რატომ იხდიდა რატი მილორავა  სასჯელს - სასამართლოს განაჩენი რატომ იხდიდა რატი მილორავა სასჯელს - სასამართლოს განაჩენი />


  14:40:04     08-09-2014

რატომ იხდიდა რატი მილორავა სასჯელს - სასამართლოს განაჩენი

a31770.jpg

ადამიანის უფლებათა დაცვის კომისტეტის თავმჯდომარეს, ეკა ბესელიას, ოჯახის წევრთა მიერ ჩადენილ შესაძლო დანაშაულობებზე ხშირად უწევს თავის მართლება. ამჯერად პარლამენტარის ვაჟის, რატი მილორავას სახელი მიმდინარე წლის 30 აგვისტოს „სკაი ბართან“ მომხდარ მკვლელობას დაუკავშირეს.

მოკლული დაჩი დარჩიას მეგობრები პირად საუბარში აცხადებენ, რომ იმ შემზარავ დღეს მილორავა „სქაიში“ იყო, დიჯეისთან ჩხუბი მოუვიდა, რის შემდეგაც ახალგაზრდა რეჟისორს ავლაბრის ტერიტორიაზე დანით კლავს 20 წლის მიხეილ გრძელიშვილი...

ბარის ადმინისტრაცია და ბესელია 30 აგვისტოს ბარში მილორავას ყოფნის ფაქტს არ ადასტურებს. ბესელიამ „პრესა.ჯი“-ს ინცინდენტის ღამეს უთხრა, რომ „მისი შვილი თბილისში საერთოდ არ ყოფილა, ბოლო ერთი თვე და აჭარაში მოძღვართან იყო“.

ბარის დირექტორი დავით კვირტია კი მილორავსთან ნაცნობობას საერთოდ უარყოფს, თუმცა დანამდვილებით იცის, რომ შემთხვევისას პარლამენტარის ვაჟი კლუბში არ იმყოფებოდა.

იყო თუ არა, მილორავა ბარში და მოხდა თუ არა კონფლიქტი, ამის დამტკიცება იმ უწყვეტი ვიდეომასალით შეიძლებოდა, რომელიც ბარში დამონტაჟებულმა ვიდეო-კამერებმა გადაიღეს, თუმცა „სქაის“ ხელმძღვანელები ფირის ჟურნალისტებისთვის გადაცემაზე უარს აცხადებენ.

„პრესა.ჯი“-ს ფირის ნახვის უფლება მხოლოდ ადგილზე მიეცა, სადაც რამდენიმე მნიშვნელოვანი უზუსტობა მალევე გამოვლინდა მაგალითად: ჩანაწერებში „ტაიმ კოდი“ არეულია, რაც აძლიერებს ეჭვს ვიდეო-მასალის მოდელირების შესახებ.

ვიმედოვნებთ რომ პროკურატურა გასცემს პასუხს  ყველა კითხვას, რომელიც დარჩია ოჯახს და მის მეგობრებს აწუხებს. ჩვენი ინფორმაციით, უახლოეს დღეებში, მოკლული დიჯეის ოჯახი და ახლობლები, სპეციალურ განცხადებას გააკეთებენ და მკვლელობის მოტივზე და თანამონაწილეებზე ისაუბრებენ.

საინტერესეო დეტალი: „სქაი ბარის: მფლობელი ვინმე ზაზა ქაწაშვილია, რომლის ქალიშვილთან, ბესელიას ვაჟს, რატი მილორავას, მეგობრული ურთიერთობა აკავშირებს.

„პრესა.ჯი“-ს ჟურნალისტური გამოძიების ჯგუფი, დარჩიას მკვლელობის ირგვლივ დამატებით მტკიცებულებებს აგროვებს, ამოწმებს ფაქტებს, ხვდება მოწმეებს და მასალებს მალე გავასაჯაროვებთ, რითაც შესაძლოა, გამოძიებას დავეხმაროთ კდეც.

აღსანიშნავია რომ რატი მილორავას „სქაიში“ მომხდარ კრიმინალურ ფაქტთან ადრეც აკავშირებდნენ. კერძოდ: 2013 წელს, დეპუტატ  მარიკა ვერულაშვილის შვილის დაბადების დღეზე რატი მილორავა ჩხუბში მონაწილეობდა, რა დროსაც ერთერთი სტუმარი დაიჭრა კიდეც.

იმ დროს, ეს ფაქტი შს სამინისტრომ ოფიციალურად არ დაადასტურა. შესაბამისად მილორავა არავის დაუკავებია.

ბესელია მაშინაც უარყოფთა რაიმე კავშირს მის შვილსა და კლუბში მომხდარ ინციდენტს შორის. მეტიც, მაშინცა, ისევე როგორც ახლა აცხადებდა რომ მისი შვილი კლუბში საერთოდ არ ყოფილა და მოძღვართან ერთად იყო.

თუმცა, მოგვიანებით ფაქტი თავად მილორავამ დაადასტურა იმ განსხვავებით რომ განაცხადა - ჩხუბში კი არ ვმონაწილეობდი, ჩხუბის მონაწილეების გაშველებას ვცდილობდიო.

რაც შეეხება მეორე კრიმინალურ ფაქტს, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით დასტურდება, ის 2009 წელს მოხდა.

ქობულეთში, აღმაშენებლის ქუჩაზე მდებარე ერთ-ერთ რესტორანში ეკა ბესელიას ვაჟი, რატი მილორავა და ძმა, სერგო ბესელია ხულიგნობის ბრალდებით  დააკავეს. დაკავებულებს ბრალი პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევის მუხლით წაუყენეს. 2009 წლის 24 დეკემბრის კი ექვს-ექვსი თვით თავისუფლების აღკვეთაც მიუსაჯეს.

ბესელია  მომხდარს პოლიტიკურ ანგარიშსწორებას მიაწერდა. ოპოზიციონერი ბესელია ირწმუნებდა, რომ მისი შვილი და ძმა ქობულეთში ფერისცვალების დღესასწაულს აღნიშნავდნენ, რა დროსაც ისინი კიდევ ორ პიროვნებასთან ერთად მოულოდნელად დააკავეს.

რესტორანში, კი  სადაც მისი ოჯახის წევრები ვახშმობდნენ, უცხო პირებს შორის შელაპარაკება მოხდა და ბესელიები ჩხუბში არ ფიგურირებდნენო.

„პრესა.ჯი“: გთავაზობთ მილორავას მიმართ დამდგარ განაჩენს, რომელიც მისივე უფლებადამცველმა ეკა ბესელიამ სხვადასხვა ინსტანქციაში გაასაჩივრა თუმცა ვერც ერთი სასამართლო ვერ მოიგო:

2კ-587აპ.-10                                                       

 20 ივლისი, 2010 .

. თბილისი 

საქართველოსუზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით

თავმჯდომარეპაატა სილაგაძ

მოსამართლეები: მაია ოშხარელი, იური ტყეშელაშვილი 

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულების - ს.ბ-ასა და რ. მ-ას ინტერესების დამცველი ადვოკატების - ე. ბ-ასა და ლ. გ-ის საკასაციო საჩივარი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2010 წლის 27 აპრილის განაჩენზე.

ბათუმის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2009 წლის 24 დეკემბრის განაჩენით ს. ბ-ა და რ. ც ცნობილ იქნენ დამნაშავედ და მიესაჯათ: საქართველოს სსკ-ის 239-ე მუხლის I ნაწილით -  6-6 (ექვს-ექვსი) თვით თავისუფლების აღკვეთა.

მათვე იმავე კოდექსის 42-ე მუხლის გამოყენებით დამატებით სასჯელად განესაზღვრათ ჯარიმა - 4000-4000 (ოთხიათას-ოთხიათასი) ლარი სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ; 353-ემუხლის I ნაწილით - 2-2 (ორ-ორი) წლით თავისუფლების აღკვეთა, რისთვისაც მათ საქართველოს სსკ-ის 59-ემუხლის I ნაწილით, შეკრების წესით, საბოლოო სასჯელად განესაზღვრათ 2-2 (ორ-ორი) წლითა და 6-6 (ექვს-ექვსი) თვით თავისუფლების აღკვეთა, დამატებით სასჯელად კი განესაზღვრათ ჯარიმა - 4000-4000 (ოთხიათას-ოთხიათასი) ლარი.

იმავე განაჩენით: ვ. კ-ე და რ. მ ცნობილ იქნენ დამნაშავედ და მიესაჯათ: საქართველოს სსკ-ის 239-ემუხლის I ნაწილით -  ჯარიმა _ 2000-2000 (ორიათას-ორიათასი) ლარი სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ,  ხოლო 353-ემუხლის I ნაწილით - 2-2 (ორ-ორი) წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც იმავე კოდექსის 88-ე მუხლის IV ნაწილის გამოყენებით შეუმცირდათ ერთი მეოთხედით და სასჯელად განესაზღვრათ 1-1 (ერთ-ერთი) წლითადა 6-6 (ექვს-ექვსი)  თვით თავისუფლების აღკვეთა.

საქართველოს სსკ-ის 59-ემუხლის I ნაწილით, შეკრების წესით, ვ.    კ-ესა და რ. მ-ას საბოლოო სასჯელად განესაზღვრათ 1-1 (ერთ-ერთი) წლითა და 6-6 (ექვს-ექვსი) თვით თავისუფლების აღკვეთა და ჯარიმა - 2000-2000 (ორიათას-ორიათასი) ლარი.

არასრულწლოვნებზე - ვ. კ-სა და რ. მ-ზე დაკისრებული ჯარიმების გადახდა დაევალათ მათ მშობლებს.

გაუქმდა ვ. კ-ისა და რ. მ-ას მიმართ შერჩეული აღკვეთის ღონისძიება _ გირაო და საქართველოს სსსკ-ის 168-ემუხლის VIII ნაწილის შესაბამისად, გირაოს სახით შეტანილი ფულადი თანხა - 3000-3000 (სამიათას-სამიათასი) ლარი განაჩენის აღსრულებიდან 1 თვეში უნდა დაუბრუნდეთ გირაოს შემტანთ.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2010 წლის 20 აპრილის განჩინებით ს. ბ-ასა და რ. მ-ას სისხლის სამართლის საქმიდან ცალკე წარმოებად გამოიყო სისხლის სამართლის საქმე რ. ც-ისა და ვ. კ-ის მიმართ.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2010 წლის 27 აპრილის განაჩენით ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2009 წლის 24 დეკემბრის განაჩენის. ბ-ასა და რ. მ-ას მიმართ დარჩა უცვლელად.

საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები და გამოარკვია:

საკასაციო პალატა სისხლის სამართლის საქმისა და საკასაციო საჩივრის შესწავლის შედეგად მივიდა დასკვნამდე, რომ ეს უკანასკნელი არ აკმაყოფილებს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 547-ე მუხლის მე-2 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის სხდომაზე განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 547-ე მუხლის მე-2 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:

ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის;

ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი სამართლებრივი ან საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.

საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არც ერთი ზემოაღნიშნული საფუძველი.

პალატა აღნიშნავს, რომ კასატორები ვერ ასაბუთებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მნიშვნელოვანი სამართლებრივი ან საპროცესო დარღვევებით, რაც ასევე არ დასტურდება საქმის შესწავლის შედეგად.

გარდა ამისა, საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს განაჩენის დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის კრიტერიუმით.

მოცემულ შემთხვევაში მსჯავრდებულების მიმართ ინკრიმინირებული დანაშაული წარმოადგენს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 239-ედა 353-ე მუხლების I ნაწილებით გათვალისწინებულ ქმედებებს და ამ კატეგორიის საქმეებზე, როგორც სამართლებრივი, ასევე საპროცესო შეფასების თვალსაზრისით, არსებობს საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკა, რომელიც ასახულია სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებულ გადაწყვეტილებაში.

ამდენად, მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა მანამდე არსებული სასამართლო პრაქტიკის განვითარებისა და სრულყოფისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს _ მითითებული სამართლებრივი წინაპირობების გარეშე _ წარმატების პერსპექტივა.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 547-ემუხლის მე-2 ნაწილით, 567-ე მუხლით და დაადგინა

      მსჯავრდებულების - ს. ბ-ასა და რ. მ-ას ინტერესების დამცველი ადვოკატების - ე. ბ-ასა და ლ. გ-ის საკასაციო საჩივარი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2010 წლის 27 აპრილის განაჩენზე არ იქნეს დაშვებული საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის სხდომაზე განსახილველად. 

განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება“.

0

ავტორი: