09:58:45     09-09-2014
"მოსიარულე ბიბლიოთეკა" "წიგნი ყველა სოფელს" პროექტის ფარგლებში ბორჯომს ეწვევა
9 სექტემბერს, 11:00 საათზე, ,,ვისოლის' დიღმის ბენზინგასამართ სადგურზე (მე-13-ე კმ.) პროექტის ,,წიგნი ყველა სოფელს' ფარგლებში „მოსიარულე ბიბლიოთეკა" გეზს ბორჯომის მაღალმთიანი სოფლებისკენ აიღებს.
13:00 საათზე ბორჯომის ცენტრალურ პარკში მოძრავი ბიბლიოთეკის მგზავრებს ადგილობრივი მუნიციპალიტეტის წარმომდგენლები დახვდებიან და ბორჯომში შეგროვებულ ლიტერატურას გადასცემენ, მაღალმთიან სოფლებში დასარიგებლად.
"წიგნი ყველა სოფელს" - არასამთავრობო, სახელმწიფო, საქართველოს საპატრიარქოს და კერძო სექტორის ერთიანი ძალისხმევით და ორგანიზაცია ,,სტუდენტური ერთიანობის' და „წიგნის მეგობრების' ინიციატივით განხორციელდება. სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს, სსიპ ბავშვთა და ახალგაზრდობის განვითარების ფონდის, „ვისოლ ჯგუფის", საპატრიარქოს ახალგაზრდული მოძრაობა „დავითიანნის", „ბაკურ სულაკაურის გამომცემლობის", „პალიტრა L"-ის, საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკის და ქველმოქმედი საზოგადოების მხარდაჭერით სვანეთის, იმერეთის, კახეთის, მცხეთა-მთიანეთისა და აჭარის სოფლების სასკოლო თუ ცენტრალური ბიბლიოთეკები საჭირო წიგნებით მომარაგდება.
შესაბამისად, პროექტი რეგიონალური ცენტრებიდან მოშორებით მდებარე სოფლების მოსახლეობაში წიგნის პოპულარიზაციას ისახავს მიზნად. პროექტი, რომელიც ბავშვთა და ახალგაზრდობის განვითარების საგრანტო კონკურსის გამარჯვებულია და ზემოთ ჩამოთვლილ, პარტნიორ ორგანიზაციების აერთიანებს 1 აგვისტოდან დაიწყო. სწორედ, ამ დროიდან საზოგადოებას აქვს შესაძლებლობა დედაქალაქის ცენტრალურ უბნებში განთავსებულ „ვისოლის" ავტოგასამართ სადგურებზე, სუპერმარკეტების ქსელ „სმარტის" და ამერიკული რესტორნების ქსელ „ვენდის" ვაკისა და რუსთაველის ობიექტებზე, „დავითიანნის" ოფისებში რუსთაველის გამზ. N 21/23-სა და სამების საკათედრო ტაძრის სამრეკლოში მიიტანოს წიგნები და გააჩუქონ ისინი მათთვის, ვისთვისაც წიგნი ხელმიუწვდომელია.
ეროვნული ბიბლიოთეკის მიერ
წიგნების დახარისხების შემდგომ, რეგიონების მოსახლეობისათვის წიგნების
მიწოდებაზე ,,მოსიარულე ბიბლიოთეკა' იზრუნებს, რომელიც საქართველოს დიდ
ქალაქებში გაჩერდება და დაგეგმილი ღონისძიებებისა და ცნობილი მწერლების
დახმარებით იქაურ მოსახლეობასაც მისცემს საშუალებას გააჩუქონ წიგნები და
ჩაერთონ საგანმანათლებლო პროექტში. „წიგნი ყველა სოფელს" გრძელვადიანი
პროექტია და ამჯერად ბორჯომისა და წაღვერის მაღალმთიანი სოფლების მწირი
სასკოლო ბიბლიოთეკების წიგნადი ფონდის გამდიდრებას ისახავს მიზნად.
მოსახლეობის აქტიურობიდან გამომდინარე პროექტი სხვა რეგიონების
ბიბლიოთეკების მოამარაგებს და მომავალშიც გაგრძელდება.
0