15:42:38     20-10-2014
ცნობილი ქართველი ქალები ქალთა მიმართ ძალადობას გმობენ

ცნობილი
ქართველი ქალები, ქალთა კვლის წინააღმდეგ გაერთიანდნენ. საზოგადოებისთვის
ცნობილმა ქალბატონებმა მონაწილეობა მიიღეს „პრაიმტაიმის“ კამპანიაში,
რომელიც ძალადობის წინააღმდეგაა მიმართული.
როგორც
აქციის ორგანიზატორები ამბობენ, ძალადობის წინააღმდეგ მიმართული აქცია
სახელწოდებით „შეწყვიტე“, პრობლემის ირგვლივ საზოგადოების სხვადასხვა
წარმომადგენლების გაერთიანებას ისახავს მიზნად.
ქალთა მიმართ ძალობის და მათ გახშირებული კვლის პრობემას გამოეხმაურა "ახალი მემარჯვენეების" ერთ-ერთი ლიდერი, მანანა ნაჭყებია.
"12 წელია გენდერული თანასწორობის თემაზე ვმუშაობ და მინდა ვთქვა, რომ თავს დამნაშავედ ვგრნობ, ამ თემის მიმართ მსჯელობები საჯარო არ გავხადეთ. ამ მსჯელობების დროს ჩვენ, პოლიტიკოსები, არასამთავრობოები, ვკამათობდით იმაზე, მართლა არის თუ არა ქალთა ძალადობა საქართველოში. საზოგადოებრივი აზრი უნდა შექმნან საჯარო პირებმა, პოლიტიკურმა ფიგურებმა, რომლებიც თავს არიდებენ ამ თემაზე საუბრას. ამდენ ძიებაში თუ ვინ არის პირველი ლედი, ჩვენ დავკარგეთ მთავარი. მსოფლიო ქვეყნებში პირველი ლედი არეგულირებს ამ ვითარებას. თავის დროზე პირველ ლედის რომ გაეცნობიერებინა მოვალეობა და ამ თემაზე აქტიურად დაეწყო მუშაობა, კარგი იქნებოდა. პირველმა ლედიმ საზოგადოების სხვა წარმომადგენლებთან ერთად, თავის თავზე უნდა აიღოს ეს პრობლემა", - აცხადებს ნაჭყებია.
„სირცხვილია, როცა მკვლელს ვამართლებთ და ვამბობთ , რომ სიკვდილის ღირსი იყო“,- ეს სიტყვები კი ჟურნალისტებთან შეხვედრაზე ტელეწამყვანმა მაია ასათიანმა თქვა.
გადაცემა „პროფილის“ ავტორმა და წამყვანმა კონკრეტულ ფაქტზე ისაუბრა.
„ერთი თვის წინ "პროფილის" სეზონი სწორედ ამ თემით გავხსენით. ერთ–ერთი ქალაქის სკვერში მოკლული 19 წლის გოგონას დედას სიუჟეტისთვის რომ ვწერდით, შოკისმომგვრელი რამ აღმოვაჩინეთ – გაგვიჭირდა ისეთი რესპონდენტის მოძებნა, რომელიც მოკლულის მიმართ თანაგრძნობით განიმსჭვალებოდა. მკვლელს ამართლებდნენ. მე ეს პრობლემა შემდეგ ჭრილში დავინახე – ის ქალები, რომლებიც თავის დროზე თავად იყვნენ მსხვერპლნი, თავად გახდნენ მკვლელების გამზრდელნი. ამის მთავარი მიზეზი ჩვენი ტრადიციაა. ჩვენ ძალადობრივი საზოგადოების წევრები ვართ. დედები ვაჟებს მოძალადეებად ზრდიან, უნერგავენ, რომ ოჯახში ის არის მთავარი, ცოლს უნდა მისცეს, ან არ უნდა მისცეს რაღაცის უფლება, რომ ცოლმა უნდა დაბანოს ფეხი... მინდა მივმართო ქალებს, რომლებსაც ჩაგრავდნენ ქმრები და სძულთ წარმატებული და ქალები, რომლებმაც ძალადობის წინააღმდეგ ხმა აიმაღლეს. მივმართავ იმ დედებს – იქნებ ღირდეს დაფიქრებად – რატომ არ გიყვართ ის ახალგაზრდა გოგონები, რომლებიც იბრძვიან დამოუკიდებლობისთვის? მე მივმართავ ქალბატონებს, რომლებიც ქმნიან საზოგადოებრივ აზრს – სირცხვილია, როცა მკვლელს ვამართლებთ და ვამბობთ , რომ სიკვდილის ღირსი იყო. ჩვენი საზოგადოება ძალიან არატოლერანტულია წარმატებული ქალების მიმართ, ეს საკუთარ თავზე მაქვს გამოცდილი".
ექსპერტ, ხათუნა ლაგაზიძე გმობს ძალადობას და ამბობს რომ პრობლემა პოლიტიკური ვაჭრობის თემად არ უნდა იქცეს.
