი მებრძოლები შეთანხმდნენ, რომ ყველაფერი მიცვალებული გმირების ოჯახებს გადაეცეთ! ჩვენ დახმარებას არ მივიღებთ!,-წერს მამულაშვილი.
დაღუპული ქართველი მებრძოლი თამაზ სუხიაშვილი, ხაშურის რაიონის სოფელ ცხრამუხადან იყო.
ის საქართველოს შეიარაღებულ ძალებში 2012 წლამდე მსახურობდა.
თამაზ
სუხიაშვილი ავღანეთში "აისაფის" მისიაში მსახურობდა, იბრძოდა ერაყშიც.
ასევე იყო 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის მონაწილე და თავდაცვის
სამინისტროს გორის განსაკუთრებულ დავალებათა დანაყოფის ლეიტენანტი.