14:09:19     01-12-2014
ვინ არის პოლიციელის მკვლელობაში ეჭვმიტანილი - ახალი დეტალები
ყვარელში მოკლულ დეტექტივ-გამომძიებელ გელა ფიცხელაურს რეგიონში კარგ პოლიციელად ახასიათებენ.
ყვარლის მუნიციპალიტეტის გამგეობში „პრესა.ჯი“-ს უთხრეს, რომ მათთვის უცნობია რა შეიძლება გამხდარიყო 40 წლის პოლიციელის განზრახ მკვლელობის მოტივი.
ოფიციალური ინფორმაციით, ყვარელში, ჭავჭავაძის ქუჩაზე, ეჭვმიტანილმა გელა ფიცხელაურს გადაჭრილი სანადირო თოფიდან, ზურგში ესროლა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. პოლიციამ 28 წლის ეჭვმიტანილი, ილია სეფაშვილი ცხელ კვალზე დააკავეს.
„პრესა.ჯი“ მომხდარის მიზეზებზე ყვარლის გამგებლის მოადგილეს, მალხაზ ხიზანიშვილს ესაუბრა.
„პრესა.ჯი“: შს სამინისტროს ინფორმაციით, მკვლელობა წლების წინ მომხდარი კონფლიქტის ნიადაგზე მოხდა, თქვენთვის ცნობილია რა კონფლიქტზეა საუბარი?
- ნამდვილად არ ვიცი, რა კონფლიქტი არსებობდა ამ ორ ადამიანს შორის. ვიცი რომ მკვლელობაში ეჭვმიტანილი და მოკლული ყვარლის რაიონში ცხოვრობდნენ.
ეჭვმიტანილი წლებია საზღვარგარეთ ცხოვრობდა. ახლახან ჩამოვიდა. ყველა გაკვირვებულია, ვისაც ვესაუბრე ვერავინ იხსენებს მათ შორის არებულ კონფლიქტს. გელა ფიცხელაური, ყოფილი სპორტსმენი იყო, მომღერალი, ძალიან მეგობრული ადამიანი.
- სად მოხდა მკვლელობა?
- პოლიციელს მისი სახლის სადარბაზოში ესროლეს გადაჭრილი თოფიდან. როგორც ჩანს მკვლელი ჩასაფრებული იყო.
- რამდენი ხანია, რაც ეჭვმიტანილი ყვარელში დაბრუნდა და რას საქმიანობდა ის საზღვარგარეთ?
- ილია სეფაშვილი, წლებია ინგლისში ცხოვრობდა, იქ რას საქმიანობდა ჩემთვის უცნობია, ვიცი რომ ახლახან ჩამოვიდა საქართველოში“.
შეგახსენებთ, რომ ყვარელში გუშინ, დეტექტივ-გამომძიებელი გელა ფიცხელაური, სანადირო თოფიდან გასროლით მძიმედ დაჭრეს.
"პრესა.ჯი"-ის ინფორმაციით, პოლიციელს საკუთარი სახლის სადარბაზოსთან დახვდნენ და ზურგსა და მუცლის არეში ესროლეს. მძიმედ დაჭრილი ფიცხელაური მალევე გადაიყვანეს საავადმყოფოში, თუმცა მიყენებული ჭრილობები სიცოცცხლისთვის შეუთავსებელი აღმოჩნდა. პოლიციელი დღეს დილით გარდაიცვალა.
შს სამინისტროს ოფიციალური განცხადება:
"შსს-ს კახეთის სამხარეო მთავარი სამართველოს თანამშრომლებმა ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიული და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად 1986 წელს დაბადებული ილია ს. განზრახ მკვლელობის ბრალდებით დააკავეს.
გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულმა მიმდინარე წლის 30ნოემბერს, ყვარელში, ჭავჭავაძის ქუჩაზე, წლების წინ მომხდარი კონფლიქტის ნიადაგზე, ყვარლის რაიონული სამმართველოს დეტექტივის თანაშემწე გამომძიებელს, პოლიციის კაპიტანს, 1970 წელს დაბადებულ გელა ფ-ს გადაჭრილი სანადირო თოფიდან ზურგში ესროლა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.
დაჭრილი პოლიციელის გადარჩენა სამედიცინო ჩარევის მიუხედავად ვერ მოხერხდა. ის საავადმყოფოში მიყვანიდან რამდენიმე საათში გარდაიცვალა.
სამართალდამცველებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიული და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ილია ს. დანაშაულის ჩადენიდან რამდენიმე საათში ყვარელში, კუდიგორის ქუჩაზე დააკავეს. მას გადაწყვეტილი ჰქონდა საქართველოს ტერიტორიის დატოვება და ინგლისში გამგზავრება. დაკავებული აღიარებს ჩადენილ დანაშაულს.
გამოძიება განზრახ მკვლელობის ბრალდებით მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 108-ე მუხლით)"