12:54:17     27-10-2014
მახარაძის მკვლელობის საქმეზე დაკავებული ბერძენიშვილი გაათავისუფლეს
ლაშა
მახარაძის მკვლელობის საქმეზე დაკავებული ვლადიმერ ბერძენიშვილი სასამართლო
დარბაზიდან გირაოს, 15 000 ლარის სანაცვლოდ გაანთავისუფლეს.
ბერძენიშვილი
სამართადამცველებმა 4 სექტემბერს დააკავეს. გამოძიების ინფორმაციით,
მახარაძის მკვლელობაში ეჭვმიტანილი, გიორგი ოქროპირიძე შემთხვევის ადგილზე
"მერსედესის" მარკის ავტომობილით სწორედ ბერძენიშვილმა მიიყვანა.
2 სექტემბერს აბაშიძის ქუჩაზე, 27 წლის ლაშა მახარაძეს წარსულში ნასამართლევმა ოქროპირიძემ რამდენჯერმე ესროლა და ბერძენიშვილთან ერთად მიიმალა.
სასიკვდილოდ დაჭრილი
მახარაძის გადარჩენა ვერ მოხერხდა. სამართალდამცველებმა დაადგინეს, რომ
ავტომანქანა 1989 წელს დაბადებულ ვლადიმერ ბერძენიშვილს, მეტსახელად
"ბერძენას" ეკუთვნოდა, რომელიც მალევე ფასანაურში დააკავეს და მას
დანაშაულის შეუტყობინებლობისთვის ბრალი წაუყენეს.
ეჭვმიტანილი ირწმუნებოდა, რომ დამალვა არ უცდია, უბრალოდ, ძალიან დაიბნა და ამიტომ წავიდა ფასანაურში.
რაც შეეხება ოქრიკას, შს სამინისტროს ოფიციალური ინფორმაციით, 1989 წელს დაბადებული, წარსულში განზრახ მკვლელობისთვის ნასამართლევი ოქროპირიძე "საზღვრის უკანონო" გადაკვეთის ბრალდებით ცხინვალის რეგიონის დე-ფაქტო წარმომადგენლებმა დააკავეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი დანაყოფებისა და ევროკავშირის მონიტორინგის მისიის წარმომადგენლების აქტიური მუშაობის შედეგად აღნიშნული პირი 12 სექტემბერს სოფელ ერგნეთში ქართულ მხარეს გადმოეცა.
სასამართლო პროცესებზე ოქროპირიძეს არაფერი უთქვამს 27 წლის ბიჭის მკვლელობის მიზეზზე და მოტივზე.
როგორც ვაკეში ამბობენ, მკვლელობა ძველ წყენას უკავშირდებოდა.
ოქროპირიძეს ციხეში ყოფნისას მოუხდა კონფლიქტი ლაშა მახარაძის აწ გარდაცვლილ ძმასთან, რომელიც მაშინ მარიხუანის მოხმარებისთვის იხდიდა სასჯელს. ამ ვერსიის თანახმად, თურმე ოქროპირიძე ციხეში ე. წ. მაყურებლის სტატუსის მოპოვებას ცდილობდა და ამის გამო ხშირად ჰქონდა კონფლიქტი პატიმრებთან.
ამბობენ, ლაშას ძმამ მაშინ "ოქრიკას" სცემა და სწორედ ძველი წყენა გახდა მკვლელობის მიზეზიო.
არსებობს მეორე ვერსიაც, რომლის მიხედვითაც, ოქროპირიძემ მახარაძე შემთხვევით შენიშნა ქუჩაში რაღაც მიაძახა და ამის მერე ტყვიები დაახალაო.
გიორგი ოქრიპირიძე მეგობრის, 19 წლის ლევან თალაკვაძის განზრახ მკვლელობისთვის იხდიდა სასჯელს, თუმცა "ოქრიკას" პრეზიდენტმა მარგველაშვილმა სასჯელი გაუნახევრა, რის შემდეგაც მსჯავრდებულს "უდო" შეეხო და გათავისუფლდა. ციხიდან გამოსვლის შემდეგ კი, 27 წლის მახარაძე მოკლა.
0