10:55:15     23-02-2011
“ავღანური ჩიხი” და ქართველები
ავღანეთში კიდევ ერთი ქართველი სამხედრო, კაპრალი გიორგი ავალიანი დაიღუპა. ბედის ირონიით კი საქართველოს “პრინციპულმა” პარლამენტმა გუშინვე, თითქმის კოლექტიურად და ერთსულოვნად, ავღანეთში ქართული მისიის რაოდენობის გაზრდის საკითხზე თანხმობა განაცხადა. ცხადია, ალტერნატიული აზრი არც გაჭაჭანებულა. უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში ასატკიებელი თავი ვის აქვს, დეპუტატებს ოჯახი და წვრილშვილი ჰყავთ სარჩენი და თავმჯდომარიდან დაწყებული, ყველაზე უსახური დეპუტატით დამთავრებული, ჯორდანო ბრუნოს პოტენციალიც არავისთვის შეგვიმჩნევია. ამიტომ ეს გადაწყვეტილება მოულოდნელი არ ყოფილა.
ქართული პარლამენტი, მთავრობა და პარტია იქეთ იყოს და მოდით, ერთხელ კიდევ გადავხედოთ, რა ხდება დღეს იმ რეგიონში, სადაც ქართველები დროში უკანდახეულ ქვეყნის ნაწილში, გზის ყოველ მონაკვეთსა თუ მისახვევ-მოსახვევში დადარაჯებულ სიკვდილს თვალებში ჩაჰყურებენ.
მიუხედავად ბოლო დროს მიმდინარე მოლაპარაკებებისა, ავღანეთში სამშვიდობო პროცესი ჩანასახის დონეზეც კი არ არის. აშშ თავის დროზე ყველაზე დაუძინებლ მტერთან, სსრკ-სთანაც აწარმოებდა მოლაპარაკებებს და თალიბებთანაც რომ შეეცადოს საერთო ენის გამონახვას, რა გასაკვირიაო, აცხადებენ დასავლურ მედიაში, მაგრამ ამ “ეგზოტიკურ” ტერიტორიაზე იმდენი ეთნიკური ჯგუფი (პუშტუნებიდან დაწყებული და უზბეკ-ტაჯიკებით დამთავრებული) და ბანდა დათარეშობს, ცალ ხელში ყურანით და მეორეში მახვილით, რომ ყველა მათგანთან მოსალაპარაკებლად ალბათ ათწლეულები გახდება საჭირო.
აშშ ავღანეთში საკუთარ არმიაზე წელიწადში 100 მილიარდ დოლარს ხარჯავს. ამის შესახებ მიუნხენის კონფერენციაზე თავად ჰამიდ კარზაიმ განაცხადა. თუმცა, ფაქტია, რომ ამხელა ფინანსური რესურსების მობილიზების მიუხედავად, ქვეყანაში წინსვლა, პრაქტიკულად, არ იგრძნობა. კარზაი მსოფლიო საზოგადოებას თავს აცოდებს და სთხოვს, რომ მის ღარიბ სამშობლოს ინვესტიციები შეაწიონ, თუმცა, ძნელი წარმოსადგენია ამის სურვილი ვინმეს გაუჩნდეს. კამიკაძეები ბიზნესმენებში ნაკლებად მოიძებნებიან.
ამასობაში ევროპული თუ არაევროპული ქვეყნები, რომლებიც, ავღანეთთან მიმართებაში, ჯერ კიდევ მცირე ხნის წინ, სრულ უნისონში იყვნენ ამერიკის შეერთებული შტატების პოზიციასთან, თალიბების სამშობლოდან ნელ-ნელა “იპარებიან.” მიმდინარე და შემდეგი წლისათვის ავღანეთის დატოვებას გეგმავს ლიტვა, ახალი ზელანდია, ასევე გერმანია. ეს უკანასკნელი პროცესს 2011 წლის ბოლოს დაიწყებს და 2014 წელს დაასრულებს, ანუ გერმანული შეიარაღებული ნაწილების გაყვანა ეტაპობრივად მოხდება. დღეისათვის ავღანეთში 4,7 ათასი გერმანელი სამხედრო მსახურობს.
ქვეყნიდან წელსვე გავა პოლონეთიც. ამის თაობაზე განცხადება, ვარშავაში უკვე ოფიციალურად გაკეთდა. მედიის ინფორმაციით, ბრონისლავ კომოროვსკი მიიჩნევს, რომ პოლონელებმა ავღანეთის ტერიტორიაზე თავისი მისია უკვე შეასრულეს. პროცესი პოლონელების შემთხვევაშიც 2014 წლამდე გაგრძელდება, თუმცა მომავალი წლიდან მათი სამხედროები მხოლოდ ავღანელების წრთვნაშიღა მიიღებენ მონაწილეობას ინსტრუქტორების სახით, ანუ აღმოსავლეთ ევროპის ქვეყანა მძიმე ოპერაციებზე და საკუთარი ჯარისკაცების სასაცოცხლო რისკზე წასვლაზე ამის შემდეგ უარს აცხადებს.
შესაბამისად, ავღანეთის ანტიტერორისტული კოალიცია ნაციონალური შემადგენლობით შედარებით ნაკლებად მრავალფეროვანი ხდება. ლოგიკურად კი, დარჩენილებს კიდევ უფრო მეტი დატვირთვა მოუწევთ, ვიდრე აქამდე ჰქონდათ. ამ ნარკო-ტერორისტულ, ღატაკ ქვეყანაში მდგომარეობა გაუმჯობესების ნაცვლად უარესდება. ჯერ კიდევ იმის ალაგმვაც კი ვერ მოხერხდა, რომ მსხვილ ქალაქებში, მათ შორის ქაბულში, არ მოხდეს ისეთი ფაქტები, როცა კბილებამდე შეიარაღებული ტერორისტები თავს ესხმიან ოფიციალურ დაწესებულებებს, სასტუმრობს, ხოცავენ მშვიდობიან ავღანელებსაც და უცხოელებსაც.
აშშ-სთვის თალიბების პრობლემაზე მეტად ავღანეთში აქტუალური უფრო ის არის, რომ ეს მისთვის სტრატეგიული რეგიონია, სადაც მრავალრიცხოვანი ბაზები ირანის და რუსეთის სიახლოვესაა განთავსებული. ამასთან, ქვეყნის ტერიტორიაზე მოიპოვება 62 მილიარდი კუბომეტრი გაზის მარაგი, დაახლოებით 500 მილიონი ტონა ქვანახშირი, 15 მილიონი ტონა ნავთობი. იქვეა რკინის, სხვადასხვა ძვირფასი და ნახევრადძვირფასი ქვების, სპილენძის და სხვა საბადოები. მოკლედ, მსოფლიოს ზესახელმწიფოს ავღანეთი უღირს საბრძოლველად. აქ მშვიდობა რომ დამყარდებოდეს, უამრავი ორგანიზაცია მიაწყდებოდა ეკონომიკური გეგმებით, მაგრამ დღეს ეს მხოლოდ ფანტასტიკის სფეროა.
ამჟამად კი ავღანეთს სულ სხვა კუთხით უწევს “თავის გამოჩენა.” ორთოდოქსი და სასტიკი მუსლიმანების, თალიბების რეჟიმის დამხობის შემდეგ, ქვეყანა ნარკომაფიის ბუდედ გადაიქცა, რომელმაც სხვადასხვა პლატფორმაზე მდგარი სახელმწიფოები, მათ შორის აშშ, რუსეთი და თვით ირანიც გააერთიანა. ეს უკანასკნელი უკვე არმიის დონეზე ებრძვის მოძალებულ ნარკოვაჭრებს. წლების წინანდელი მონაცემები რომ მოვიყვანოთ, თუ მაგალითად, 2001 წელს ავღანეთში თალიბების რეჟიმის დროს მხოლოდ 185 ტონა ნარკოტიკი მოიყვანეს, 2002 წელს, უკვე ჰამიდ კარზაის მმართველობისას, ეს რაოდენობა 3,4 ათას ტონამდე გაიზარდა.
დღევანდელი მონაცემებით, მსოფლიოს ჰეროინის და ოპიუმის 90 პროცენტი ავღანეთში იწარმოება. ტაჯიკეთის და პაკისტანის გავლით კი ევროპასა და რუსეთში ხვდება. მაგალითად, ინგლისელი ნარკომანების უმრავლესობა მთლიანად ავღანური წარმოების ნარკოტიკებს მოიხმარს. სამხედრო ტექნიკით ლაბორატორიების განადგურებამ შედეგი არ გამოიღო. თანაც კოალიციის ჯარებიდან დამატებითი პასუხისმგებლობის აღება არავის სურს. მათ ურჩევნიათ, რესურსები თალიბების წინააღმდეგ ომებს მოახმარონ, ხოლო ნარკომანისთან ბრძოლას ადგილობრივი ხელისუფლების პრეროგატივად თვლიან.
ავღანეთი დღეს, ფაქტობრივად, ჩიხშია შესული, საიდანაც უკან გამოსასვლელი გზაც არ ჩანს. უპერსპექტივო და დაუსრულებელი ბრძოლა თალიბებთან ხელისუფლებისთვისაც მომაბეზრებელი გახდა და მოლაპარაკებების იშტაზე მოიყვანა. მაგრამ რომელი ერთ “ტომის ბელადთან” უნდა დაიწყოს ეს მოლაპარაკებები, არავინ იცის. გაეროს მონაცემებით, სიკვდილიანობა ავღანელ ბავშებში 55 % ით გაიზარდა. მათ ხშირად თვითმკვლელებად იყენებენ.
ავღანეთი მსოფლიოს ერთერთ ყველაზე საშიშ და არასტაბილურ ქვეყნად რჩება, სადაც თითოეული ადამიანის, ადგილობრივის თუ უცხოელის, სამოქალაქო თუ სამხედრო პირის სიცოცხლე, ყოველ წამს ბეწვზე ჰკიდია.
0