"ძალიან მძიმე და აქტუალურია ის პრობლემა რომელსაც ოჯახური ძალადობა ჰქვია. ეს თემა არავითარ შემთხვევაში, არ უნდა იქცეს პოლიტიკური ვაჭრობის თემად. ჩვენ ვართ დედები, დები, გვყავს ქალიშვილები და ამიტომაც ძალიან მძიმეა ამაზე საუბარი. ეს არ არის პრობლემა რომელიც ერთი-ორი წელია ჩასახულია და შესაბამისად მისი სწრაფად გადაწყვეტა მარტივი არ იქნება. ვფიქრობ, რომ საკანონდებლო დონეზე გარკვეული რეგულაციები უნდა შემუშავდეს და ამ პრობლემის ირგვლი ყველა უნდა გავერთიანდეთ. ამაში უნდა ჩაერთოს ეკლესია და ფსიქოლოგები", - აცხადებს ლაგაზიძე.
ქალთა მიმართ ძალობის შეწყვეტის მიზნით კომპლექსური სამუშაოების ჩატარებახზე საუბრობს ჟურნალისტი ეკა მიშველაძეც.
„ ძალიან შორს ვარ იმ აზრისგან, რომ ეს ყველაფერი დაიწყო დღეს ან გუშინ და ეს არის ჩვენი ერის პრობლემა. აქ საქმე რელიგიურ დაბნეულობასთანაც გვაქვს. ამიტომაც სწორი აქცენტები უნდა გაკეთდეს, რელიგიასთან ახლოს მყოფი ადამიანებისგან. ამ პრობლემაზე ყველამ ერთად უნდა ვიზრუნოთ", - აცხადებს მიშველაძე.
ჟურნალისტმა ინგა გრიგოლიმ კი დღეს კიდევ ერთხელ გამოთქვა მზადყოფნა ეთერი დაუთმოს ძალადობის მსხვერპლ ქალბატონებს.
„მინდა ყველა ქალბატონს ვუთხრა, იმისთვის, რომ მათ შეძლონ საკუთარი უფლებებისთვის ბრძოლა, მათ პრობლემას ყოველკვირეულად დავუთმობ პირდაპირ ეთერს. ძალიან რთულია ამ თვალსაზრისით ვითარება რეგიონებში, ამიტომაც ვთვლი, რომ ყველა ასეთ ფაქტს მეტი გაშუქება უნდა ჰქონდეს, იმისათვის, რომ ვერავინ გაბედოს საკუთარ მეუღლეზე ძალადობა. თემის აქტუალობის მიუხედავად, ტელე-იმედის ეთერი ამ ადამიანებს ყოველკვირეულად დაეთმობათ", - აცხადებს გრიგოლია.
პრეზიდენტ მარგველაშვილის მეუღლე მაკა ჩიჩუა კი მიიჩნევს, რომ ქალთა მიმართ ძალადობის აღმოსაფხვრელად უფრო სერიოზული ფიქრია საჭირო.
"ძალიან რთულია ამ საკითხის ასე სწრაფად გადაწყვეტა, რადგან ძალიან მძიმე მკვლელობებზეა ლაპარაკი - ქალის მკვლელობა მეუღლის მხრიდან. ვფიქრობ, ამ საკითხს ფსიქოლოგიური და სოციალური დატვირთვა აქვს და ამას ცალკე განხილვა და რეაგირება სჭირდება. ასევე მნიშვნელოვანია რელიგიური თემა დომინირებდეს. ამაზე უფრო სერიოზული ფიქრია საჭირო და მხოლოდ აღშფოთება და ერთჯერადი რეაქცია საკმარისი არ არის", - განაცხადა მაკა ჩიჩუამ.
საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერი, თინა ხიდაშელი ქმრების მიერ ცოლების გახშირებულ მკვლელობებს „ფეისბუქ“ პოსტით ეხმაურება.„დილიდან ვცდილობ აზრებს მოვუყარო თავი, რაღაც სასარგებლო გავაკეთო, აზრები ქაღალდზე გადმოვიტანო, იქნებ რამე საინტერესოც კი მოვიფიქრო ამასობაში, მაგრამ არაფერი გამომდის, ჩაის ჭიქით ხელში დავდივარ და სიბრაზე მახრჩობს
ასეთ მდგომარეობაში კი სახიფათო ვარ და არა შრომისუნარიანი
სამ წუთში ერთხელ აქ შემოვდივარ და newsfeeds ვანახლებ კიდევ რომელიმე კაცმა თუ დაწერა რამე? მოიფიქრა რამე? აღშფოთდა მაინც? თუ ისევ მხოლოდ ქალებო გამოდით, ქალებო იფრთხილეთ, ან დილით ქალები გადავითვალოთ რამდენი დავრჩით მოწოდებები და ქილიკია მხოლოდ?“ - წერს ხიდაშელი.
მამაკაცების მხრიდან ქალის მოკვლის შემაშფოთებელი სტატისტიკა არსებობს – ბოლო ერთი წლის განმავლობაში მსგავსი 25 ფაქტი დაფიქსირდა.
0