13:03:46     07-08-2014
6 წელი რუსეთ-საქართველოს ომიდან
7 აგვისტოდან საქართველოში რუსეთ-საქართველოს ხუთდღიანი ომის მეექვსე წლისთავის აღნიშვნა დაიწყო. ზუსტად 6 წლის წინ საქართველოს სახელმწიფოს ტერიტორიაზე რუსული ჯარი კიდევ ერთხელ შემოიჭრა.
რუსული აგრესიის დროს დაიღუპა საქართველოს 228 მშვიდობიანი მოქალაქე, 170 სამხედრო, 14 პოლიციელი. ამ დრომდე დაკარგულად ითვლება 8 ჯარისკაცი. დევნილობაში რჩება 30 ათასამდე მოქალაქე. ქვეყნის 20% ოკუპირებულია, მეზობლებსა და ნათესავებს ერთმანეთისგან მავთულხლართები ყოფს.
ყველაფერი ასე დაიწყო:
2008 წლის 31 მაისს აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკაში რუსეთმა, რკინიგზის ხაზის აღდგენის მიზეზით, სარკინიგზო ჯარები შეიყვანა და სამუშაოები დაგეგმილზე ერთი თვით ადრე, აგვისტოს კონფლიქტის დაწყებამდე ერთი კვირით ადრე დაასრულა.
7 აგვისტოს ცხინვალის რეგიონში ოს სეპარატისტსა და ქართულ ჯარს შორის საბრძოლო მოქმედებები დაიწყო. თავიდანვე ცნობილი იყო, რომ სეპარატისტბს ზურგს რუსი სამხედროები უმაგრებდნენ.
8 აგვისტოს, დაახლოებით 00.30 საათზე საქართველოს ხელისუფლებამ კონფლიქტის ზონაში კონსტიტუციური წესრიგის აღდგენის შესახებ გადაწყვეტილება მიიღო. ქართულმა შენაერთებმა ცხინვალი დაიკავეს, თუმცა, რუსული ავიაციის იერიშების შემდეგ უკან დაიხიეს. რუსეთმა საქართველოს სხვა რეგიონების საჰაერო დაბომბვაც დაიწყო.
8 აგვისტოს საქართველოს ტერიტორიაზე როკის გვირაბის გავლით და ფსოუს საზღვრიდან 15 ათასამდე რუსი სამხედრო შემოვიდა.
რუსულმა ავიაციამ საჰაერო იერიშები მიიტანა საქართველოს სხვადასხვა ქალაქებში განთავსებულ სამხედრო ბაზებსა და აეროდრომებზე. დაიბომბა გორი, სამხედრო ბაზის ტერიტორია. რუსულმა ავიაციამ თბილისის ვაზიანის ბაზა, სავიაციო ქარხანა, ქვიშიანის მთაზე მდებარე რადარიც დაბომბა. დაიბომბა ფოთის პროტი, სენაკისა და მარნეულის სამხედრო ბაზები. რუსებისა და ოსების გაერთიანებული სამხედრო შენაერთები ქართველებს ცხინვალში სამი დღე ებრძოდნენ.რუსულმა გემებმა საქართველოს
შავიზღვისპირეთი დაბლოკეს.
რუსეთი აქტიურად და მიზანმიმართულად ბომბავდა დასახლებულ პუნქტებს.
9 აგვისტოს რუსულმა და აფხაზურმა ძალებმა მეორე ფრონტი გახსნეს კოდორის
ხეობაზე თავდასხმით და დასავლეთ საქართველოს შიდა ტერიტორიებში შეიჭრნენ.
რუსეთის 58-ე არმიამ, ახალგორის რაიონი, ზემო აფხაზეთი, ზუგდიდი, გორის
რაიონის რამდენიმე სოფელი, საჩხერის რაიონის სოფელი პერევი დაიკავა.
საქართველოს ხელისუფლებას ორი ცხელი წერტილია მოგერიება და შენარჩუნებისთვის ბრძოლა უწევდა. 12 აგვისტოს საფრანგეთის პრეზიდენტის, ნიკოლა სარკოზის შუამდგომლობით კონფლიქტის მხარეებმა მიაღწიეს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას, რომელსაც საქართველომ თბილისში 15 აგვისტოს მოაწერა ხელი, ხოლო რუსეთმა მოსკოვში 16 აგვისტოს. აღსანიშნავია, რომ ნაკისრ ვაკლდებულებებს რუსული მხარე დღემდე არ ასრულებს.
12 აგვისტოს რუსეთის პრეზიდენტმა დიმიტრი მედვედევმა უკვე გასცა ცეცხლის შეწყვეტის ბრძანება, თუმცა საქართველოს დასახლებული პუნქტების დაბომბვები და რუსი ჯარისკაცების თვითნებობები არ შეწყვეტილა.
შეთანხმების ხელმოწერის შემდეგ რუსეთმა საკუთარი ჯარების უმეტესი ნაწილი სამეგრელოს და შიდა ქართლის რეგიონებიდან გაიყვანა. 26 აგვისტოს რუსეთმა სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის დამოუკიდებლობა ცნო. საზღვრისპირა რეგიონებში კი მცოცავი ოკუპაცია ამ დრომდე გრძელდება.
0