17:13:06     16-10-2014
ტაქსის მძღოლის მკვლელობაში ეჭვმიტანილი დაკავებულია
შსს-ს სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს დეტექტივების სამმართველოს თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1994 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი და ამჟამად პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი მიშა შ. განზრახ მკვლელობის ბრალდებით დააკავეს.
საქმე ეხება დარჩელში გუშინ მომხდარ საზარელ მკვლელობას.
სოფელ დარჩელში 35 წლამდე მამაკაცს ადგილობრივმა მ.შ-მ ცივი იარაღით 6 სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა და ადგილიდან მოკლულის კუთვნილი ავტომობილით მიიმალა.
შს სამინისტროდან "პრესა.ჯი"-ს აცნობეს, რომ დაკავებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს.
"გამოძიებამ დაადგინა, რომ დაკავებულმა 15 ოქტომბერს, გვიან ღამით, სოფელ დარჩელში, ურთიერთშელაპარაკებისას, დანით მრავლობითი ჭრილობა მიაყენა ტაქსის მძღოლს - 1976 წელს დაბადებულ გოდერძი შ-ს, რომელიც მიყენებული ჭრილობების შედეგად ადგილზე გარდაიცვალა. მიშა შ. შემთხვევის ადგილიდან გარდაცვლილის კუთვნილი ავტომობილით მიიმალა, მოგვიანებით კი ავტომანქანა მეზობელ სოფელში - ახალ კახათში მიატოვა.
სამართალდამცველებმა მიშა შ. მომხდარიდან რამდენიმე საათში, დარჩელი-ორსანტიის მიმდებარე ტერიტორიაზე დააკავეს. დაკავებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს.
გამოძიება განზრახ მკვლელობის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 108-ე მუხლით)",- აცხადებენ უწყებაში.
გავრცელებული ინფორმაციით, მკვლელობას წინ ურთიერთშელაპარაკება უძღოდა.
სოფელში ამბობენ, რომ ეჭვმიტანილსა და ტაქსის მძღოლს შორის კონფლიქტი მას შემდეგ დაიწყო, რაც მ.შ-მ გარდაცვლილს კუთვნილი თანხა არ გადაუხადა.
გარდაცვლილის ახლობლები დაკავებულის ლინჩის წესით გასამართლებას მოითხოვენ.
0