11:03:21     28-02-2011
“მეფის სიტყვამ” გაიმარჯვა!
ეს ხდება წელიწადში ერთხელ, თუმცა, ისტორიაში უკვე 83-ედ. 83 წელია ერთ მშვენიერ დღეს, სულ რამდენიმე საათით, თითქმის მთელი პლანეტა გრანდიოზულ, ამაღელვებელ სანახაობას მისჩერებია. შემადგენელი დეტალები და კომპონენტები უცვლელია, მაგრამ არა გაცვეთილი: ყველასათვის საყვარელი, ოდნავ დაძაბული და შეცბუნებული მსახიობები, ძალიან ნაცნობები თუ ნაკლებად ცნობილები... ბრწყინვალე ტანისამოსი - გემოვნებიანიც და უგემოვნოც, ზღაპრიდან გადმოსული სამყარო ფართო, ჰოლივუდური ღიმილით.
შენ კი, უბრალოდ, ალტერნატივა არ გრჩება: უნდა მოკალათდე ტელევიზორთან და სხვა მილიონობით მაყურებელთან ერთად, ამერიკის კინოაკადემიის დაჯილდოების ცერემონიალს უმზირო. ემოციები, ცრემლები, მადლობები... თითქოს ყველაფერი მეორდება, მაგრამ თითოეული “ოსკარი” ხომ თავისებურად გამორჩეული და განსხვავებულია.
აი, წელსაც დასრულდა “ოსკარების” დაჯილდოების კიდევ ერთი ცერემონია, რომელსაც ლამის მთელი მსოფლიო მედია პირდაპირ ეთერში გადასცემდა. წლევანდელი “ოსკარი – 2011” – ის დევიზად ლოზუნგი “მოწვეულია ყველა!” იქცა. ეს, ფაქტობრივად, იმას ნიშნავდა, რომ შოუს პირდაპირ ეთერში ნახვა, პირველად კინოაკადემიის ისტორიაში, უფრო მეტი რაოდენობის ადამიანს შეეძლო, ვიდრე ოდესმე. 2011 წელს ამის საშუალება არა მხოლოდ ტელემაყურებლებს, არამედ ინტერნეტის, სოციალური ქსელების თუ ბლოგების მომხმარებლებსაც გაუჩნდათ. ტელეკომპანია “ეიბისიმ” სპეციალურად “ოსკარისთვის” სტრიმინგ ვებსაიტი დაუშვა, სადაც ყველას შეეძლო ენახა როგორ ემზადებოდნენ, განიცდიდნენ, გამარჯვებას აღნიშნავდნენ ვარსკვლავები.
გასული წლებისაგან განსხვავებით, წელს ჰოლივუდის ცენტრში მდებარე “კოდაკის” თეატრის ფასადი მცირედ შეღებეს და წითელ-ოქროსფრად გააფორმეს. ეს ფერები ცერემონიის საფირმო ფერებია. ჰოლივუდის ბულვარზე მრავლისმნახველი, საოცნებო წითელი ხალიჩა გაიშალა, 152 მეტრი სიგრძის და 10 მეტრი სიგანის, სადაც ცერემონიის მონაწილეებმა, როგორც ყოველთვის ხდება-ხოლმე, ცნობილი კუტურიეების შექმნილი სამოსი ამაყად გამოფინეს. მთელი პლანეტა ხომ ამ დროს თითოეულ მათგანს გაფაციცებით აკვირდება.
წლევანდელი ცერემონიის წამყვანები ენ ჰეთეუეი და ჯეიმს ფრანკო გახდნენ. მუსიკალური გაფორმების პატივი სელინ დიონს, მენდი მურს და სხვა ცნობილ შემსრულებლებს ხვდათ წილად.
წლევანდელ ცერემონიალზე რამდენიმე განსხვავება დაიფიქსირდა: მაგალითად, როგორც აღმოჩნდა, ჯერ არასდროს ყოფილა, გამარჯვებულ მსახიობს დაჯილდოებისას მადლობა დედამთილ-მამათილისათვის გადაეხადოს. ეს “არაორდინალური ნაბიჯი” სერიალში ქალის როლის საუკეთესო შემსრულებელმა გადადგა, როცა ქმრის მშობლებს საყვარელი მეუღლის შექმნისათვის მადლობა ტრიბუნიდან გადაუხადა. ქალის მეორეხარისხოვანი როლის საუკეთესო შემსრულებლი, მელისა ლეო (ფილმი “მებრძოლი”), საერთოდ, პოლიტიკური განცხადებითაც გამოვიდა, თუმცა მსგავსი პრეცენდენტები წარსულშიც ყოფილა. წელს “ოსკარებს” ისტორიაში ყველაზე ახალგაზრდა, 28 წლის წამყვანი ჰყავდა, ხოლო მეორედ მოხდა პრეცენდენტი, როცა ნომინაციაზე “საუკეთესო ფილმი” ათი კინოსურათი წარადგინეს.
კომედიურ სერიალში მამაკაცის მთავარი როლის საუკეთესო შემსრულებელი ალეკ ბოლდუინი გახდა. აღსანიშნავია, რომ ეს როლი წამყვანმა სენდვიჩს შეადარა, ორიგინალური ეპითეტებით. ალეკ ბოლდუინისათვის ეს მეხუთე ჯილდო აღმოჩნდა, რომელიც ამ კონკრეტული როლისათვის მიიღო. წლევანდელ ცერემონიალზე აღსანიშნავი იყო უხუცესი ნომინანტის, ტედი ვაითის გამარჯვება. 89 წლის ქალბატონმა “ოსკარი” პირველად მიიღო, მიუხედავად მისი ხანგრძლივი სატელევიზიო კარიერისა. მოკლედ, როგორც მორგან ფრიმანმა განაცხადა, “ცხოვრება ისეთია, როგორსაც ჩვენ ვქმნით.”
მამაკაცის საუკეთესო მეორეხარისხოვანი როლი სიუზან სარანდონმა გამოაცხადა. გამარჯვებული კრისტიან ბეილი გახდა, ფილმისათვის “მებრძოლი.” ის პირველად წარადგინეს ნომინაციაზე და პირველი გამარჯვებაც მოიპოვა. თავისი წარმატების ფორმულად კი ის დაასახელა, რომ ადამიანებით არის აღფრთოვანებული, რაც მისთვის საუკეთესო მოტივაციაა მუშაობისას.
ქალის მთავარი როლის საუკეთესო შემსრულებლის სტატუსი, მხატვრულ ფილმში, ნატალი პორტმანს ერგო, დარენ არონოფსკის ფილმში “შავი გედი” ბრწყინვალედ შესრულებული როლისათვის. ამ ნომინაციაში მისთვის ეს პირველი წარდგენა და გამარჯვებაა. ნიკოლ კიდმანს მამაკაცის საუკეთესო მთავარი როლის შემსრულებლის გამოცხადების პატივი ერგო. ამ სტატუსის მქონე კოლინ ფიორტი გახდა (ფილმი “მეფის სიტყვა.”) მან თავის გამოსვლაში ფილმის რეჟისორს “ჯადოქარი” უწოდა.
მაშ ასე, უფრო თანამიმდევრულად ჩამოვთვალოთ წლევანდელი “ოსკარის” ნომინანტები: საუკეთესო ფილმი - “მეფის სიტყვა,” მამაკაცის როლის საუკეთესო შემსრულებელი – კოლინ ფიორტი (“მეფის სიტყვა”), ქალის როლის საუკეთესო შემსრულებელი ნატალი პორტმანი (“შავი გედი”), მამაკაცის მეორეხარისხოვანი როლის საუკეთესო შემსრულებელი - კრისტიან ბეილი (“მებრძოლი”), ქალის მეორეხარისხოვანი როლის საუკეთესო შემსრულებელი - მელისა ლეო, საუკეთესო რეჟისორი - ტომ ჰუპერი (“მეფის სიტყვა”), საუკეთესო სცენარისტი - დევიდ საიდლერი (“მეფის სიტყვა”), საუკეთესო ფილმი უცხოურ ენაზე დანიელი რეჟისორის სიუზან ბირის ფილმი “Hævnen” გახდა.
წლევანდელ “ოსკარზე” ფავორიტად ფილმი “მეფის სიტყვა” ჩაითვალა, რომელიც ერთდროულად 12 ნომინაციაზე იყო წარდგენილი. მას მძლავრ კონკურენციას უწევდა თითქმის დოკუმენტური ფილმი “სოციალური ქსელი” და დარენ არონოფსკის “შავი გედი.”
მიუხედავად კინოფესტივალების მომრავლებისა, “ოსკარი” მაინც რჩება მსოფლიოს ყველაზე მნიშვნელოვან კინოდაჯილდოებად. თუმცა, ისტორიას ამ პრესტიჟულ ჯილდოსთან დაკავშირებული რამდენიმე საეჭვო და საკამათო გადაწყვეტილებაც ახსოვს. ამასთან, ამერიკის კინოაკადემია ევოლუციას ძალიან ნელი ტემპით განიცდის. დიდხანს კინოფანტასტიკა სერიოზულ ჟანრად არ აღიქმებოდა, მიუხედავად იმისა, რომ მაყურებლებში დიდი მოწონებით სარგებლობს.
ცნობილი რეჟისორის ჰიჩკოკის ფილმებსაც კი არასდროს მიუღია “ოსკარი.” წელს გამონაკლისი იყო რეჟისორ დარენ არონოფსკის ფილმი “შავი გედი,” რომელიც საშინელებათა ფილმად ითვლება და ამ “ოსკარის” ერთერთი ფავოროტი იყო. საუკეთესო დოკუმენტური ფილმისათვის ჯილდო კინოსურათმა “შინაგანი საქმე” მიიღო, რომლის რეჟისორმა ჩარლ ფერგიუსონმა გამოსვლისას სურათში განხილულ საქმეთან დაკავშირებით, ხმამაღალი განცხადებაც გააკეთა.
“ოსკარის” ჯილდო და თავად ნომინაციაზე წარდგენაც განსაკუთრებული გამარჯვებაა უცხოური ფილმებისა და ასევე იმ კინოსურათებისთვის, რომელიც ცოტას თუ უნახავს. ასპარეზზე ახალგამოსულ, ნაკლებად ცნობილ მსახიობს, ან მას, რომელმაც პირველად მიიღო “ოსკარი,” ჯილდო საქვეყნოდ ცნობილს ხდის. მოკლედ, ეს პატარა, ორიგინალური ქანდაკება ნამდვილი ჯადოქარია. ყველას ახსოვს რეჟისორ ჯეიმს კამერონის შესახილი, როდესაც კინოაკადემიის პრიზი მიიღო: “მე მსოფლიოს მეფე ვარ!” თავისი არსებობის მანძილზე აკადემიამ 2768 კინოპრემია წარმოადგინა.
დაჯილდოების ცერემონიალი დასრულდა, მაგრამ დედამიწა კიდევ დიდხანს ისაუბრებს ამ ღონისძიებაზე, ვარსკვლავების სამოსზე, სკანდალურ მომენტებზე... მოკლედ, ჯადოსნური “ოსკარი” პლანეტას დროებით ყველა პრობლემას და უსიამოვნებას ავიწყებს და ფანტასტიკური წითელი ხალიჩის გზით თავის საოცნებო სამყაროში ეპატიჟება.
0