გვარამიამ ხაჩიძე "ბრავოდან" მოხსნა - მწვავე დებატები ამალია ჯიბლაძის გამო გვარამიამ ხაჩიძე "ბრავოდან" მოხსნა - მწვავე დებატები ამალია ჯიბლაძის გამო /> "/> " />


  15:03:48     30-10-2014

გვარამიამ ხაჩიძე "ბრავოდან" მოხსნა - მწვავე დებატები ამალია ჯიბლაძის გამო

a32758.jpg

პროექტ "ნიჭიერის" მეხუთე სატელევიზიო სეზონის პირველივე გადაცემა ხმაურიანი გამოდგა.

ორშაბათს გასულმა გადაცემამ მთელი საქართველო აალაპარაკა, ნიჭიერებს შორის  ერთ დღეში პოპულარობა, ხელნაკეთი ნივთების გამყიდველმა ამალია ჯიბლაძემ მოიპოვა. 

საუცხოოდ შესრულებულ სიმღერას ლაიტმოტივად გასდევდა ქალბატონის ცხოვრებისეული დრამა.

ამალიას ნიჭიერება მალევე დააყენეს ეჭვქვეშ შოუბიზნესის წარმომადგენლებმა. 

მომღერალმა ანრი ჯოხაძემ სოციალურ ქსელში დაწერა: ჩვეულებრივად გვაჭამეს ამალია. მაკარ, მოგვატყუეს, მაკარ!.. ეს არის ფონოგრამა !!! სიცრუეში გვამყოფა ამალიამ“. 

ამალია ჯიბლაძის ცოცხლად შესრულებაში ეჭვი შეიტანა გოგა ხაჩიძემაც.

„ობიექტურობა მოითხოვს აღინიშნოს, რომ სიტუაციას ფონოგრამის სუნი ასდის“,- წერს პარლამენტს წევრი და „ჯგუფ სახეს“ ერთ-ერთი წევრი.

დეპუტატ ხაჩიძეს, ეს პოსტი, „რუსთავი 2“-ს გენერალურ დირექტორთან კონფლიქტის ფასად დაუჯდა.

"რუსთავი 2"-ის გენერალურმა დირექტორმა, ნიკა გვარამიამ  საჯაროდ მოუწოდა რუსთავი 2–ის გასართობი შოუების ავტორებსა და წამყვანებს, რომ გოგა ხაჩიძე და ის პირები, რომლებიც არხს თაღლითად აცხადებენ, აღარასდროს გავიდნენ მათ ეთერში.

ნიკა გვარამია: "არხის სახელით მინდა განვაცხადო:

1. ქალბატონმა ამალია ჯიბლაძემ ფილარომონიის დიდ საკონცერტო დარბაზში იმღერა ცოცხლად და არა ფონოგრამით;

2. ვწუხვარ, რომ ქართული ესტრადის ფონოგრამაზე გაწაფული წარმომადგენლები ვერ (ან შეგნებულად არ) ანსხვავებენ ერთმანეთისგან ფონოგრამას და ეთერში გასაშვებ დამუშავებულ ვიდეოს, რა დროსაც მუშავდება მათ შორის ხმაც და ხდება მონტაჟი, რა დროსაც შესაძლებელია ეთერში გამოსახულების და ხმის აცდენა;

3. არ მივიჩნევთ შესაძლებლად, მომავალში რაიმე სახით ვითანამშრომლოთ იმ პირებთან, ვინც არხი პრაქტიკულად თაღლითობაში დაადანაშაულა. შესაბამისად, "ბრავოს" ხვალინდელი ეთერიდან არხის გადაწყვეტილებით მოიხსნა პარლამენტის წევრი, ბატონი გოგა ხაჩიძე. 

4. თუ რაიმე ეჭვები კიდევ არსებობს უნიჭიერესი ქალბატონი ამალიას შესაძლებლობების შესახებ, უყურეთ ოთხშაბათს "სხვა შუადღეს".

პ.ს:  ეს პირადად ჩემგან: მომღერალმა და არამომღერალმა ქართველმა ლუზერებმა 2 დღეც ვერ აიტანეს არსაიდან მოსული ნიჭიერი ქალის პოპულარობა. სამარცხვინო ბოღმები."

გვარამიას უცნაურ გადაწყვეტილებას მალევე გამოეხმაურა "მოხსნილი" ხაჩიძეც... 

"გიორგი, ბოდიშს გიხდი შექმნილი სიტუაციისთვის.

იცი რომ მას შემდეგ რაც „ბრავო"-ში შენი ლობისტი გავხდი, მცდელობას არ ვაკლებდი და მთელი მონდომებით ვემზადებოდი შენს მხარდასაჭერად.

სამწუხაროდ, ერთ კონკრეტულ ნამღერზე, ჩემთვის ობიექტური ე ჭ ვ ი გამოვთქვი და არხის ხელმძღვანელობამ ეს ლამის პირადი შურაცხყოფის რეგისტრში აიყვანა.

სასაცილოა, მაგრამ ამის გამო თურმე პროექტიდან „მომხსნეს". 

როგორც ჩანს ვეღარ დაგეხმარები...

შენ მართლა ნიჭიერი, ძალიან კარგი მომღერალი ხარ და წარმატებები მინდა გისურვო!" - ასე მიმართა ხაჩიძემ "ბრავოს" მონაწილე გიორგი ბერიძის.

რაც შეხება „ნიჭიერის“ პროდიუსერს, გიორგი ხაბურძანია მოკლე კომენტარით შემოიფარგლა. „ფონოგრამა არ ყოფილა, ფილარმონიაში ამალია 2500-კაციანი აუდიტორიისა და ჟიურის წინაშე გამოვიდა და ცოცხლად იმღერა. 'შუა დღეშიც' გამოვა და შემდეგ ნახევარფინალშიც დაამტკიცებს, რომ ძალიან მაგრად მღერის. 'რუსთავი 2'-ის პროექტებში ყველა ყოველთვის ცოცხლად ასრულებს სიმღერებს“,- განაცხადა ხაბურძანიამ. 0

ავტორი: