14:00:24     12-09-2014
მკვლელობა დმანისში

სამართალდაცველთა ინფორმაციით, „75 წლის მუხტარ ახამედოვმა თანასოფლელი ჯაჰანგირ ორუჯევი სანადირო თოფით მოკლა. შემთხვევა დმანისის რაიონის სოფელ გოდეკდაგში მოხდა“ .
ჯაჰანგირ ორუჯევი მიღებული ჭრილობებისგან თბილისის ერთ–ერთ საავადმყოფოში გარდაიცვალა. ეჭვმიტანილი, რომელმაც სოფლიდან თავი დააღწია, თბილისში დააკავეს.
ფაქტი „პრესა.ჯი“-ს შს სამინისტროში დაუდასტურეს. უწყების ოფიციალური განცხადებით:
„შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის სამხარეო მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1939 წელს დაბადებული მუხტარ ა. განზრახ მკვლელობის ბრალდებით თბილისში დააკავეს.
გამოძიებამ დაადგინა, რომ დმანისის რაიონის სოფელ გოდაგ-დაგში მცხოვრებმა მუხტარ ა-მ საკუთარი სანადირო ორლულიანი თოფიდან გასროლით 11 სექტემბერს, გამთენიისას, თანასოფლელს - 1938 წელს დაბადებულ ჯანგირ ო-ს ორი ჭრილობა მიაყენა. მიყენებული ჭრილობების შედეგად ჯანგირ ო. საავადმყოფოში მიყვანის შემდეგ, რამდენიმე საათში გარდაიცვალა. გამოძიებამ ასევე დაადგინა, რომ მუხტარ ა-სა და გარდაცვლილს შორის წარსულში მიწის ნაკვეთის გამო ურთიერთშელაპარაკებას ჰქონდა ადგილი. დაკავებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს.
გამოძიება განზრახ მკვლელობის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 108-ე მუხლით)“.
0