ჯო დასენი ცნობილი სიყვარულმა გახადა ჯო დასენი ცნობილი სიყვარულმა გახადა />


  11:13:31     16-09-2014

ჯო დასენი ცნობილი სიყვარულმა გახადა

a31903.jpg

სხვადასხვა ენაზე მღეროდა – ფრანგულად, ინგლისურად, გერმანულად, ესპანურად, იტალიურად და ბერძნულად. მაგრამ ყოველთვის – სიყვარულსა და მეგობრობაზე... ანუ იმაზე, რაც ახლო და უსიტყვოდ გასაგებია მთელი მსოფლიოს უამრავი ადამიანისვის. დაბალი, ამაღელვებელი, მომხიბვლელი ხმა და განსაკუთრებული, მიმნდობი ინტონაცია მათაც ხიბლავდა და ხიბლავს, ვინც ფრანგული საერთოდ არ იცის.

”რაც გიწერია...”
სასიყვარულო ლირიკის კლასიკოსი ჯო დასენი, რომელიც საფრანგეთის კულტურული მემკვიდრეობის ნაწილადაა მიჩნეული ედიტ პიაფთან, შარლ აზნავურთან და ჟორჟ ერთად, როგორი უცნაურიც უნდა იყოს, ფრანგული ინგლისურზე ცუდად იცოდა.

ჯო დასენი (ნამდვილი სახელი ჯოზეფ დასენი) დაიბადა ნიუ-იორკში 1938 წლის 5 ნოემბერს. მამამისი – ჟიულ დასენი – რუსი ებრაელია. არცთუ ხანგრძლივი კარიერის შემდეგ ის დიდი ხიჩკოკის ასისტენტი ხდება, მოგვიანებით ბევრ რამეს მიაღწია სარეჟისორო ასპარეზზე. დედა – ბეატრის ლონერი, წარმოშობით უნგრელი, - ცნობილი მევიოლინეა, მუშაობდა ესპანელ კომპოზიტორთან და მევიოლინე პაბლო კაზალსთან.

ჯოზეფის დაბადებიდან ძალიან მალე ოჯახი ლოს-ანჯელესში გადადის, სადაც ჟიულ დასენი 40-იანი წლების ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული რეჟისორი ხდება. მაგრამ მაშინ, როცა სენატორი მაკარტნი გახდა, ჯოს მამა ჰოლივუდის შავ სიაში მოხვდა – რადგან მოსკოვის მიმართ მისი სიმპათიას ეჭვობდნენ. 1945 წელს დასენების ოჯახი იძულებულია, ამერიკა დატოვოს და ერთხანს ევროპაში ერთი ადგილიდან მეორეზე გადავიდეს. ამ დროის მანძილზე ჯო დასენმა 14 სკოლა გამოიცვალა და რამდენიმე ენა და დიალექტი ისწავლა. ბოლოს და ბოლოს, ოჯახი პარიზში დასახლდა.

"როცა 12 წლის ვიყავი, მშობლები საფრანგეთში გადავიდნენ. სწორადაც მოიქცნენ, როცა ამერიკულ სკოლაში კი არა, ფრანგულ ლიცეუმში მიმიყვანეს, სწორედ ამის წყალობით ვიცი ერთნაირად ორი ენა, თუმცა ინგლისურად ოდნავ უკეთესად ვლაპარაკობ – მაინც მშობლიური ენაა", - ყვებოდა მოგვიანებით მომღერალი.

ჯომ გამოცდა “კარგზე” ჩააბარა და გრენობლში ბაკალავრის დიპლომი მიიღო. საუნივერსიტეტო კარიერა უღიმოდა, მაგრამ მშობლების გაყრის შემდეგ 1955 წელს საფრანგეთის დატოვება და აშშ-ში დაბრუნება გადაწყვიტა. იქ უნივერსიტეტში ჩააბარა, მედიცინას სწავლობდა, შემდეგ კი ეთნოლოგიას. ნათესავებსა და მის დახმარებაზე რომ არ ყოფილიყო დამოკიდებული, საღამოობით მენაგვედ მუშაობდა, მტვირთავად, დურგლად, ჭურჭლის მრეცხავად, ბარმენად, ფსიქოლოგის ასისტენტად, მძღოლად და კურიერად მუშაობდა.

