13:17:01     05-11-2014
პრემიერ - მინისტრმა თავდაცვის ახალი მინისტრი წარადგინა
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა თავდაცვის მინისტრის თანამდებობაზე მინდია ჯანელიძე წარადგინა.
მინდია ჯანელიძე დღემდე პრემიერის თანაშემწე უსაფრთხოების საკითხებში - სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს მდივანი იყო.
2000-დან 2012 წლამდე მინდია ჯანელიძე მუშაობდა საქართველოს დაზვერვის სახელმწიფო დეპარტამენტში, სადაც კარიერა დაიწყო ოპერატიული თანამშრომლის პოზიციიდან. 2012 წლიდან 2014 წლის დასაწყისამდე, ირაკლი ღარიბაშვილის შინაგან საქმეთა მინისტრობისას, იგი ხელმძღვანელობდა შს სამინისტროს კონტრდაზვერვის დეპარტამენტს, 2013 წლის იანვარში კი სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს მდივნად დაინიშნა.
„დარწმუნებული ვარ, მინდია ჯანელიძე იქნება ბევრად უკეთესი მინისტრი, ვიდრე მისი წინამორბედი იყო. რაც მთავარია, იგი ერთგულად და ღირსეულად ერთგულად ემსახურება ქართულ ჯარს და კიდევ უფრო გააძლიერებს საქართველოს შეიარაღებულ ძალებს“, - აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.
მინისტრის თქმით, შეიარაღებული ძალების განვითარების კურსი დარჩება უცვლელი, ორიენტირებული იქნება ევროატლანტიკურ ინტეგრაციაზე.
„ჩვენ ყველაფერს გააკეთებთ, რომ ქვეყანა კიდევ უფრო დაუახლოვდეს ნატოს, მოხდეს ჩვენი შეიარაღბეული ძალების თავსებადობის ამაღლება ნატოსთან, აქტიურად გაგრძელდება თანამშრომლობა ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორ აშშ-სთან, ასევე დიდ ბრიტანეთთან, საფრანგეთთან და გერმანიასთან. მეორე პრინციპი, რასაც დაეფუძნება ჩემი მმართველობა, არის შეიარაღებულ ძალებში მომსახურე ოფიცრების პატივისცემა. მიგვაჩნია, რომ ისინი გმირები არიან, ემსახურებიან ქვეყანას და ყველაფერს გავაკეთებთ, რომ მოახერხონ თავიანთი თავის რეალიზება და ღირსეული სამსახურის გაწევა სამშობლოს მიმართ“, - განაცხადა მინდია ჯანელიძემ.
მინისტრის განმარტებით, ასევე გაგრძელდება მთავრობის კურსი შეიარაღებლი ძალების დეპოლიტიზაციის მიმართულებით, რადგან ჯარი არის ეროვნული უსაფრთხოების ძირითადი ქვაკუთხედი და პოლიტიკური კონიუნქტურისგან თავისუფალი იქნება.
„ჩემი მმართველობა დაეფუძნება კანონის უზენაესობას, გამჭვირვალობას და ეფექტურობას. ყველაფერს გავაკეთებთ, რომ შეძლებისდაგვარად ვიყოთ ღია“, - განაცხადა ჯანელიძემ.
0