12:17:03     09-12-2014
დევნილთა სახლებისთვის გამოყოფილი თანხის მითვისების ფაქტზე 5 პირს ბრალი წაუყენეს
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, ლტოლვილთა საცხოვრებელი კორპუსების მშენებლობისთვის გამოყოფილი თანხის უკანონოდ დაუფლების ბრალდება ხუთ პირს წაუყენეს. მათგან 3 პირი საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს თანამშრომელია.
გამოძიების ინფორმაციით, შპს „NBG“-ს ხელმძღვანელები, ლტოლვილთათვის ორი ხუთსართულიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობის პროცესში, მართლსაწინააღმდეგოდ დაეუფლნენ ლტოლვილთა სამინისტროს მიერ გამოყოფილი თანხის ნაწილს 1 081 611 ლარს.
ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის განცხადება:
"საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა, სახელმწიფო ქონების მოტყუებით მართლსაწინააღმდეგოდ დაუფლების, სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებისა და სამსახურებრივი გულგრილობის ფაქტზე, სისხლის სამართლის პასუხისგებაში მისცა შპს „NBG“-ის დირექტორები - ნუგზარ ენდელაძე და ალექსანდრე ხურციძე, ასევე, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს ტექნიკური ზედამხედველობის სამმართველოს ყოფილი უფროსი თეიმურაზ მაღალდაძე, ამავე სამმართველოს ყოფილი მთავარი სპეციალისტი რატი სვანიძე და საფინანსო დეპარტამენტის ყოფილი უფროსი, ამირან გოგიძე.
დადგენილია, რომ შპს „NBG“-ს ხელმძღვანელები, ლტოლვილთათვის ორი ხუთსართულიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობის პროცესში, მართლსაწინააღმდეგოდ დაეუფლნენ ლტოლვილთა სამინისტროს მიერ გამოყოფილი თანხის ნაწილს 1 081 611 ლარს.
გარდა ამისა, სამინისტროს ყოფილმა თანამშრომლებმა ბოროტად გამოიყენეს სამსახურებრივი უფლებამოსილება, არ შეამოწმეს სამშენებლო სამუშაოები და ყალბი აქტები დაადასტურეს ხელმოწერით.
ამასთანავე, ლტოლვილთა სამინისტროს საფინანსო დეპარტამენტის ყოფილმა უფროსმა გამოიჩინა სამსახურებრივი გულგრილობა და სამინისტროს სასარგებლოდ არ მოითხოვა ხელშეკრულების შესრულების საბანკო გარანტია - 211 200 ლარი, რითაც სამინისტროს მიადგა მნიშვნელოვანი მატერიალური ზიანი.
საქმეზე გამოძიება გრძელდება სსკ-ის 180-ე, 332-ე, 342-ე და 362-ე მუხლით".
0