1958 წელს მამამ ვაჟიშვილი სურათ “კანონში” (სხვა სახელი - "საით ქრის ცხელი ქარი") გადასაღებად მიიწვია. მეორეხარისხოვანი როლიც შეასრულა და სიმღერაც დაწერა ფიმისთვის, მოგვიანებით მამის კინონამუშევრებისთვის რამდენიმე მუსიკალური კომპოზიცია შექმნა. 1962 წელს სადოქტორო დისერტაცია დაიცვა და ევროპაში დაბრუნდა. “რადიო ლუქსენბურგში” გადაცემა მიყავდა და “ფლეიბოის” ჟურნალისტის როლში გამოდიოდა; ბევრ დროს ატარებდა ღონისძიებებზე და მამის ასისტენტადაც მუშაობდა. ამ ფაქტის კომენტირებისას, ბევრი კრიტიკოსი აღნიშნავს, რომ არავინ იცის, როგორი კარიერა ელოდა ჯოს, რომ არა მამა. თავად დასენი ამაზე პასუხობდა: "უელსის პრინციც რომ იყო ან საფრანგეთის რესპუბლიკის პრეზიდენტი, არაფერი გიშველის. ადამიანებს ტიტულები და წარმომავლობა კი არა, ნიჭი აინტერესებთ – თუკი ის, რა თქმა უნდა, გაქვს. რაც შეეხება მამის გავლენას, არა მგონია, რომ ერთი ადამიანი მაინც არსებობდეს, რომელზეც მშობლები გავლენას საერთოდ არ ახდენენ; შოუ-ბიზნესის სამყაროში კი, მამაჩემის შვილობამ ჩემკენ მომართული დაჟინებული მზერის გარდა არაფერი მოიტანა, ვერც ვერაფერს მომცემდა. ის მკვეთრად მიჯნავდა პროფესიულ და პირად ცხოვრებას, სახლში ჩვეულებრივ მოხელეზე გვიან კი ბრუნდებოდა, მაგრამ სახლში სხვა ადამიანი იყო და გადასაღებ მოედანზე – სხვა. არასდროს მქონია იმის შეგრძნეა, რომ მამაჩემის პროფესია სხვა ბავშვების მამების პროფესიისგან რამით განსხვავდებოდა".

"შენც შეძლებ"

1963 წელს ჯო დასენი ერთ წვეულებაზე გოგონამ მოხიბლა სილამაზითა და განუმეორებელი ინდივიდუალობით. ამ შეხვედრამ ყველაფერი გადაწყვიტა მის კარიერაში.

"ყველაფერი ფლირტით დაიწყო. მომხიბვლელმა გოგონამ გამიტაცა და მასზე შთაბეჭდილების მოხდენას ვცდილობდი. ძალიან მოსწონდა ამერიკული ფილკ-სიმღერები, რომელთაც გიტარით ხელში ვასრულებდი. გადავწყვიტე, პირველი დისკი შემექმნა. არაფრად ვარგოდა, მაგრამ უკან დახევაც არ მინდოდა".

ფირფიტა მაინცდამაინც წარმატებული არ აღმოჩნდა, ჯო დასენს ისიც ურჩიეს, სიმღერით ნუღარ გაერთობიო. მაგრამ ჯო ჯიუტი იყო: ჩემს თავს ვეუბნებოდი: შეხედე ამ ბიჭებს, ყველა რომ გიჟდება მათზე: არც ჭკვიანია შენზე მეტად, არც ნიჭიერი. მათ შეძლეს რაღაცის მიღწერვა, შენც შეძლებ". ჯო დასენმა მეორე დისკი ჩაწერა, მერე – მესამე – შედეგი უკეთესი და უკეთესი იყო. 1966 წელს ერთმა მეგობარმა ბრიუსელში კონცერტზე გამოსვლა შესთავაზა.

"იქ ისე გავჩნდი, რომ 4 სიმღერისა და გიტარის გარდა მარაგში არაფერი მქონდა, დიდიკ იმედგაცრუება მელოდა: ჩემამდეც და შემ შემდეგაც სცენაზე მომღერლები ორკესტრის თანხლებით გამოდიოდნენ, კარგი აპარატურით: ვგრძნობდი, რომ იქ მეგობრის დახმარებით მოვხვდი და მეტი არაფერი. კონცერტის შემდეგ პროდიუსერი მომიახლოვდა და თანამშრომლობა შემომთავაზა. ვუპასუხე, ფუჭი შრომაა, ჯერჯერობით ვერც მუსიკოსებისთვის და ვერც ნორმალური ჟღერადობისთვის ფულს ვერ გადავიხდი-მეთქი. მაში არაფერი უთქვამს, მაგრამ 68 წლის თებერვალში ისევ გამოჩნდა: "თქვენთვის კარგი კონტრაქტის მიღება გამომივიდა". მხოლოდ იმ დროიდან დავიწყე სცენაზე გამოვლა", - იხსენებდა დასენი.

მომღერალი თავბრუდამხვევ კარიერას იკეთებს: წარმატების საფუძველი – დაბალი, ღრმა ხმა. კოზირები – გარეგნობა და სცენაზე ყოფნის მანერა. ეგზოტიკური ამერიკული წარმომავლობა და ბუნებრივი ელეგანტურობა ფრანგულ ესტრადაზე ნამდვილ ფურორს ახდენს, ამერიკული ფოლკ-სიმღერების რეპერტუარი და “ქანთრი” ნამდვილი სიახლეა, რომელიც 60-იანების საფრანგეთმა კარგად აღIქვა და მიიღო კიდეც.

"შრომის მეტი არაფერი რჩება"

60-იანი წლების აგრესიული და მკაცრი როკის ფონზე, დიდების მწვერვალზე ჩნდება ადამიანი, რომელიც ამ მიმართლებისთვის სრულიად უცხოა. როცა ფრანგები ამერიკაში მღერიან, მშვიდი და თავშეკავებული ამერიკელი საფრანგეთშია, ფრანგების გულის მოსაგებად. 1969 წლიდან ჯო დასენის ცხოვრებაში დასვენების დრო აღარ არის. გასტრლების უწყვეტი რიგი იწყება, განსაკუთრებით პოპულარული ხდება ჯო კანადაში. ფირფიტები მილიონიან ტირაჟს სცდება. ერთი მეორის მიყოლებით იბადება სიმღერები, რომლებიც XX საუკუნის ოქროს ფონდში შევა.

წარმატების მიუხედავად, ჯო დასენი ბოლომდე ტავის ნიჭში დარწმუნებული არ ყოფილა. როცა მორიგ დისკზე მუშაობა დასასრულისკენ მიდიოდა, ყველა შინაურს კრებდა და ყველა გამოთქვამდა საკუთარ აზრს და აფასებდა ყველა სიმღერას. ჯოსთვის განსაკუთრებით ძვირფასი დედის აზრი იყო. იმდენად მოკრძალებული იყო, რომ ხშირად უნდა დაერწმუნებინათ, რომ რასაც აკეთებს, საკმაოდ კარგია. მთელი ცხოვრების მანძილზე ასე იყო და არ იღლებოდა იმის განმეორებით: “ტალანტი თუ არ გაქვს, გარჯის მეტი არაფერი გრჩებაო!"

"ფული იმდენადაა ჩემთვის მნიშნელოვანი, რამდენადაც ის ჩემს თავისუფლებას განსაზღვრავს. მაგალითად, ვიცი, რომ ხვალ სენგალში გამგზავრება შემიძლია, რომ იქ ჩემი ყველაზე საყვარელი საქმით – თევზაობით – ვისიამოვნო. არც სასახლეები მჭირდება და არც იახტები. ერთადერთი ფუფუნება, რომლის უფლებასაც თავს ვაძლევ – დამატებითი მუსიკოსების აყვანაა, როცა ესა თუ ის სიმღერა ამას ითხოვს. როცა საუბარი ჩემს სამუშაოზე, არაფერზე ვაკეთებ ეკონომიას."

"ნამდვილი სიხარული ჩემთვის ისაა, როცა ქუჩის მხატვარი ჩემს სიმღერას ღიღინებს, ამ ბენზინის ჩამსხმელი უსტვენს და სულ არ ფიქრობს, ვინაა მისი კლიენტი. ის, რომ ჩემს სიმღერებს ადამიანებისთვის სიხარული მოაქვს და შრომას უმსუბუქებს, ეგზალტაციის მახლობელ გრძნობას იწვევს ჩემში," – ამბობდა ჯო დასენი.

"ძნელია, იყო ცნობილი, მაგრამ ძალიან სასიამოვნოცაა".

ზედმიწევნით იცავდა პირად ცხოვრებას ცნობისმოყვარეებისგან, ამბობდა, რომ არ სურდა მორალური სტრიპტიზის მოწყობა და რომ მისი მსმენელი სიმღერებს ელის და არა ანეგდოტებსა და სკანდალურ ისტორიებს. ცნობილი მომღერალი, რომელიც სულ მსმენელის წინაშე იყო, თვლიდა: "ყოველ ადამიანს, სახლში მოსვლის შემდეგ, აქვს უფლება, მოიხუროს კარი. იმავე უფლებას ვიტოვებ ჩემთვისაც". შედეგად – ორმა ქორწინებამ და პირველი შვილის სიკვდილმა – საგაზეთო ქრონიკის მიღმა ჩაიარა.

მწვერვალზე
1979 წლის დეკემბერში ჯო დასენს გულის შეტევა ჰქონდა. თუმცა, პრობლემა ახალი არ იყო.

1980 წლის 22 მარტს სახელგანთქმულ მომღერალს მეორე ბიჭი შეეძინა. ჯო დასენმა მეორე დღესვე შეიტანა განქორწინებაზე განცხადება და ბავშვებისთვის დამქანცველი ბრძოლა დაიწყო. შეძლო კიდეც დროებით სათავისო გადაწყვეტილების მიღება, მაგრამ ძალიან ძვირ ფასად. ჯო დასენი გულის შეტევამ ლოგინად ჩააგდო და მთელი თვე საწოლს იყო მიჯაჭვული.

1980 წლის 11 ივლისს დასენი სცენაზე დაბრუნდა – კანის ფესტივალის გალაკონცერტისთვის. მეორე განყოფილების დროს უგონოდ დაეცა და საავადმყოფოში წაიყვანეს. ექიმების გაფრთხილების მიუხედავად, გადაწყვიტა, დასვენება მოეწყო საკუთარი თავისთვის, ტაიტიზე გაემგზავრა, მეგობრებთან და ნათესავებთან ერთად.

1980 წლის 20 აგვისტოს, სადილის დროს რესტორან “მიშელსა და ელიანში” ტაიტიზე ჯო დასენი მოულოდნელად გულის შეტევით გარდაიცვალა. მისი მეგობარი - კლოდ ლემესლი – გულის მასაჟის გაკეთებას ცდილობდა, მაგრამ არაფერმა უშველა. “სასწრაფო დახმარების” სადგური კუნძულის მეორე ბოლოში იყო. ცნობილი მომღერალი პირდაპირ მაგიდასთან დაიღუპა.

ჯო დასენის დაკრძალვის ადგილი საიდუმლოდ ბოლო წუთამდე ინახებოდა. საფლავთან არავინ იყო, მამის ჟიულ დასენის, დედინაცვალ მელინა მერკურისა და 2 დის გარდა...

დასენის სიკვდილი მისი პოპულარობის კატალიზატორად იქცა. სანამ პრესა გარდაცვალების მიზეზებს იძიებდა, მსმენელები მის დისკებს “ეცნენ”, რადიოსადგურები კი მის სიმღერებს ატრიალებენ დღე და ღამე.

ჯოზეფის ბოლო ალბომი და საუკეთესო ჰიტების კრებული სამ ფირფიტაზე დაკრძალვიდან რამდენიმე დღის შემდეგ გამოვიდა.

eva.ge

0

ავტორი: