16:26:29     05-01-2015
მკვლელობა თუ თვითმკვლელობა - დაკარგული დავით ბაშარული გარდაცვლილი იპოვეს
ოკუპირებული
ახალგორიდან 6 თვის წინ გაუჩინარებული 19 წლის ბიჭის ცხედარი ხეზე
ჩამოკიდებული იპოვეს. დავით ბაშარულის გარდაცვალების გარემოებები უცნობია.
ცხედარი ოკუპირებულ ახალგორსა და სოფელ იკოთს შორის, ადგილობრივებმა დღეს იპოვეს.
ახალგორის
მუნიციპალიტეტის გამგებელმა ნუგზარ თინიკაშვილმა „პრესა.ჯი“-ს განუცხადა,
რომ სავარაუდოდ 19 წლის ახალგაზრდა დიდი ხნის გარდაცვლილია და მისი
ცხედარი აღნიშნულ ტერიტორიაზე მხოლოდ გუშინ საღამოს მიიტანეს.
ნუგზარ თინიკაშვილი: 19 წლის ახალგაზრდას ცხედარი ადგილობრივებმა დღეს
დილით ახალგორსა და სოფელ იკოთს შორის იპოვეს. ჩვენი ვარაუდით, ბავშვი დიდი
ხნის გარდაცვლილია და უბრალოდ გუშინ ჩამოკიდეს ხეზე. წინააღმდეგ
შემთხვევაში, ამ ხნის განმავლობაში იკოთელები ცხედარს აუცილებლად
შენიშნავდნენ.
მომხდარის შესახებ ინფორმაცია სულ ეხლახან გაიგეს წეროვანის დასახლებაში, სადაც გარდაცვლილის მეზობლები ცხოვრობენ.
„ჩვენც
ახლახან გავიგეთ დათოს ამბავი, 6 თვე გაუჩინარებული იყო. ბაშარული 4
ივნისს მილიციის თანამშრომლებმა განყოფილებაში დასაკითხად წაიყვანეს, რის
შემდეგაც მასზე არაფერი გაგვიგია, დღეს კი შეგვატყობინეს, რომ ხეზე
ჩამოკიდებული უპოვიათ“,- უთხრა „პრესა.ჯი“-ს ოკუპირებული ახალგორიდან
დევნილმა.
დავით ბაშარული 4 ივნისს მილიციის თანამშრომლებმა განყოფილებაში დასაკითხად წაიყვანეს, საიდანაც გაუჩინარდა.
ახლობლები ვარაუდობენ, რომ სამართალდამცავები მას ფიზიკურად გაუსწორდნენ და მოკლეს კიდეც.
დავით ბაშარული ახალგორში კომუნალურ სამსახურში მუშაობდა.
გარდაცვლილის
ახლობლების ინფორმაციით, 6 თვის წინ მის უბანში ბინა გატეხეს და ამ
საქმეზე უნდა დაეკითხათ, რის შემდეგაც დათო არავის უნახავს.
გარდაცვლილის ნათესავები დარწმუნებულნი არიან, რომ დაკავებული მილიციამ სცემა, შემოაკვდათ და ცხედარი გადამალეს.
0
ავტორი: