ჩაუდეს თუ არა, კახა ასათიანს ნარკოტიკი? ჩაუდეს თუ არა, კახა ასათიანს ნარკოტიკი? />


  16:19:53     21-10-2014

ჩაუდეს თუ არა, კახა ასათიანს ნარკოტიკი?

a32462.jpg

თბილისში, გლდანის მიმდებარე ტერიტორიაზე 19 აგვისტოს მოქალაქე კახა ასათიანი დააკავეს.  საქმე სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მეორე ნაწილით აღიძრა. აღნიშნული მუხლი ნარკოტიკულ დანაშაულს გულისხმობს (ფსიქოაქტიური ნივთიერების ან მისი ანალოგის უკანონო დამზადება, წარმოება, შეძენა, შენახვა, გადაზიდვა ან გადაგზავნა). 

დაკავებული მალევე  გირაოთი გაათავისუფლეს. გუშინ კი საქალაქო სასამართლოში კახა ასათიანის ბრალდების საქმის განხილვა გაიმართა, სადაც  ასათიანმა სკანდალური განცხადება გააკეთა და თქვა, რომ იგი აგვისტოში გლდანის საშაურმედან გამოსული დააკავეს და გლდანის პოლიციის მეორე განყოფილებაში, კერძოდ, პოლიციის უფროსის  კაბინეტში ნარკოტიკული საშუალება ჩაუდეს. 

ასათიანი აცხადებს, რომ დანაშაულში პოლიციის თანამშრომელი  ზურაბ დათუაშვილი მონაწილეობდა. 

„პრესა.ჯი“ ასათიანის დაკავებისა და დაცვის მხარის ბრალდებებზე ადვოკატ მაგდა კოტრიკაძეს ესაუბრა. 

ადვოკატი აცხადებს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფს ნარკოტიკთან შეხება საერთოდ არ ჰქონია. 

ადვოკატი  მოითხოვს, რომ თითოეული პოლიციელის მიმართ, რომელიც მონაწილეობდა ასათიანის დაკავებაში, დაიწყოს გამოძიება, თუმცა მისივე თქმით, პოკურატურას, არაერთი მოთხოვნის მიუხედავად პოლიციელების წინააღმდეგ გამოძიება ამ დრომდე არ დაუწყია. 

მაგდა კოტრიკაძე: კახა ასათიანი 2014 წლის 19 აგვისტოს გლდანის საშაურმესთან დააკავეს, როდესაც ის მეგობართან ერთად იმყოფებოდა. მასთან ოთხი პირი მივიდა და გაეცნო როგორც პოლიციის თანამშრომელი, მათ სთხოვეს ბატონ კახას გაყოლოდა პოლიციის განყოფილებაში. ჩემ კლიენტს წინააღმეგობა არ გაუწევია. 

- „პრესა.ჯი“: პოლიციას ასათაიანთან ერთად მყოფი პირი არ გადაუყვანია განყოფილებაში? 

- არა, მისთვის ყურადღება არ მიუქცევიათ. დაკავება ხდება გლდანის საშაურმესთან, დაახლოებით ახმეტელის თეატრის მოპირდაპირე მხარეს. იქ ცალმხრივი მოძრაობაა, გადაიყვანეს ჩასვეს პოლიციის მანქანაში და წაიყვანეს. თანმხლები პირი, გოჩა მუმანიანი აჩერებს ტაქსს და სახლის მიმართულებით მიდის. მან ის გზა უნდა გაიაროს, სადაც პოლიციის განყოფილებაა. 

მან დაინახა, როგორ გაჩერდა პოლიციის მანქანა ქეჩის ქუჩაზე, პოლიციის განყოფილებასთან, როგორ გადმოიყვანეს კახა პოლიციის მანქანიდან და შეიყვანეს გლდანის მეორე განყოფილებაში. 

განყოფილებაში შეყვანისას, როდესაც კახა მეორე სართულიდან მესამეზე აჰყავდათ, მან იგრძნო მარცხენა ჯიბესთან შეხება. მან მყისიერად ჰკითხა პოლიციელ ზურა დათუაშვილს, თუ რას აკეთებდნენ... ამის შემდეგ პოლიციის უფროსის ქურდაძის კაბინეტში აიყვანეს კახა. 

- ვინ იმყოფებოდა პოლიციის უფროსის კაბინეტში? 

- პოლიციის უფროსი აღნიშნულ მომენტში იქ არ იმყოფებოდა. იქ იყო დიმიტრი ტუყაშვილი, უფროსის მოადგილე. კაბინეტში ასათიანის დათვალიერება მოხდა ზედაპირულად, უთხრეს რომ პირადი ნივთები ამოეღო. 

კახას ხელბორკილები ედო და შეძლებისდაგვარად წინა ჯიბიდან ამოიღო საფულე. დანარჩენი ნივთები კი პოლიციის თანამშრომლებმა ამოიღეს. 

პოლიციელებმა რომ ვერ მოახერხეს ნარკოტიკის ჩადება ყოველგვარი შესავლის გარეშე პოლიციის თანამშრომელმა ზურა დათუაშვილმა ფოლგაში გახვეული ნივთი აჩვენა და უთხრა კახას, საიდან ჰქონდა ეს ნივთიერება და ვის ეკუთვნოდა, რის შემდეგაც ის დააკავეს. 

ყველაზე საინტერესო ის არის რომ საქმის მასალების მიხედვით, ერთ-ერთი პოლიციელი ამბობს, რომ ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე მოხდა ასათიანის დაკავება. 

პოლიციას მიუვიდა ინფორმაცია, რომ კახა ასათიანი იმყოფებოდა ნარკოტიკული ნივთიერების ზემოქმედების ქვეშ და მას თან უნდა ჰქონოდა ნარკოტიკი და თითქოს ეს გახდა დაკავების მიზეზი. 

გარდა ამისა, საქმეში არის ძალიან ბევრი უზუსტობა. მაგალითად თავიდან მათ განაცხადეს, რომ კახას დაკავება და ჩხრეკა  გლდანის ეკლესიასთან მოხდა, ეკლესია საშაურმედან სამასი მეტრით არის დაშორებული. 

მას შემდეგ კი რაც დაცვის მხარემ დავაყენეთ შუამდგომლობა დაკითხულიყო ასათიანის თანმხლები პირი, მათ ჩათვალეს რომ შესაძლოა კიდევ გვყოლოდა მოწმეები და შეცვალეს თავდაპირველი ჩვენებები. ახალი ჩვენებებით, პოლიციელები აცხადებენ რომ ჩემი დაცვის ქცეშ მყოფი ნამდვილად საშაურმესთან აიყვანეს. 

- რა არის თქვენი მთავარი მოთხოვნა? 

- ვითხოვთ დაუყოვნებლივ დაიწყოს გამოძიება და დაიკითხოს ის 4 პოლიციელი, ვინც მიიღო მინაწილეობა დაკავებაში. მინდა გითხრათ რომ სათიანი არასდროს ყოფილა ნარკოდამოკიდებული, არც არასდროს დაურღვევია კანონი, არასდროს ყოფილა ნასამართლევი. 

- დაკავებისას ასათიანი თუ გადაიყვანეს ნარკოტესტზე ნარკოლოგიურში და რა აჩვენა გამოკვლევამ? 

- მას ჩაუტარდა შემოწმება, მას არ აღმოაჩნდა ნარკორტიკული საშუალება. ანუ ინფორმაცია, რომ პოლიციელ მელაძეს ვიღაცამ ინფორმაცია მიაწოდა რომ ასათიანი იმყოფებოდა ნარკორტიკის ზემოქმედების ქვეშ, ნარკოლოგიური შემოწმების შედეგად მიღებული პასუხებით ბათილდება. 

გარდა ამისა, მინდა ყურადღება გაამახვილოთ ძალიან მნიშვნელოვან ფაქტზე, მანამ სანამ მოსამართლე გიორგი არევაძე ჩემი დაცვის ქვეშ მყოფის გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლებდა, მან მიმართა საქმის პროკურორს, რატომ არ დაიწყეს გამოძიება, რადგან საქმეში დაკავების ადგილი სხვაა მითითებული, ასათიანი კი ამბობს რომ დაკავება საშაურმესთან მოხდა. 

პროკურატურის წარმომადგენელმა საქმის გამოძიება არდაწყება ახსნა იმით, რომ თურმე ამ კონკრეტულ სიტუაციაში დანაშაულის ნიშნები არ იკვეთებოდა. 

- თუ მიმართეთ პროკურატურას გამოძიების მოთხოვნით? 

- ქალაქის პროკურატურას რა თქმა უნდა მივმართეთ მოთხოვნით, დაეწყოთ გამოძიება აღნიშნული პოლიცელების ირგვლივ, მოვითხოვეთ მათი დაკითხვა. 

აღსანიშნავია, რომ კახა ჟურნალისტ თეა ასათიანის ძმაა, რომელიც 40 დღის წინ დაიღუპა, მას ძალიან მძიმე ოჯახური მდგომარეობა ჰქონდა.  ამიტომ ჩვენ დავაყენეთ შუამდგომლობა გირაოსთან დაკავშირებით, რაც მოსამართლემ დააკმაყოფილა. 

- რას უკავშირებს თქვენი კლიენტი მის დაკავებას? 

- მისი დაკავების რეალური მიზეზი, მოტივი უცნობია". 

„პრესა.ჯი“ მოქალაქე ასათიანის ბრალდებაზე და მის საქმეზე თავდაპირველად შს სამინისტროს დაუკავშირდა, სადაც გვითხრეს რომ კომენტარს ვერ გააკეთებდნენ, რადგან საქმე პროკურატურაში იყო გადაგზავნილი. 

მთავარ პროკურატურაში დაგვპირდნენ რომ პოზიციას უახლოეს ხანში დააფიქსირებდნენ. თუ პროკურატურა დაგვიკავშირდება, ცხადია, „პრესა.ჯი“ მათ კომენტარს უცვლელად გამოაქვეყნებს. 

0

ავტორი: