10:46:30     05-03-2011
ელვის პრესლის ქუჩა ბუდაპეშტში
ელვის პრესლის ბუდაპეშტის საპატიო მოქალაქის სტატუსი მიენიჭება.. სიკვდილის შემდეგ. ამას გარდა, ქალაქის ერთერთ ქუჩას, როკ-ენ-როლის მეფის პატივსაცემად, მის სახელს უწოდებენ. ამის შესახებ “ასოშეითედ პრესი” იტყობინება, უნგრეთის დედაქალაქის მერის, იშტვან ტარლოშის განცხადებაზე დაყრდნობით.
ჩინოვნიკმა, რომელიც გამოტყდა, რომ მისი ფირფიტების კოლექციაში ელვისის ერთი ალბომიც კი არ მოიძებნება, ეს გადაწყვეტილება პოლიტიკური მიზეზით მიიღო. ქალაქის თავის თქმით, ელვისი ამ სტატუსს იმის გამო მიიღებს, რომ მხარი დაუჭირა უნგრელებს, 1956 წლის აჯანყების დროს.
საქმე ეხება პრესლის 1957 წლის 6 იანვრის გამოსვლას “ედ სალივანის შოუში,” რომლის დროსაც მომღერალმა კომპოზიცია “Peace in the Valley” შეასრულა. ამ სიმღერით პრესლის სურდა გამოეხატა თავისი შეშფოთება აჯანყების ჩახშობის მიმართ, რომელიც უნგრეთში კომუნისტური რეჟიმის დამხობისაკენ იყო მიმართული.
უახლოეს დღეებში ბუდაპეშტის მცხოვრებლებმა უნდა აირჩიონ კონკრეტულად ქალაქის რომელ ადგილს დაარქმევენ პრესლის სახელს. პრეტენდენტების სიაში 12 ქუჩაა წარმოდგენილი. ხმის მიცემა, რომელიც ქალაქის ადმინისტრაციის ოფიციალურ საიტზე მიმდინარეობს, 15 მარტს დასრულდება.
0