ცხოვრებისეული ბრძენი – არტურ შოპენჰაუერი ცხოვრებისეული ბრძენი – არტურ შოპენჰაუერი />


  17:32:48     22-02-2011

ცხოვრებისეული ბრძენი – არტურ შოპენჰაუერი

a3744.jpg

 ვისაც არტურ შოპენჰაუერი წაუკითხავს ქართულად, კითხვა გაუჩნდებოდა, ის უფრო  ფილოსოფოსი მწერალია თუ მწერალი ფილოსოფოსი.

როგორც მწერლებს, ისე ფილოსოფოსებს, მითუმეტეს, გერმანელებს, ქართველები ყოველთვის ძალიან კარგად თარგმნიდნენ. შესანიშნავი მთარგმნელობითი სკოლა გვაქვს და ამიტომ, ნაწაროებები თუ ნააზრევი უფრო გასაგები და ძვირფასი ხდება.  

ძნელია დაასახელო მეორე ისეთი დიდი მოაზროვნე, რომელსაც მასზე არანაკლებ დიდი მოაზროვნეების ცხოვრებაზე ისეთი დიდი გავლენა მოეხდინოს, როგორც ეს მოახერხა შოპენჰაუერმა.

არტურ შოპენჰაუერი დაიბადა 1788 წლის 22 თებერვალს, გდანსკში (დანცინგში), რომელიც რეჩ პოსპოლიტას მიეკუთვნებოდა.

რომანტიკოსი, ფილოსოფოსი, ირაციონალისტი მოაზროვნე, მიზანთროპი, როგორც უწოდებენ. შეისწავლიდა ემანუელ კანტს და აღმოსავლურ ფილოსოფიას, უპანიშადებს, ასევე სტოიკოსებს, ეპიქტეტს, ოვიდიოსს, ციცერონს და სხვებს. აკრიტიკებდა თავის თანამედროვეებს, ჰეგელს და ფიხტეს.

უწოდეს "პესიმიზმის ფილოსოფოსი", იმიტომ, რომ სამყაროს მოიხსენიებდა ლეიბნიცის სიტყვებით "ყველაზე ცუდად, შესაძლოთა შორის".

"ცხოვრების პირველი ნახევრისათვის ნიშნეულია ბედნიერების დაუოკებელი წყურვილი, მეორისათვის კი უბედურების შიში", წერდა დიდი მოაზროვნე. "ადამიანი მხოლოდ ხანდაზმულობისას იმსჭვალება ჰორაციუსისეული nil admirari-ით (ნურაფერი განგაცვიფრებს), ესე იგი, უშუალო, გულწრფელი და მტკიცე რწმენით, რომლის თანახმადაც ამ ქვეყნად ყველაფერი უბადრუკია, უაზრო და უშინაარსო; ქიმერები გაქრნენ, ადამიანს აღარ ჰგონია, რომ სადღაც, ქოხსა თუ სასახლეში, არსებობს რაღაც უჩვეულო, ენით უთქმელი ბედნიერება, გაცილებით უფრო დიდი, ვიდრე ის, რითაც თვითონ ტკბებოდა, სულიერი ტანჯვისა თუ ხორციელი ტკივილისაგან თავისუფალი..." 

მისი უმნიშვნელოვანესი ნაშრომია "სამყარო, როგორც ნება და წარმოდგენა". ამ ნაშრომის კომენტარებს სიცოცხლის ბოლომდე აკეთებდა.

მისმა მეტაფიზიკურმა ანალიზმმა ნებისა, მისმა შეხედულებებმა ადამიანების მოტივაციაზე და სურვილებზე და აფორიზმულმა სტილმა წერისა დიდი გავლენა იქონია, როგორც ზემოთ ვთქვით, ბევრ დიდ მოაზროვნეზე, მათ შორის ნიცშეზე, რიჰარდ ვაგნერზე, შრედინგერზე, აინშტაინზე, ფროიდზე, ოტო რანკზე, კარლ იუნგზე, ლევ ტოლსტოიზე და ხორხე ლუის ბორხესზე.

დასავლური და აღმოსავლური აზროვნებისა და წვდომის, რაციონალურისა და ინტუიტურის სინთეზი, შეუძლებელის შესაძლებლობა. ალბათ, ასეც შეიძლება ეწოდოს მის წარმოდგენებს. სამყაროსეული, გარეგანი გამოცდილების გარდა, რომელზეც ეყრდნობა რაციონალური ცოდნა, ხომ არსებობს შინაგანი გამოცდილებაც, ინტუიციაც, რომელიც ლოგიკურ აზროვნებაზე უფრო ადრეულია. ამიტომ, გონება უნდა ეყრდნობოდეს ინტუიციასაც, უნდა იყოს შევსებული მისით.

არტურ შოპენჰაუერის მამა განათლებული პიროვნება იყო, უყვარდა ვოლტერი და განმანათლებლები. დედა ძალიან ახალგაზრდა ჰყავდა. 9 წლის ასაკში მამამ საფრანგეთში წაიყვანა და 2 წლით დატოვა ნაცნობის ოჯახში. 1799 წელს მოეწყო რუნგეს კერძო გიმნაზიაში. შემდეგ ნახევარი წელი ინგლისში, უიმბლდონში სწავლობდა.

1809 წელს დაიწყო მუშაობა სავაჭრო კომპანიის კანტორაში, ჰამბურგში. იმავე წელს საეჭვო ვითარებაში დაეღუპა მამა. 

1809 წელს ჩააბარა გოტინგემის სამედიცინო უნივერსიტეტში, ქვემო საქსონიაში. 1811 წლამდე ამ ქალაქში ცხოვრობდა. მერე გადავიდა ბერლინში. 1812 წელს იენის უნივერსიტეტმა დაუსწრებლად მიანიჭა ფილოსოფიის დოქტორის წოდება.

1819 წელს გამოაქვეყნა თავისი ნაშრომი "სამყარო, როგორც ნება და წარმოდგენა". მელე დოცენტი გახდა და ბერლინის უნივერსიტეტში ასწავლიდა.

შესანიშნავად იცოდა ლათინური, ინგლისური, ფრანგული, იტალიური და ესპანური ენები.თავის ჯანმრთელობას მეტისმეტად უფრთხილდებოდა, ამიტომ, 1831 წელს, ქოლერის ეპიდემიის გავრცელების გამო, შეშინებული მაინის ფრანკფურტში გადავიდა საცხოვრებლად.

1839 წელს მიიღო ნორვეგიის სამეფოს სამეცნიერო საზოგადოების პრემია საკონკურსო ნაშრომისათვის "ადამიანის ნების თავისუფლების შესახებ". 1844 წელს გამოსცა თავისი წიგნის, "სამყარო, როგორც ნება და წარმოდგენა", ახალი, შევსებული რედაქცია.  

რიჰარდ ვაგნერმა თავისი ოპერებიდან არტურ შოპენჰაუერს უძღვნა "ნიბელინგების ბეჭედი".
მარტოსული ფილოსოფოსი, ცხოვრებაშიც მარტოხელა დარჩა. გულგრილად უყურებდა მატერიალურ ფასეულობებს. "ჩემმა ფილოსოფიამ ბევრი ფული ვერ მაშოვნინა, სამაგიეროდ ბევრ ხარჯს ამაცილაო", ამბობდა ფილოსოფიურად.

როგორც ამბობენ, ძალიან ეჭვიანი და პატივმოყვარე იყო (ჩვენი აზრით, იცოდა თავის ფასი და იმიტომ), მიზანთროპი. ყველაზე მეტად თავის კაბინეტში მუშაობა უყვარდა, სადაც ედგა კანტის ბიუსტი და ბუდას ტიბეტური ბრინჯაოს პატარა ქანდაკება. კედელზე ეკიდა გოეთეს, დეკარტისა და შექსპირის პორტრეტები. კედლებზე ეკიდა 16 გრავიურა ძაღლების გამოსახულებით.

შოპენჰაუერს თუ კარგად წაიკითხავენ ადამიანები, უფრო მეტად ეცდებიან მატერიალურად უზრუნველყონ მოხუცები, რადგან "სიღარიბე მოხუცებულობაში უფრო აუტანელია".

"ვინც ჩასწვდა ჩემო მოძღვრების არსს, მან იცის ჩვენი ყოფის ნამდვილი ფასი, იცის, რომ აჯობებდა სულაც არ ვყოფილიყავით, და რომ უდიდესი სიბრძნე არსებობის უარყოფაა, – ამიტომაც ბევრს არაფერს მოელის არცერთი საგნისა თუ მოვლენისაგან, არაფერს მიელტვის ვნებიანად და არც ხელის მოცარვისას დრტვინავს, სავსებით იზიარებს პლატონის სიტყვებს: "ამ ქვეყნად არაფერია დიდი ძალისხმევის ღირსი" ("სახელმწიფო", X, 604), ისევე, როგორც პოეტ ანვარის აზრს: "ხელიდან გამოგეცალა ქვეყნის მეუფება? – ნუ სწუხარ: არაფერია. ხელთ იგდე ქვეყნის მეუფება? – ნუ ხარობ: ეგეც არაფერია. წარმავალია ბედნიერებაც და უბედურებაც; მაშ, შენც მშვიდად ჩაუარე გვერდით სამყაროს: სამყაროც არაფერია".

"გონიერების გამოჩენა იმასა ნიშნავს, რომ ნართულად გაუსვა ხაზი სხვის უნიჭობას და უტვინობას. ეგეც არ იყოს, ბიწიერსა და ბილწს ყოველთვის აღაშფოთებს თავისი ანტიპოდის დანახვა, და ამ აღშფოთებისას იდუმალი წამქეზებლის როლს ასრულებს შური. ყოველი ფეხის ნაბიჯზე შეიძლება შევნიშნოთ, რომ პატივმოყვარეობის დაკმაყოფილება ყველაზე დიდი სიამოვნებაა კაცთათვის,..

... თუ სიმდიდრე და გავლენა ყოველთვის მოწიწებას იწვევს ხალხში, სულიერ ღირსებას არ შეიძლება ამისი იმედი ჰქონდეს; უკეთეს შემთხვევაში მას უგულებელყოფენ, უმეტესწილად კი ერთგვარ თავხედობად, ან რაღაც უკანონო გზით შეძენილ თვისებად თვლიან... საადი "გოლესთანში" ამბობს: იცოდეთ, უგუნურებს ათასჯერ უფრო სძულთ გონიერი, ვიდრე გონიერს – უგუნური".

"ვინც ამ ქვეყნად იმისთვის მოვიდა, რომ დიადი ჭეშმარიტება გაანდოს ადამიანებს, შეუძლია ბედნიერად თვლიდეს თავს, თუკი საღსალამათი დარჩა".

დიდი მოაზროვნე გარდაიცვალა 1860 წლის 21 სექტემბერს პლევმონიით. საფლავის ქვაზე წააწერეს მხოლოდ ორი სიტყვა – არტურ შოპენჰაუერი.

0

ავტორი: