გატაცებული ახალგაზრდა და ურთიერთბრალდებები პოლიტიკურ ჭრილში გატაცებული ახალგაზრდა და ურთიერთბრალდებები პოლიტიკურ ჭრილში />


  12:34:56     14-10-2014

გატაცებული ახალგაზრდა და ურთიერთბრალდებები პოლიტიკურ ჭრილში

a32254.jpg

19 წლის იოსებ გიორხელიძის გატაცებაზე ეჭვმიტანილებს ბრალს, სავარაუდოდ, დღეს წაუყენებენ, რის შემდეგაც სასამართლო მათთვის აღმკვეთი ღონისძიების საკითხზე იმსჯელებს.

გიორხელიძის გატაცების ფაქტზე შს სამინისტრომ 4 ადამიანი დააკავა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დაკავებულები არიან კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტისა (კუდ-ის) და სპეციალური ოპერატიული დეპარტამენტის (სოდ-ის) ყოფილი თანამშრომლები.

შს სამინისტროს ინფორმაციითვე 19 წლის გიორხელიძე 10 ოქტომბერს ფულის გამოძალვის მიზნით გაიტაცეს. გამტაცებლები გიორხელიძის ოჯახს გამოსასყიდად 300 ათას დოლარს სთხოვდნენ.

19 წლის ახალგაზრდის გატაცების ფაქტი ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის მორიგი ურთიერთბრალდებების საგანად იქცა.

პრემიერი ღარიბაშვილი გატაცების უკან "ნაციონალური მოძრაობის" კვალს ხედავს.

"მაქვს გონივრული ეჭვი, რომ ამის უკან დგას ორგანიზებული ძალა. დამრჩა შთაბეჭდილება, რომ ეს არის "ნაციონალური მოძრაობის" ხელწერა, თუმცა ამას, რა თქმა უნდა გამოძიება სჭირდება. ეს არის ის, რაზეც ალექსანდრე ჭიკაიძე საუბრობდა სულ რაღაც ერთი თვის წინ, რომ არსებობს ორგანიზებული ჯგუფი" - განაცხადა საქართველოს პრემიერ მინისტრმა ირაკლი ღაიბაშვილმა იოსებ გიორხელიძის გატაცების ფაქტის კომენტირებისას.

ოპოზიციაში კი ამბობენ, რომ ქვეყანა დაბრუნდა თამაზ თამაზაშვილის დროში, როდესაც ადამიანებს პანკისში იტაცებდნენ და ნარკოტიკებით ვაჭრობდნენ.

„ძალიან ბევრი წელია ადამიანი გამოსასყიდის გამოძალვის მიზნით არავინ გაუტაციათ. ხელისუფლების მიერ კრიმინალებთან გარიგებამ სწორედ გამოიწვია ის, რაც მოხდა. ჩვენ დავბრუნდით თამაზ თამაზაშვილის დროში, როდესაც ადამიანებს პანკისში იტაცებდნენ და ნარკოტიკებით ვაჭრობდნენ“,- განაცხადა „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა წევრმა ირმა ნადირაშვილმა.

გიორხელიძის გატაცებასთან დაკავშირებით პრემიერის შეფასებას „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი დავით დარჩიაშვილიც გამოეხმაურა.

„სტალინის დროსაც არ გამიგია, მსგავსი პოლიტიკური პრივიტიზმი. რომ პოლიტიკურ ოპოზიციას აბრალო ადამიანების გატაცება, როცა ხელისუფლებაში ხარ ორი წელია... მსგავსი ბრალდებებისთვის ცხვირს, რომ წაიტეხს ეს ახალგაზრდა კაცი, როგორც ქვეყნის შიგნით ისე ქვეყნის გარეთ, მერე დააბრალოს ვისაც უნდა“,- განმარტა დარჩიაშვილმა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ბოლო ინფორმაციით კი ყოფილი სოდის და კუდის თანამშრომლები ჯგუფის მიერ ადამიანის მძევლად ხელში ჩაგდების ფაქტზე დაიკითხნენ.

უწყების ინფორმაციით, "საგამოძიებო ექსპერიმენტის დროს გიორგი ქალდანმა მიუთითა ტყის მასივში ის ადგილი, სადაც ფული და იარაღი დააგდო. სამართალდამცველებმა ამოიღეს 289 100 აშშ დოლარი, 2 ცალი ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი, 6 მჭიდი, 228 ვაზნა, 4 ხელყუმბარა, 1 ხიშტ-დანა, 4 ნიღაბი და 4 წყვილი ხელთათმანი. სამართალდამცველებმა დურმიშხან ღვაჩლიანის პირადი ჩხრეკისას 900 დოლარი და მარიხუანა, ხოლო გიორგი ქალდანის პირადი ჩხრეკისას „ტე-ტე“-ს სისტემის პისტოლეტი ამოიღეს.

საგამოძიებო ექსპერიმენტის დროს ჯემალ შონიამ მიუთითა ის შენობა, სადაც დაზარალებულს თავისუფლება აღუკვეთეს. კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა შემთხვევის ადგილიდან მაყუჩიანი პისტოლეტი ამოიღეს.

0

ავტორი: