„იარაღი სუფთა მომეჩვენა“ - „კამერა, რომელიც კიწმარიშვილის ავტომობილს უყურებდა, შეტრიალებულია“ „იარაღი სუფთა მომეჩვენა“ - „კამერა, რომელიც კიწმარიშვილის ავტომობილს უყურებდა, შეტრიალებულია“ />


  12:39:50     17-07-2014

„იარაღი სუფთა მომეჩვენა“ - „კამერა, რომელიც კიწმარიშვილის ავტომობილს უყურებდა, შეტრიალებულია“

a31151.jpg

ისევ ვერსიები და კითხვის ნიშნები,  საზოგადოების გარკვეული ნაწილი  „რუსთავი 2“ის დამფუძნებლის გარდაცვალების წინასწარ ვერსიას „თვითმკვლელობას“, უნდობლობას  უცხადებს.

კიწმარიშვილის საქმეში უკვე გაჩნდა რამდენიმე ბზარი, რომელიც ამ ადამიანების  ეჭვებს აღრმავებს.

„რუსთავი 2“- ის ინფორმაციით, სათვალთვალო კამერა, რომელიც გარდაცვლილი ეროსი კიწმარიშვილის ავტომობილს უყურებდა, სხვა მხარეს არის შეტრიალებული.

ტელეკომპანიის მიერ გავრცელებულ კადრებში ჩანს მტვრიანი სათვალთვალო კამერა, რომელსაც ნათითურები ეტყობა და სხვა მხარესაა მიბრუნებული.

 გავრცელებული ინფორმაციით, ეს კამერა ავტოფარეხში ეროსი კიწმარიშვილის სურვილით დამონტაჟდა. უცნობია, კამერის შეტრიალება ინციდენტამდე მოხდა თუ ინციდენტის შემდეგ.

კიწმარიშვილის გარცავალების შემდეგ საზოგადოება გამადიდებელი შუშით აკვირდება ბადრი ნანიტაშვილს. ის გარდაცვლილის მეგობარია.

მას შემდეგ, რაც პროკურატურამ ოფიციალურად განაცხადა, რომ შემთხვევის ადგილზე აღმოჩენილი იქნა მისივე სახელზე 15 ივლისს რეგისტრირებული ცეცხლსასროლი იარაღი, ნანიტაშვილმა თქვა: „მითხრა რომ თავისი ძმისთვის, საჩუქრად აპირებდა იარაღის ყიდვას“, მოგვიანებით კი ტელეკომპანია  „თრიალეთის” გენერალურმა დირექტორმა შეცვალა განცხადება და განაცხადა, რომ ის ეროსის იარაღის შესაძენად თავად გაჰყვა.

„ანუ, იარაღი ერთად თუ იყიდეს, როგორც ბოლო ინტერვიუში ამბობს, მანამდე რატომ ამბობს რომ აპირებდა ყიდვასო?! რაღაც აბდა-უბდაა... სადღაც იტყუება, ან ყველგან...“, - ასე გამოეხმაურა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი გოგა ხაჩიძე ნანიტაშვილის შეცვლილ განცხადებას.

ცნობისთვის, ბადრი ნანიტაშვილი მთავარ პროკურატურაში უკვე დაკითხეს, რომელიც გავრცელებული ინფორმაციით, გარდაცვალებამდე ცოტა ხნით ადრე ესაუბრა ეროსის.  გვიან ღამემდე იკითხებოდა კიწმარიშვილის თანაშემწე თიკო ბეჟაშვილიც.

„რუსთავი 2“-ის დამფუძვნებლის ოჯახის წევრებმა გარდაცვალების საკითხზე პირველი განცხადება გუშინ გააკეთს.  ზურაბ კიწმარიშვილი აცხადებს რომ მისი ძმის გარდაცვალების ადგილზე ნაპოვნ იარაღზე სისხლის კვალი არ იყო.

„მე ვნახე იარაღი, რომელიც როგორც ამბობენ, მიბჯენით იყო გამოყენებული. მასზე არ იყო სისხლის კვალი, რომელიც სხვაგან ყველგან იყო, მთელ მანქანაში და იარაღი მომეჩვენა სუფთა, საკმაოდ ახლოს ვნახე და ეს იყო ჩემთვის საკმაოდ უცნაური დეტალი“, - აცხადებს კიწმარიშვილი.

რუსთავი 2-ის დამფუძნებლის, ეროსი კიწმარიშვილის ცხედარი მისი საცხოვრებელი სახლის მიწისქვეშა ავტოსადგომზე, საკუთარ მანქანაში 15 ივლისს იპოვეს. გარდაცვალების ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს. თუმცა პროკურატურაში არ გამორიცხავენ, რომ ეროსი კიწმარიშვილის  გარდაცვალების საქმე  გადაკვალიფიცირდეს.

"თუ გამოძიების პერიოდში გამოიკვეთება სხვა ფაქტობრივი გარემოებები და დანაშაულის ნიშნები, მოხდება თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლის გადაკვალიფიცირება", - განაცხადა მთავარი პროკურატურის სპიკერმა კოკა კაციტაძემ .

მისი თქმით, ამოღებულია ყველა ვიდეომასალა, რომლის შენახვაც მოხერხდა. თუმცა არის გარკვეული ვიდეომასალა, რომლის ამოღებაც ვერ მოხერხდა, იმიტომ, რომ მისი ჩაწერა ვერ მოხერხდა ტექნიკური მოწყობილობიდან გამომდინარე. 

0

ავტორი: