11:09:19     28-02-2011
კრემლი კურილიაზე ატომურ გემს გზავნის
კურილიის კუნძულებზე განლაგებული სამხედრო ძალები, უახლოესი ორი წლის განმავლობაში, ახალი ტექნიკით აღიჭურვებიან. ამის შესახებ ჟურნალისტებს რუსეთის ფედერაციის აღმოსავლეთ-სამხედრო ოლქის შტაბში განუცხადეს.
“კურილია რუსეთის მიწაა და ის დაცული უნდა იყოს, კუნძულებზე მყოფი სამხედროები კი თანამედროვედ შეიარაღებულნი და ყველა საჭირო ამოცანის შესასრულებლად მზადმყოფნი” – განაცხადეს რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მაღალჩინოსნებმა.
როგორც მინისტრმა სერდიუკოვმა აღნიშნა, უახლოეს მომავალშივე იგეგმება ტექნიკის გამოცვლა. მისივე თქმით, კურილიის სამხედრო ძალების გადაეცემა კავშირის ახალი სისტემა, რადიოსალოკაციო სადგურებით. ასევე, წყნარი ოკეანის ფლოტის შეიარაღება პირველად მიიღებს ახალ, ატომურ წყალქვეშა გემს, “იური დოლგორუკის”. ეს, შესაძლოა, უკვე 2012 წელს განხორციელდეს.
რუსი მინისტრის თქმით, ამის შემდეგ ჩატარდება დაკვირვება, თუ როგორ იქნებიან ინტეგრირებულნი დამატებითი ძალები და შეიარაღება ვლადივოსტოკში, სახალინზე და კამჩატკაზე. თუმცა, შეიარაღების მატებამ, შესაძლოა, კუნაშირზე და იტურუპზე დისლოცირებული სამხედრო მოსამსახურეების რიცხვის შემცირება გამოიწვიოს. 0