ვინ მოკლა კობა აღლემაშვილი? ვინ მოკლა კობა აღლემაშვილი? />


  12:04:24     09-01-2015

ვინ მოკლა კობა აღლემაშვილი?

a34322.jpg

ვაზისუბანში მოკლული კობა აღლემაშვილის ახლობლების ინფორმაციით, მკვლელობაში ეჭვმიტანილი პოლიციელია და ის სამართალდამცავებმა უკვე დააკავეს.

 "იმდენჯერ აქვს თავში ჩარტყმული, რომ თავი საერთოდ აღარ აქვს. საშინელი სანახავია, მოვითხოვ დამნაშავის უმკაცრესად დასჯას," - აცხადებს კობა აღლემაშვილის მამა, ზურაბ აღლემაშვილი. 

ოჯახის წევრების მტკიცებით, გარდაცვლილს თავს პოლიციელი დაესხა და ის უკვე დაკავებულია.

ზურა აღლემაშვილის ინფორმაციით,  მკვლელობა 19:00 საათზე მოხდა.

"რა მოხდა მანამდე, რა მოტივი ჰქონდათ, ვის რა უნდოდა ჩემი შვილისგან, უცნობია. 6 თვის წინაც დაესხნენ თავს სადარბაზოში, ვინ დაესხა მაშინ თავს ეს პოლიციას არ გამოუძიებია. მოვითხოვთ, ჩატარდეს გამოძიება, დაისაჯონ მკვლელები. ქვეყანაში განუკითხაობაა და ეს არ შეიძლება", - აცხადებს გარდაცვლილის მამა.

მოკლულის მეგობრები ჟურნალისტებთან საუბრისას ამბობენ, რომ კობა აღლემაშვილის ცხედარი საცხოვრებელი კორპუსის სადარბაზოს ლიფტთან მეზობლებმა ნახეს.

მეგობრების თქმით, გარდაცვლილს  საკუთარი ბიზნესი ჰქონდა, შესაბამისად ისინი არ გამორიცხავენ, რომ მკვლელობა აღლემაშვილის ბიზნეს საქმიანობას უკავშირდებოდეს .

„პრესა.ჯი“ მომხდარის შესახებ კობა აღლემაშვილის  ნათესავს, ადიგენის მაჟორიტარ დეპუტატ ზურაბ ჩილინგარაშვილს ესაუბრა. 

 "პრესა.ჯი": რა იცით მომხდარის შსახებ?

 -იგივე რაც ჟურნალისტებმა გააჟღერეს. კობა სადარბაზოში ლიფტთან მეზობლებს უპოვიათ. 

 -არსებული ინფორმაციით, მკვლელობაში ეჭვმიტანილი პოლიციელია...

 -ეს ინფორმაცია გაჟღერდა.  ჩემი ვარაუდით ეს ალბათ არის პიროვნული დაპირისპირება პოლიციელთან, თორემ პოლიციასთან კობას დაპირისპირება არ ჰქონია.

-გარდაცვლილს ადრეც დაესხნენ თავს?

 -აგვისტოშიც დაესხნენ თავს, მაშინ კობა სასწაულებრივად გადაურჩა სიკვდილს. როგორც ჩანს, მკვლელმა იფიქრა, რომ მას არ სჯიან და დაუსჯელობის სინდრომიდან გამომდინარე კვლავ თავს დაესხა, თავში ბლაგვი საგნით მიაყენა ძლიერი დარტყმა და მოკლა.

 ბოლო ინფორმაციით, კობა აღლემაშვილის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროდან ვალეში გადაასვენეს.

მეზობლები გარდაცვლილ კობა აღლემაშვილს უკონფლიქტო პიროვნებად ახასიათებენ. გარდაცვლილს მეუღლე და ორი წლის გოგონა დარჩა. 

„პრესა.ჯი“ შს სამინსიტროს დაუკავშირდა, თუმცა უწყებაში ამ ეტაპზე არაფერს ამბობენ  დაკავებულის შესახებ. 

შესაბამისად უცნობია არის თუ არა 31 წლის მამაკაცის მკვლელობაში ეჭვმიტანილი პოლიციის თანამშრომელი.

გამოძიება კი 108-ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

 

 

0

ავტორი: