00:42:47     06-01-2015
მოსკოვის ახალი თავსატეხი - მაკკეინი პენტაგონის კოორდინატორად დაინიშნა
ვაშინგტონის ზეწოლით შევიწროვებულ მოსკოვს კიდევ ერთი თავსატეხი გაუჩნდა. სენატის შეიარაღებული ძალების საქმეთა კომიტეტს სათავეში პუტინის ერთ-ერთი ყველაზე აქტიური პოლიტიკური ოპონენტი, გავლენიანი რესპუბლიკელი სენატორი ჯონ მაკკეინი ჩაუდგა. უფლებამოსილების შესრულებას პუტინის მოძულე პოლიტიკოსი 3 იანვრიდან შეუდგა, რაც იმას ნიშნავს, რომ პენტაგონის ასიგნირებისა და გადაწყვეტილებების მიღების პროცესში მაკკეინიც აქტიურად იქნება ჩართული.
78 წლის პოლიტიკოსს, ყოფილ სამხედრო პილოტსა და ვიეტნამის ომის მონაწილეს მაღალი პოლიტიკური პოსტი მას შემდეგ ერგო, რაც რესპუბლიკელებმა სენატის არჩევნებში დემოკრატები დამაჯერებელი უპირატესობით დაამარცხეს. მანამდე ის პოლიტიკურად ყველაზე ცხელი შტატს, არიზონას კაპიტოლიუმში 30 წლის განმავლობაში წარმოადგენდა. მაქქეინი სენატში ვაჭრობისა და ინდიელთა საკითხების კომიტეტებსაც ხელმძღვანელობდა.
ხისტი პოზიციით ცნობილი პოლიტიკოსი არა მხოლოდ დემოკრატების, არამედ თანაგუნდელების კრიტიკასაც არასდროს ერიდებოდა. 2000 წელს მაკკეინმა პირობა დადო, რომ შიდა პარტიულ არჩევნებში უმცროს ჯორჯ ბუშს დაამარცხებდა, თუმცა პირობის შესრულება ვერ შეძლო. პრაიმერიზში ის ბუშმა მცირედი უპირატესობით დაამარცხა.
მაკკეინის პოზიცია რესპუბლიკელთა სტრატეგიას არცთუ იშვიათად არ ემთხვეოდა, რის გამოც ის პოლიტიკურ წრეებში "დისიდენტის" სახელითაა ცნობილი.
2008 წელს მაკკეინმა მიზანს მაინც მიაღწია და საპრეზიდენტო არჩევნებში რესპუბლიკელთა კანდიდატი გახდა, თუმცა როგორც პოლიტიკური ექსპერტები ირწმუნებიან, მან წინასაარჩევნო კომპანიის მსვლელობისას გამოუსწორებელი შეცდომა დაუშვა და ვიცე-პრეზიდენტობის კანდიდატად ალიასკის ექსცენტრული გუბერნატორი სარა პეილინი დაასახელა, რამაც ამომრჩეველთა ხმები დააკარგვინა. მიუხედავად ამისა, მაკკეინმა დემოკრატთა ახალგაზრდა ლიდერს ღირსეული კონკურენცია გაუწია. წინასაარჩევნო კამპანიისას ის კონკურენტის მიმართ კრიტიკას არ იშურებდა. მაკკეინი ობამას სოციალიზმის იდეების ერთგულებაშიც კი ადანაშაულებდა.
ხანგრძლივი ლიდერობის შემდეგ დემოკრატების რეიტინგმა ვარდნა დაიწყო, რაც საპარტლამენო არჩევნების შედეგებზეც აისახა. დემოკრატებმა კონგრესის არჩევნები გასულ წელს პირწმინდად წააგეს, რამაც მაკკეინს კიდევ ერთი შანსი მისცა. 78 წლის სენატორი ახალ პოსტზე იმის დამტკიცებას შეეცდება, რომ პოლიტიკურ კარიერაში ბოლო სიტყვა ჯერ კიდევ არ უთქვამს.
პენტაგონის კურატორად მაკკეინის დანიშვნას მოსკოვის მხრიდან პირველი კომენტარები უკვე მოჰყვა. "ეს კარგს არაფერს მოასწავებს. ძნელია ითანამშრომლო ადამიანთან, რომელიც შენში მხოლოდ მტერს ხედავს,"-განაცხადა რუსეთის თავდაცვის მინისტრის მოადგილემ ანატოლი ანტონოვმა.
მანამდე კი მაკკეინის მიმართ ცინიკური ეპითეტები არც კრემლის ლიდერმა დაიშურა. "მაკკეინი თავის დროს ვიეტნამელთა ტყვეობაში მოხვდა. ის რამდენიმე წელი ორმოში ჰყავდათ ჩამწყვდეული. ამიტომ, გასაკვირი არ არის მისი სიძულვილი ყველას და ყველაფრის მიმართ,"-განაცხადა პუტინმა.
ეს მას შემდეგ მოხდა, რაც მაკკეინმა საჯაროდ განაცხადა, რომ პუტინის თვალებში მხოლოდ სამ ასოს, "კგბ"-ს ხედავს.
მაკკეინის პოლიტიკურ ოპონენტებს, პუტინსა და ობამას არასდროს გამოუვლიათ ის განსაცდელი, რაც ვიეტნამის ომის მონაწილე სენატორმა გამოიარა. 1967 წელს სამხედრო მფრინავი მაკკეინი საბჭოთა რაკეტით ჰანოისთან ჩამოაგდეს. ის ტყვედ ვიეტნამელებს ჩაუვარდა. ჰოალოს ციხიდან მისი გათავისუფლების დიდი ხნის განმავლობაში არავის სჯეროდა. ტყვეობაში მაქქეინმა 5 წელი დაჰყო.
"როდესაც ჩემი დასჯა სურდათ, გავყავდი კამერაში და უმოწყალოდ მცემდნენ. ხელები და ნეკნები ყოველთვის მოტეხილი მქონდა,"-იხსენებდა მოგვიანებით ყოფილი ტყვე.
5 წლიანი ტყვეობისა და მძიმე მოგონებების მიუხედავად, სწორედ მაკკეინი იყო ერთ-ერთი იმ პოლიტიკოსთაგან, რომელიც ვიეტნამთან დიპლომატიური ურთიერთობის ინიციატივით გამოვიდა და 2000 წელს ჰანოისაც სტუმრობდა. 2005 წელს კი მაკკეინის თანამონაწილეობით ახალი კანონპროექტი შემუშავდა, რომელიც ავღანეთსა და ერაყში დატყვევებული მებრძოლების წამებას კრძალავდა.
რაც შეეხება რუსეთს, პოლიტიკურ ექსპერტთა ვარაუდით, მოსკოვი მაკკეინისგან ლოიალურ დამოკიდებულებას არ უნდა ელოდეს.
ბოლო ერთი წლის განმავლობაში რესპუბლიკელი სენატორი ყველა ანტირუსული რეზოლუციისა და პროექტის შემუშავებაში იღებდა მონაწილეობას. აპრილში მაკკეინი რუსეთის აგრესიის შესაჩერებლად უკრაინის შეიარაღების ინიციატივით გამოვიდა. "მიეცით მათ იარაღი, რომ თავი დაიცვან. თუ მათ იარაღი ექნებათ, რუსეთის წინააღმდეგ იბრძოლებენ,"-ირწმუნებოდა მაკკეინი. პოლიტიკურ წრეებში ვარაუდობენ, რომ სენატის კომიტეტის ახალი ხელმძღვანელი ამ საკითხს ახალ პოსტზეც არაერთგზის დააყენებს.
კიდევ ერთი ინიციატივა, რომელიც სენატორ მაკკეინს ეკუთვნის, შეერთებული შტატებისა და ნატოს მოკავშირედ უკრაინის გამოცხადებაა, თუმცა გადაწყვეტილება ვაშინგტონში ამ დრომდე არ მიუღიათ.
რუსი კრიტიკოსები ამერიკელ სენატორს რუსოფობიაში ხშირად ადანაშაულებენ, რაშიც მაკკეინის ხისტ გამონათქვამებს იშველიებენ. მაგალითისთვის, გასლი წლის მარტში კიევიდან სამშობლოში დაბრუნებულმა მაკკეინმა რუსეთს "ბენზინგასამართი სადგური უწოდა, რომელიც საკუთარ თავს სახელმწიფოდ თვლის."
თავად მაქქეინი საკუთარ თავს მილიტარისტული იმიჯის პოლიტიკოსად არ თვლის და აცხადებს, რომ უფრო სამხედრო აუდიტორია, ვიდრე თავდაცვაზე ფულის ხრჯვით შეპყრობილი მენეჯერი. მაგალითისთვის, ნოემბერში რესპუბლიკელმა სენატორმა ავიამზიდ "ჯერარდ ფორდის" დაფინანსების 3 მილიარდი დოლარით გაზრდა გააპროტესტა.
კიდევ ერთი საკითხი, რომელსაც საპასუხისმგებლო პოსტზე არჩეული მაკკეინი ყურადღებას დაუთმობს, ირანის ბირთვული პროგრამა იქნება. სენატის შეიარაღებული ძალების საქმეთა კომიტეტის ხელმძღვანელი თეირანთან ნებისმიერ გარიგებას კატეგორიულად ეწინააღმდეგება და აცხადებს, რომ ირანის ხელისუფლების ნდობა დაუშვებელია.
ცნობილია ისიც, რომ მაკკეინი ობამას ადმინისტრაციას "ისლამური სახელმწიფოსთან" ბრძოლის სტრატეგიასაც უწუნებს. მაკკეინი მიიჩნევს, რომ ისლამისტთა პოზიციების დაბომბვა ჯიჰადისტთა დასამარცხებლად საკმარისი არ არის. ის ქურთი მებრძოლების იარაღით მომარაგებას მოითხოვს.
მაქქეინი პრეზიდენტის პოლიტიკასთან ფუნდამენტური უთანხმოების დემონსტრირებას ვიზუალურადაც ახდენს. მაშინ, როდესაც თეთრი სახლის ლიდერი შობას ჰავაიზე გოლფის თამაშით ირთობდა თავს, მაკკეინი შობის დღესასწაულს ავღანეთში ამერიკელ ჯარისკაცებთან ერთად აღნიშნავდა.
0