12:09:31     07-07-2014
რატომ დაჭრა „ქართული ოცნების" სიის მეორე ნომერმა მისივე თანაპარტიელი? (დეტალები ფოთიდან)
შინაგან საქმეთა სამინისტროს პრეს-სამსახურში ფოთის საკრებულოს წევრის, თამაზ სოსელიას მიერ მოქალაქე გენადი ბელქანიას დაჭრის ფაქტს ადასტურებენ. როგორც „პრესა.ჯი“-ს უწყებაში განუცხადეს, გამოძიება სს კოდექსის 117-ე მუხლით მიმდინარეობს. ფოთის საკრებულოს წევრობის კანდიდატი, "ქართული ოცნების" სიის მეორე ნომერი კი დაკავებულია. დაჭრა პარასკევს მოხდა, სოსელიამ ბელქანიას დანით ჭრილობა ყელის არეში მიაყენა. ამ დრომდე უცნობია რა გახდა დაპირისპირების მიზეზი.
ფოთის მერობის კანდიდატი "ქართული ოცნებიდან" ირაკლი კაკულია მომხდარზე კომენტარს არ აკეთებს. კომენტარზე უარს აცხადებენ ოჯახის წევრები და კოალიციის ადგილობრივი წარმომადგენლებიც. რაც შეეხება დაჭრილს, ბელქანია ფოთიდან იმავე საღამოს კატასტროფის ბრიგადამ ქუთაისის ინტერვენციულ საავადმყოფოში გადაიყვანა.
მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია. კლინიკის პერსონალი პაციენტის ჯანმრთლობის შესახებ დამატებით კომენტარს ოჯახის კატეგორიული მოთხოვნის საფუძველზე არ აკეთებს. „ვადასტურებთ რომ პაციენტი ჩვენ კლინიკაში იმყოფება, სხვა საკითხებზე არ გვაქვს უფლება ვისაუბროთ“,- განუცხადეს „პრესა.ჯი“-ს ქუთაისის ინტერვენციულ საავადმყოფოში.
ფოთის საკრებულოში თამაზ სოსელია "ქართული ოცნების" სიით მეორე ნომრად შევიდა. ის ფოთში "თავისუფალი დემოკრატების" წარმომადგენელია. სოსელია წინა წლებში, "კონსერავტორების" ფოთის ორგანიზაციას, ხოლო უფრო ადრე "თავისუფალი საქართველოს" ფოთის ორგანიზაციას ხელმძღვანელობდა. თამაზ სოსელია ფოთის ყოფილი მერის დავით სარსანიას ყოფილი სიძეა.
„პრესა.ჯი“ მომხდარის შესახებ დავით სარსანიას ესაუბრა.
„პრესა.ჯი“: რა იცით დაჭრის შესახებ?
დავით სარსანია: თამაზ სოსელია და ბელქანია მეზობლები არიან. მოპირდაპირე სახლებში ცხოვრობენ. მსოფლიო ჩემპიონატს ერთად ადევნებდნენ თვალ-ყურს. როგორც გავიგე იმ დღესაც ერთად უყურებდნენ ფეხბურთს. ორივე ნასვამ მდგომარეობაში ყოფილა, რა დროსაც მოუვიდათ კონფლიქტი და სოსელიამ მისივე მეზობელი დაჭრა.
- სოსელიასთან ნათესაური კავშირი გაკავშირებდათ?
- დიახ, ის ჩემი ყოფილი სიძეა...
- ამბობენ, რომ ოჯახში სისასტიკით გამოირჩეოდა...
- ყველა ადამიანს ინდივიდუალური ხასიათის გამოვლენა შეუძლია. მე მასთან ურთიერთობა კარგა ხანია არ მქონია...
„პრესა.ჯი“ ფოთის საკრეულოს თავმჯდომარის მოადგილეს მაგა მენაბდესაც ესაუბრა.
მაგდა მენაბდე: "საკრებულოში თამაზ სოსელია "ქართული ოცნების" სიით მეორე ნომრად შევიდა. წარსულში იყო პოლიციელი. გამოირჩევა თავისებური ხასიათით. ფაქტია რომ ამ ადამიანმა მისივე თანაგუნდელი ლამის მოკლა".
0