გიორგი ლეონიძემ და მისმა ცოლმა ტიციან ტაბიძისა და ნინო მაყაშვილის ბეჭდებით დაიწერეს ჯვარი გიორგი ლეონიძემ და მისმა ცოლმა ტიციან ტაბიძისა და ნინო მაყაშვილის ბეჭდებით დაიწერეს ჯვარი />


  08:39:30     22-09-2014

გიორგი ლეონიძემ და მისმა ცოლმა ტიციან ტაბიძისა და ნინო მაყაშვილის ბეჭდებით დაიწერეს ჯვარი

a32035.jpg

"ლექსად მოსული ქართული მიწა" – ასე უწოდა მწერალმა ლევან გოთუამ თავის თანამედროვეს, მწერალსა და პოეტ გოგლა ლეონიძეს. მისი შემოქმედება მართლაც ქართული მიწის სიყვარულითაა გაჟღენთილი, ისტორიის ფოლიანტებიდან აცოცხლებდა გმირებს, ამბებს და მკითხველამდე მიჰქონდა. ერთ–ერთი პირველი ლექსი ვაჟა–ფშაველას მიუძღვნა. 11–12 წლის ბიჭს მთის არწივიც ლექსით გამოეხმაურა და ასე შედგა მისი ნათლობა პოეზიაში. მერე იყო მწვერავლისკენ მიმავალი რთული გზა, რომლის დაძლევაც შეძლო.

გიორგი ლეონიძე 67 წლის ასაკში გარდაიცვალა. წელს მისი დაბადებიდან 115 წელი შესრულდება. "სარკესთან" მისი ცხოვრებისა და შემოქმედების მნიშვნელოვანი დეტალები გიორგი ლეონიძის შვილიშვილმა, გიორგი (გოგი) ქავთარაძემ გაიხსნა.

ფესვების ძიებაში
გიორგი ქავთარაძე, გიორგი ლეონიძის შვილიშვილი:
– ლეონიძეები წარმოშობით შავშეთიდან იყვნენ, სადაც სოფელი ლეონიძე მდებარეობდა. დედაჩემი ასაკში რომ შევიდა, მთხოვა, თურქეთში ჩავსულიყავი და სოფელი ლეონიძე მომეძებნა. როგორც იცით, ეს ტერიტორიები ახლა თურქეთის დაქვემდებარებაშია. თავად გოგლაც ძალიან იყო დაინტერესებული, ამ სოფლისთვის მიეგნო, მაგრამ ვერ მოახერხა. თურქეთში რომ ჩავედი, მხოლოდ ის ვიცოდი, რომ სოფელი ლეონიძე ტბეთთან ახლოს მდებარეობდა. ადგილობრივებმა არაფერი იცოდნენ. ბოლოს ქართველი მძღოლი გავიცანი, რომელმაც გამგზავნა თურქული ენის მასწავლებელთან და მხარეთმცოდნესთან. იმ მოხუცს ქართული ენა ჯერ კიდევ ახსოვდა. მითხრა, სოფელ ლეონიძეს ახლა ნიოლიზა მაჰალეს ჰქვიაო და მიმასწავლა, სად იყო.
ბაბუას თავისი მხარე არასოდეს ენახა, მაგრამ ძალიან უყვარდა. მესხეთს უამრავი ლექსი მიუძღვნა. ხშირად ამბობდა, მესხი ვარო. იმ პერიოდში ტაო–კლარჯეთის შემოერთებაზე აქტიურად საუბრობდნენ. გოგლა თავის პუბლიცისტურ ნაწერებში ამ თემაზე თავის მოსაზრებებს წერდა.
გოგლა ეკლესიური ოჯახიდან იყო. ერთხელ ისიც კი გამანდო, ბავშვობაში კათოლიკოსობაზე ვოცნებობდიო. მამა, ნიკო ლეონიძე, მღვდელი იყო. თან ხალხოსანი გახლდათ და პედაგოგიურ მოღვაწეობას ეწეოდა. პაპამისი, სვიმონ ლეონიძე, ასევე მღვდელი იყო. ჯერ დავითგარეჯის მონასტერში იყო, შემდეგ თბილისში, ფურცელაძის ქუჩაძე მდებარე ძველ სამებაში გადავიდა. ასაკში რომ შევიდა, პატარძეულის ეკლესიაში გადაიყვანეს და ბოლომდე იქ მსახურობდა. გოგლაც პატარძეულში დაიბადა. 4 და–ძმა ჰყავდა: ევგენია, ლევანი, სვიმონი და ნინო. პატარძეულში სივიწროვის გამო ყველას ერთ ტახტზე ეძინა დედასთან ერთად. პატარძეულის სახლ–მუზეუმში ის ტახტი დღემდე დგას.
ფიროსმანის მეზობლად
გიორგი ქავთარაძე, გიორგი ლეონიძის შვილიშვილი:
– ბაბუაჩემი რამდენიმე თვის იყო, როცა მამა გარდაეცვალა. ცოტა რომ წამოიზარდა, თბილისში, საბჭოს ქუჩაზე გადავიდნენ საცხოვრებლად. მათი ეზო მაშინდელი ჩერქეზოვის ქუჩის მხარეს მდებარეობდა. ეს ის ადგილი იყო, სადაც მეხალიჩეები, მემაწვნეები, მეწაღეები და მღებავები ცხოვრობდნენ. წლების შემდეგ, როცა იქ უკვე აღარ ცხოვრობდნენ, ბაბუა ნიკო ფიროსმანით დაინტერესდა. თავის ძველ უბანში მივიდა და ასაკოვან ხალხს შეეკითხა ნიკალას შესახებ. უთხრეს, მას ხომ შენც იცნობდი, ნუთუ აღარ გახსოვსო. გოგლამ მაშინღა გაიხსენა, რომ ბავშვობაში შავებში ჩამცულ, შლაპიან, მაღალ კაცს მართლაც იცნობდა. ის მღებავი ნიკალა იყო.
დედულეთი
გიორგი ქავთარაძე, გიორგი ლეონიძის შვილიშვილი:
– გოგლას დედა, სოფიო გულისაშვილი, საგარეჯოს რაიონის სოფელ ნინოწმინდის დეკანოზების ქალიშვილი იყო. ქართული ენისა და ლიტერატურის, ასევე ხალხური სიტყვიერების საუკეთესო მცოდნედ ითვლებოდა. სოფიოს მამა სამიტროპოლიტო ტაძარს ხელმძღვანელობდა. ბიძამისი, ზაქარია (შაქრო) გულისაშვილი, ხალხოსანი მწერალი იყო. იმ დროში დეკანოზები ბევრ ინფორმაციას ინახავდნენ. ერთ–ერთი წყაროს თანახმად, ნინოწმინდის ტაძარში არსებულ მშრალ ჭაში საეკლესიო განძის საცავია. გოგლამ სიკვდილამდე ერთი წლით ადრე საგარეჯოს რაიონის მმართველობას მიმართა, რომ ამ საკითხისთვის მიეხედათ. სპეციალურმა ბრიგადამ, რომელსაც კომკავშირლები ხელმძღვანელობდნენ, მშრალი ჭის გათხრა დაიწყეს. სიღრმეში რომ ჩავიდნენ, შეეშინდათ, არ ჩაშლილიყო და შეწყვიტეს. გასული საუკუნის 90–იანი წლების მიწურულს პროფესორ ლევან ჭანტურიშვილის დახმარებით შევეცადე, იქაურობა გამომეკვლია, მაგრამ მხოლოდ საიდუმლო გასასვლელს მიაგნეს, საცავს – ვერა. გოგლას დედულეთი და ნინოწმინდის ტაძარი ძალიან უყვარდა და ეს მის შემოქმედებაშიც აისახა.
ვაჟა–ფშაველას პასუხი
გიორგი ქავთარაძე, გიორგი ლეონიძის შვილიშვილი:
– გოგლას პირველი ლექსი იყო "მცხეთა". მეორე ლექსი ვაჟა–ფშაველას მიუძღვნა და პოეტისგან საპასუხო ლექსიც მიიღო. იმ პერიოდიდან მისი ლექსები აქტიურად იბეჭდებოდა ჟურნალ–გაზეთებში. სხვათა შორის, იმდროინდელი კარიკატურაც არსებობს, სადაც პატარა ბიჭი გამომცემელ როსტომაშვილს კაპიკებს აძლევს, რომ ლექსი დაუბეჭდოს. კაცი ეუბნება, ორი კაპიკი აკლიაო, ბიჭი პასუხობს, ჩემთვის კი არა, ხალხისთვის მინდაო. 1918 წლიდან გოგლა ცისფერყანწელებთან მივიდა და იმ დღიდან მათი წევრი გახდა.
"ნატვრის ხე"
გიორგი ქავთარაძე, გიორგი ლეონიძის შვილიშვილი:
– მისი შემოქმედების მწვერვალად "ნატვრის ხე" ითვლება, არადა ამ ნაწარმოებით თავად დიდად არ იყო აღფრთოვანებული. ძალიან უნდოდა, დაეწერა რომანი ცისფერყანწელებზე, რომლის მთავარი გმირიც ტიციანი იქნებოდა.
"ნატვრის ხე" ასე შეიქმნა: მწერალმა ხუტა ბერულავამ სთხოვა, ბავშვობის მოგონებებზე რამე დაეწერა. მართლაც დაიწყო მოგონებების წერა და ასე დაიბადა ეს საოცარი ნაწარმოები. რეალური ისტორიები განავრცო, შეცვალა და მოგონებების ნაცვლად "ნატვრის ხე" მიიღო. ბაბუს ხშირად ვეკითხებოდი, რეალურნი იყვნენ თუ არა პერსონაჟები. მაგალითად, პატარძეულში ერთ ქალს უცხოვრია, რომელსაც ქმრისთვის უღალატია, ვირზე შეუსვამთ და ისე უტარებიათ, მაგრამ ის არ მომკვდარა, მას მერე თურმე დიდხანს იცოცხლა. იმ ქალს არც მარიტა ერქვა, გოგლამ კი მასზე მთელი ისტორია ააგო.
აკრძალული სიყვარული
გიორგი ქავთარაძე, გიორგი ლეონიძის შვილიშვილი:
– გოგლა 23 წლის იყო, როდესაც მომავალ მეუღლეს, ეფემია გედევანიშვილს შეხვდა და ოჯახი შექმნეს. ორ ქალიშვილს ზრდიდნენ. დედაჩემი, ნესტანი უფროსი ქალიშვილი გახლდათ, თინათინი – უმცროსი. დეიდაჩემსაც ერთი შვილი ჰყავს – გიორგი გვინჩიძე. ისიც ისტორიკოსია.
გოგლას და ეფემიას თავიდან სირთულეები შეხვდათ, მაგრამ ძალიან უყვარდათ ერთმანეთი და მაინც იქორწინეს. მათ არა სისხლისმიერი, მაგრამ ახლო ნათესაობა აკავშირებდათ. ეფემია გედევანიშვილის ძმას, რევაზს ცოლად ჰყავდა გოგლას და – ევგენია. ამ ნათესაური კავშირის გამო ბებიაჩემი ქორწინებაზე უარს ამბობდა. ბაბუა ახლოს იყო ტიციან ტაბიძესთან და მის მეუღლე ნინო მაყაშვილთან. მათ იაქტიურეს, რომ ახალგაზრდა წყვილს ოჯახი შეექმნა. მაშინდელ კათოლიკოს–პატრიარქ ლეონიდესთან (ოქროპირიძე) მიიყვანეს, რომელმაც ქორწინებაზე კურთხევა მისცა. რადგან საშუალება არ ჰქონდათ, გოგლამ და ეფემიამ ჯვარი ტიციანისა და ნინას ბეჭდებით დაიწერეს.
გედევანიშვილები თავს ელიოზ მცხეთელის შთამომავლებს უწოდებდნენ. როგორც იცით, იესო ქრისტეს პერანგი სწორედ ელიოზმა ჩამოიტანა მცხეთაში და სვეტიცხოვლის ლეგენდაც მასვე უკავშირდება. სხვათა შორის, ამ ტაძრის ეზოში დაკრძალვის უფლება მხოლოდ გედევანიშვილებს აქვთ. ტაძრის შიგნით კი მხოლოდ ბაგრატიონებს კრძალავენ.
ბაბუ
გიორგი ქავთარაძე, გიორგი ლეონიძის შვილიშვილი:
– ბაბუსთან გატარებული წლები ჩემთვის ძალიან ძვირფასია. ჩემზე სულ ამბობდა, ნამდვილი ლეონიძეაო. ექსპრომტად მიძღვნიდა ლექსებს. ბებო ცხელი რძის დალევას მაძალებდა, რაც არ მიყვარდა. სათამაშო მელია მყავდა, ხელს დავავლებდი და ბებოს გარეთ გავექცეოდი ხოლმე. ერთხელაც ასე გავექეცი ბებოს და თან ექსპრომტად ვთქვი: "ცხელია, ცხელია, წამო, ჩემო მელია". გოგლამ მომაძახა: "წამო, მელია, მელია, მოთმენა გამომელია".
გოგლა რომ გარდაიცვალა, 21 წლის ვიყავი. პროფესიით ისტორიკოსი და არქეოლოგი ვარ. ამ სფეროების მიმართ ინტერესი გოგლასგან გამომყვა. კითხვა მან შემაყვარა. ბავშვობიდან უამრავ წიგნს მაკითხებდა და ანტისაბჭოთა ლიტერატურით მამარაგებდა. არ მოსწონდა, სკოლაში რომ დავდიოდი. იტყოდა ხოლმე, რა უნდა ბავშვს სკოლაში, მანდ კარგს არაფერს ასწავლიანო. რამდენჯერაც ზოოპარკში ვთხოვდი წაყვანას, მეტყოდა, მანდ ცხოველებს აწვალებენო. ძალიან თბილი, მოსიყვარულე იყო. ზედმეტი მოფერება იცოდა, ჩქმეტა და ამის გამო მე და ჩემი დეიდაშვილი ხშირად ვემალებოდით.
ფიზიკურად ძალიან ვგავდი ბაბუას და რაც წლები მემატება, უფრო ვემსგავსები. ეს ფაქტი ძალიან ახარებდა. სახელით კი არ მომმართავდა, ლეონიძეს მეძახდა. "ლეონიძე, მოდი! ლეონიძე, წადი! ლეონიძე, ეს მომიტანე!". მთელი დღე ასე მეძახდა და თან კმაყოფილი იყო. ძალიან უნდოდა, მისი გვარი მეტარებინა, მაგრამ ჩემი მეორე ბაბუა ექიმი–პროფესორი პეტრე ქავთარაძე (ქავთარაძის ქუჩა სწორედ მისი სახელობისაა) წავიდა ამის წინააღმდეგი, ქალი ხომ არ არის, ორი გვარი ატაროსო. გოგლას და პეტრეს ერთმანეთი ძალიან უყვარდათ, მაგრამ ამ საკითხში ვერ შეთანხმდნენ. შემდეგ გამოსავალი ისევ მამაჩემმა გამონახა. მას ლეო ანუ ლეონი ერქვა და მე გიორგი ლეონის ძე ქავთარაძე გამოვდიოდი. მამაჩემმა თქვა, ხომ ხედავთ, ორივე გვარი გამოდისო. სხვათა შორის, ჩემს პუბლიკაციებს ბოლოში გიორგი ლეონ ქავთარაძეს ვაწერ. ამით მამაჩემის სახელსაც პატივს ვცემ და ჩემი ბაბუების გვარებსაც.
მოულოდნელი გარდაცვალება
გიორგი ქავთარაძე, გიორგი ლეონიძის შვილიშვილი:
– ბაბუა 67 წლის ასაკში გარდაიცვალა. ეს ყველასთვის მოულოდნელი იყო, რადგან სიცოცხლის ბოლო წლებში საკმაოდ აქტიური გახლდათ. ავადმყოფობამდე ერთი კვირით ადრე ნიკო ბერძენიშვილის იუბილეზე სიტყვით გამოვიდა. ჯანმრთელი კაცი იყო, არაფერი აწუხებდა. როდესაც ავად გახდა, "ლეჩკომბინატში" დავაწვინეთ. შემდეგ გვთხოვა, წყნეთის აგარაკზე წაგვეყვანა. ალბათ წინათგრძნობა ჰქონდა და სახლში მშვიდად უნდოდა ბოლო დღეების გატარება. გარდაცვალებამდე რამდენიმე დღით ადრე ოთახში, სადაც იწვა, ბოძი გაიბზარა. ალბათ ესეც რაღაცის მანიშნებელი იყო...
თეონა კენჭიაშვილი, ჟურნალი სარკე 

0

ავტორი: